დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩიკაგოდან მიღებული იმედი
2012/05/28 13:32:21

20-21 მაისს ჩიკაგოში გამართული ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის შედეგებით ქართული მხარე იმდენად კმაყოფილია, რომ, ალბათ, ნატოში, სულ მცირე, 2013 წელს მაინც შევალთ...

 

ბრაც შეეხება სამიტს, იგი ჩვეული სერიოზულობით ჩატარდა. როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, ნატოს კარი ღიაა და ეს ფაქტი ნატოს ხელშეკრულებაშია ჩადებული: „მეათე მუხლში ნათლადაა აღნიშნული, რომ ალიანსს შეუძლია, შესთავაზოს წევრობა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილის შეტანა და ალიანსის პრინციპების გაზიარება,“ - აღნიშნა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.

ნატოს კარი რომ ღიაა, კარგია, მაგრამ საქართველო შეძლებს იმ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას, რომელიც ზემოთ კომენტარშია აღნიშნული?

მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტი და პოლიტიკური ელიტა კმაყოფილია ჩიკაგოს სამიტით და მომავალ გეგმებსაც აწყობს.

„ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ნატოს რამდენიმე სამიტს ვესწრებოდი, რომელთაგან ყველა მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ეს სამიტი ყველაზე წარმატებული და ახალი იდეებით სავსე აღმოჩნდა. არასოდეს მინახავს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ასეთი ერთსულოვნება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამიტის დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტის განცხადებით: „ჩვენი ქვეყანა ნატოს იდეების ერთგულია, გამოკითხვების მიხედვით, ჩვენი ხალხი ერთსულოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხოების შემქმნელი და არა, უბრალოდ, მომხმარებელი.“

საინტერესოა, თავად ხალხი რას ფიქრობს ამის შესახებ, სჯერათ თუ არა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი? ან როდის დადგება ის დღე, როცა სრულფასოვნად შეგვეძლება, განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვართ ალიანსის წევრი ქვეყანა?

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე ნატოს სამიტთან დაკავშირებით ამბობს:

„სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. მართალია, ეს სტატუსი გასული წლის დეკემბერში, მინისტერიალზე მოგვანიჭეს, მაგრამ ჩიკაგოში ამ სტატუსის მყარად მოხსენიება მოხდება. ამას გარდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამიტზე საქართველოსთვის იმ კონკრეტული  მექანიზმის შეთავაზება მოხდება, რითაც ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს. ეს არის ის მაქსიმალური წარმატება, რასაც ჩიკაგოში საქართველო მიაღწევს.

ქვეყანა ალიანსის წევრი დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში გახდება, თუმცა, ამისთვის კონკრეტული ამოცანების შესრულება დაგვჭირდება. კერძოდ, რეფორმების გატარება იქნება საჭირო თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ხელისუფლების ბალანსის დაცვით და, რაც მთავარია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა საპარლამენტო არჩევნებს ენიჭება.“

საინტერესოა რას ფიქრობს ხალხი ნატოში ინტეგრაციის დროზე? გაზეთი  „P.S.“ მოსახლეობას გაესაუბრა:

გივი ფხაკაძე, 50 წლის: „სიმართლე გითხრათ, შვილო, ცუდი არ იქნება. უბრალოდ, ეგ როდის მოხდება, ვინ იცის! არის საქართველო დღეს იმ დონეზე, რასაც ნატოს სტანდარტები ითხოვს? მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ კიდევ დიდ ხანი მოგვიწევს ნატოს კართან ლოდინი“.

ნათელა ჭუმბურიძე, 45 წლის იურისტი: „ვფიქრობ, რომ საქართველო ზუსტად იქით მიიწევს, რასაც ჰქვია ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება. ჩემი აზრით, დიდი დრო არ არის მაგ დღემდე“.

ილია ვაშაყმაძე, სტუდენტი: „კარგად ვიცნობ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პირობებს, ჩემი აზრით, შესაძლოა, ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ მაგას დრო დასჭირდება. დღეს, ვფიქრობ, საქართველო არ არის მზად იმისათვის, რომ მან ნატოს წევრი ქვეყნების სიაში ამოიკითხოს თავისი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის სპეცოპერაციებში აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ეს კიდევ ერთი ნაბიჯია წინ გადადგმული“.

დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველო, შეიძლება დავასახელოთ, როგორც ნატოს პოტენციური წევრი ქვეყანა, რასაც თავად ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს.

„საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი, თუმცა ნატოსკენ მიმავალი გზა არ არის ადვილი“ - ასეთი განცხადება გაავრცელა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩოკაგოს სამიტის შემდეგ, საკუთარი Facebook-ის გვერდზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია