დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სიმინდის (ღ)ომი ქართულ პოლიტიკაში
2011/10/10 12:22:13

გასულ კვირას, პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ჰიბრიდული სიმინდის მოსავლიანობაზე იმსჯელეს. მთავრობა წლევანდელი სიმინდის მოსავლით კმაყოფილია, ოპოზიცია კი უკმაყოფილო.

 

სხდომაზე პოლიტიკოსები საილუსტრაციოდ მომარაგებული სიმინდის ტაროებითაც კი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

 

რა მდგომარეობაა ამ მხრივ იმერეთში?

კობა კანდელაკი, სამტრედიის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი: - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმერეთის სხვა რაიონებთან შედარებით, სამტრედიაში ჰიბრიდული სიმინდის ყველაზე კარგი მოსავალი გვაქვს. მართალია, იყო რიგი პრობლემები, მაგრამ ეს ყოველთვის მოსდევს ნებისმიერ საქმეს.

- რამდენ ჰექტარზე დაითესა სიმინდი?

- 700 ჰექტარზე. და აქედან 90%-მა გაამართლა. სოფელ ეწერში მცხოვრებმა ლევან წიქვაძემ ჰექტარზე 16 ტონა მოიწია. სიმართლე გითხრათ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე, ვერ დავიჯერე ეს. მრავლად არის, 12, 11, 10 ტონიანი მოსავალი.

- როგორც ვიცით, იყო ადგილები, სადაც სიმინდის მოსავალი ჩავარდა...

- იყო, რა თქმა უნდა, ჩავარდნებიც. მაგრამ ეს უფრო უცოდინარობისა და მოუვლელობის გამო. გლეხმა შეიძლება არ იცოდა, როგორ მიეხედა მიწისთვის. ანუ მიწა შესწავლილი არ ჰქონდა სათანადოდ. გვარჯილას ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ სიმინდისთვის.  ამ დროს კი ის ჰიბრიდულს შეიძლება არც დასჭირდეს. მე მინდა მივმართო ფერმერებსა და გლეხებს: მიწა შეამოწმონ ლაბორატორიულად. ეს ძალიან მარტივი პროცესია. მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას ამის შესახებ ინფორმაცია აკლია. თუმცა ჩვენ ვარიგებდით ბუკლეტებს, ბროშურებს, სოფლების ტერიტორიულ ორგანოებში გავაკარით განცხადებები. კიდევ ვიმეორებ, მოსავლიანობა იქ ჩავარდა, სადაც მიწა სათანადოდ ვერ დამუშავდა. თესვა ძალიან სწრაფად მოხდა და ფერმერების მცირე ნაწილმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგო, როგორ უნდა მიეხედა ამ სიმინდისთვის. ზოგმა ის ჩვენი სიმინდის მსგავსად დათესა. მომავალი წლისთვის ეს პრობლემა აუცილებლად გამოსწორდება. ჩვენ თვითონ დავეხმარებით მათ ამის დეტალურად ახსნაში. უმეტესად რიონისპირზე დაითესა. ყველაზე მეტი კი - კოპიტნარში, ბაშში, საჯავახოში, აქ ერთ-ერთმა ფერმერმა 65 ჰექტარი დათესა.

- ეხმარება თუ არა მოსახლეობას სახელმწიფო სიმინდის რეალიზებაში?

- რა თქმა უნდა, სახელმწიფო ეხმარება. ახლა ამ სიმინდზე შედარებით ნაკლები მოთხოვნაა, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მსგავსად, სხვა ქვეყნებმაც აიღეს.

- ამ ყველაფერმა ფასზე იმოქმედა?

- დიახ, როგორც ვიცი, ფასმაც დაიწია. ვინც პირველად აიღო წელს სიმინდის მოსავალი, მათ მაღალ ფასად გაყიდეს. ამ წუთისთვის კი ფასმა დაიკლო, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. სულ მალე ისევ აიწევს. თურქებს, ირანელებს, აზერბაიჯანელებს მიაქვთ ეს სიმინდი და, შესაბამისად, კლიენტიც ყავთ. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ეხმარება გლეხებს მათ გასაღებაში.

ვისაც სიმინდის დიდი მოსავალი აქვს, მათთვის გამოვყავით აბაშის საწყობი. ანუ ბეღელი დავარქვათ, თვის ბოლოდან შევიდა ექსპლოატაციაში და იქ შეუძლიათ სიმინდის შენახვა. დანარჩენებს, ჩვეულებრივ, თავიანთ ბეღელში შეუძლიათ შეინახონ.

- საშუალოდ რა ღირს ტონა სიმინდი?

- 550, 650, 750 დოლარს სთავაზობენ ტონაზე. შესაბამისად, არ არსებობს, ეს სიმინდი რომ არ გასაღდეს.

- მოსახლეობა იღებდა სესხებს, ვისთანაც არ გაამართლა სიმინდმა, მათთვის მაინც იქნება გადასახადი?

- სესხი უკვე ბანკის პრეროგატივაა. მე გეტყვით იმას, რომ ერთ ჰექტარ სიმინდზე 7 თვის ვადით თანხა უნდა გადაიხადონ. ვისაც სიმინდი გაუფუჭდა, მათთვის რაღაც მნიშვნელოვანი დათმობები იქნება. იყო შემთხვევები, როცა მატლმა შეჭამა სათესლე მარცვალი და რამდენიმე ნათესი ფაქტიურად განადგურდა. ოღონდ ეს არ ყოფილა საკარანტინო მატლები, თორემ მთელ რაიონს მოედებოდა.

- რა სახის მატლებს გულისხმობთ და რა ზომები მიიღეთ მის გასანადგურებლად?

- რაღაც ახალი ჯიშის მატლებია, რომელიც ამ სიმინდს შეესია, მათი განადგურება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა. შესაბამისად, ზომებიც მიღებული იქნა. და, როგორც ვერტმფრენით, ისე ინდივიდუალურად მოხდა ნაკვეთების დამუშავება. პატრონებმაც თავიანთი ძალები, პროფილაქტიკის მიზნით შეწამლეს.

- მოსახლეობა ტექნიკის ნაკლებობას უჩიოდა...

- მოხდა ის, რომ სიმინდის თესვის დროს ძალიან გახშირდა წვიმები. შესაბამისად, როცა გამოიდარა, ყველამ ერთდროულად დაიწყო თესვა და ამიტომაც ცოტა პრობლემა შეიქმნა ტექნიკის მხრივ. გაისად ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება და ყველა ის ნიუანსები იქნება გათვალისწინებული, რაც მოსახლეობისთვისაა საჭირო ისინი მეტ ინფორმაციასაც მიიღებენ და ჩვენც მაქსიმალურად ჩავერთვებით ამ პროცესში. წელს მაინც პირველად დაითესა და იყო გაუთვალისწინებელი რაღაცეებიც, ოღონდ ძალიან მცირედი.

როგორ აფასებენ სიმინდის წლევანდელ მოსავალს თავად ფერმერები?

ვიქტორ მეფარიშვილი, სამტრედიის რაიონი, სოფელი გომი: - სიმინდის მოსავალი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 7 ჰექტარი მიწა დავამუშავეთ, სადაც დაახლოებით 65 ტონა სიმინდი მოვიწიე. ანუ ერთ ჰექტარზე 9 ტონა. ჩვენთან ისეთი ნიადაგია, რომ ამ სიმინდს არ უჭირს და კარგ მოსავალს იძლევა. უკვე მესამე წელია ვთესავ და, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებ. მაგრამ ფასების დაწევის გამო სიმინდის რეალიზაციის პრობლემა შეგვექმნა, თუმცა, როგორც გვპირდებიან სულ მალე ფასები დარეგულირდება. საქართველოში წელს ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი ჩვენ პირველებმა ავიღეთ. ეს იყო აგვისტოს შუა რიცხვებში.

ჯოტო ნიქაბაძე, წყალტუბოს რაიონი. სოფელი ფარცხანაყანები: ჰიბრიდული სიმინდი ერთ ჰექტარზე გვქონდა დათესილი. მოსავალი ძალიან მცირეა. დაახლოებით ნახევარ ტონამდე. სიმინდს სამჯერ ჩავუტარე კულტივაცია, სასუქი 5 ტომარა მივეცი, თუმცა - ამაოდ. ჩვენს ნიადაგზე ამ სიმინდმა არ იხეირა. უფრო გვალვებს ვაბრალებ, რადგან სამი თვის განმავლობაში წვიმა საერთოდ არ მოსულა. ფარცხანაყანები ისეთი სოფელია, სადაც ზაფხულობით წვიმა იშვიათად მოდის. თან ხრეშიანი მიწაა. სარწყავი სისტემა არ გვაქვს. თორემ ჰიბრიდული სიმინდი ისეთია, აუცილებლად მოგვცემდა მოსავალს. გასასტუმრებელი მაქვს სათესლე სიმინდის დაახლოებით 300 ლარი. არა მგონია, ხელისუფლებამ ეს ვალი შეგვარჩინოს. ალბათ, პენსიის მეშვეობით ჩაიქვითავენ.

ალეკო ნუცუბიძე, სოფელი ფარცხანაყანები: - 5 ჰექტარი მქონდა დათესილი. ამინდმა, ბუნებამ, ყველაფერმა ერთად შეგვიშალა ხელი. 500 კილო სიმინდსაც  კი ვერ მოვიწევ. დაახლოებით 5650 ლარი გვაქს ნახარჯი. რას ველოდები, მხოლოდ ზარალში ვარ. რა მოგებაზეა ლაპარაკი. არც ინფორმირებულები ვყოფილვართ. ერთხელ ჩამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი და სიმინდის დათესვის ტექნოლოგიებზე ვგვესაუბრა, მაგას უნდა სარწყავი სისტემა, რომელიც ფარცხანაყანებს არ გააჩნია. რა არ ვუქენი სიმინდს, 4-ჯერ შევწამლე ბალახი, მაგარმ მაინც დაესია მატლები. მოკლედ, ჩემს ყანაში ჩასვლა არ ღირს. მუშა რომ დავიქირავო, 15 ლარი უნდა დღეში, სად მაქვს კიდე მაგის ფული, მივატოვებ და იყოს პირუტყვებისთვის. აგერ ჩვენმა გამგებელმა 5 ჰექტარზე 38 ტომარა სასუქი მოაყარა და ერთი ტონაც ვერ მოიწია. არა ვართ კმაყოფილები, არც მომავალში დავთესავთ. თუმცა არის რაიონები სადაც გაამართლა ამ სიმინდმა, მაგალითად, სამტრედიის რაიონს ვგულისხმობ.

გელა ხარაბაძე, წყალტუბოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: ჰიბრიდული სიმინდი ერთ ჰექტარზე მეთესა. სიმართლე რომ გითხრა, მოვლა დავაკელი და მოსავალიც ვერ მოვიწიე. ამ სიმინდმა ზოგან გაამართლა, ზოგან - არა.

ჩვენთან ეს სიმინდი ბიზნესისათვის არავის დაუთესია, მხოლოდ ოჯახისათვის მოიყვანეს გლეხებმა. მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა რეგიონებში კმაყოფილია მოსახლეობა. ნაწილობრივ ჩვენთანაც არის კარგი მოსავალი. კონკრეტულ მისამართს მოგცემთ და იქ მიბრძანდით.

 

***

ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს „აგრარიკოსთა მოძრაობის“ თავმჯდომარეს ანდრო ხეთერელს.

- ბატონო ანდრო, ჩვენ იმერეთის რამდენიმე სოფელში ჩავედით, ერთგან კარგი მოსავალია ჰიბრიდული სიმინდის, დაახლოებით ჰექტარზე რვა ტონა, მეორეგან - ერთი ტონაც არ არის. რამ განაპირობა ასეთი სხვაობა?

- რადგან ერთ ადგილას მოსავლის რაოდენობა დამაკმაყოფილებელია და მეორეგან - არა, ეს გამორიცხავს ვერსიას თესლის უხარისხობის შესახებ. სიმინდის მოსავლიანობა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის აგროტექნიკაზე, ანუ მოვლაზე, ნიადაგის ტიპზე, ფართობის მდებარეობასა და სხვა ბუნებრივ კლიმატურ ფაქტორზე. სრულიად დასაშვებია, რომ ჩემს მიერ ნახსენები ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთის არ არსებობის გამო დაფიქსირდა ასეთი სხვაობები მოსავალში.

- სანამ სიმინდს დათესდნენ გლეხები, ინფორმირებულები იყვნენ თუ არა მისი მოყვანის წესებზე? როგორც ვიცით, ჩვენი სიმინდისგან განსხვავებით, სხვა წესებით მოვლა სჭირდება ჰიბრიდულს. თუ შეგიძლიათ, რომ მოკლედ აუხსნათ გლეხებს, თუ როგორ უნდა მოუარონ სიმინდს?

-  სიმინდის წარმოების შესახებ მოკლედ ახსნა შეუძლებელია. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, თუ არ ვცდები, გარკვეული კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ მწარმოებლებს. არის ასეთი კომპანია: საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია. იგი უწევდა კურირებას შესაბამის კონსულტაციებს. გარდა ამისა, კონსულტაციების გაცემის საქმეში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი რაიონში ახლადდანიშნული აგრონომები, სიმინდის წარმოების ჩვენეულ სქემას, რაც შეეხება, ეს საკმაოად ფართო ინფორმაციაა და შეუძლებელია ერთი დასმული კითხვის ფარგლებში, რამდენიმე აბზაცით გამოისახოს.

- საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წლევანდელი სიმინდის მოსავალი ჩავარდა. თქვენი შეფასება მაინტერესებს, გაამართლა თუ არა ჰიბრიდის წარმოებამ საქართველოში?

- ეს პროექტი პირობითად შეიძლება ორ ეტაპად დავყოთ: აგრონომული და ეკონომიკური. ამ ეტაპზე მთავრდება პროექტის აგრონომული ეტაპი და შესაძლებელია ითქვას, რომ აგრონომული თვალსაზრისით ეს პროექტი წარმატებული გამოდგა. უმრავლესობამ მიიღო კარგი მოსავალი. რა თქმა უნდა, არსებობს ფერმერთა კატეგორია, რომელთაც ვერ მიიღეს სასურველი შედეგი, მაგრამ ეს სრულიად მოსალოდნელი ფაქტორია. ვიღაც კმაყოფილია, ვიღაც - არა. მთავარი ისაა, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით უმრავლესობა კმაყოფილია სიმინდის ჰიბრიდების მოსავლით. რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, ანუ ეკონომიკურ მხარეს, ის ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ პროექტის სრული შეფასება. ახლა მთავარი ამოცანაა სიმინდის რეალიზაცია მოხდეს ისეთ ფასად, რომ მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბოს წარმოებაზე დახარჯულ თანხებს.

- ამბობენ, რომ ჰიბრიდული სიმინდი გენმოდიფიცირებულია. რამდენად მართალია ეს მოსაზრება?

- ეს მოსაზრება არის აბსოლუტურად მცდარი. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ძალიან ადვილია გადამოწმება თვითონ სიმინდის მწარმოებელ კომპანიასთან, რომლის ინტერესებშიც არანაირად არ შედის ტყუილის თქმა. ეს სიმინდი არის ჰიბრიდი    ანუ    შემოტანილი      იქნა   სიმინდის    რამდენიმე    დასახელების ჰიბრიდი, რომელიც იყიდა მოსახლეობამ. ჰიბრიდსა და გენმოდიფიცირებულ ჯიშს შორის კი არის ძალიან დიდი, ფუნდამენტალური განსხვავებები. სიმინდის ასეთი ჰიბრიდებით მინიმუმ ბოლო 10 წელი გაჯერებულია ქართული ბაზარი და მათ გაყიდვას არ მოჰყოლია არანაირი აჟიოტაჟი. ახლანდელ აჟიოტაჟს აქვს პოლიტიკური ხასიათი და მას არ უმაგრებს ზურგს არანაირი რაციონალური არგუმენტი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია