დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნანატრი მიკროავტობუსი
2009/07/22 07:14:46

როგორ იტანჯებიან უტრანსპორტობით წყალწითელას პანსიონს შეფარებული დევნილები

აფხაზეთიდან დევნილები წლების წინ ტყვიების ზუზუნში ათენ-აღამებდნენ. მათ ომი, შიმშილი, მარტოდ დარჩენის შიში და უამრავი რამ გადაიტანეს. დარჩნენ უსახლკაროდ, თუმცა დროებითი თავშესაფრები მაინც იპოვეს, სადაც პრობლემები დღემდე მოსვენებას არ აძლევთ.    

წყალწითელას ინვალიდთა პანსიონს 17 წელია, რაც აფხაზეთიდან დევნილები აფარებენ თავს. მოსვლის დღიდან, სხვა პრობლემებთან ერთად, განსაკუთრებით უტრანსპორტობა აწუხებთ. მათი თქმით, ადრე, დაახლოებით 3-4 წლის წინათ, სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში, პანსიონამდე შემოდიოდა 32 ნომერი მიკროავტობუსი. პარალელურად 7 ნომერი მიკროავტობუსიც მოძრაობდა. დევნილების თქმით, მძღოლებმა იკამათეს, უფრო სწორად, 7 ნომრის მძღოლი არ აძლევდა საშუალებას ?32 მიკროავტობუსის მძღოლს, რომ ემუშავა. საბოლოოდ, 32 ნომრის სვლაგეზი მალე შეწყდა. დევნილებს კი, საფიჩხიამდე, არც თუ მცირე გზის ფეხით გავლა უწევთ, ან საათობით ლოდინი და ნატვრა: „ნეტავ, მალე მოვიდოდეს მარშრუტი.“ ცდა, ამ დრომდე, ფუჭი და უსარგებლოა, ან მარშრუტი არ აჩერებს და აგრძელებს გზას, ან დევნილები, როგორც თვითონ გვითხრეს, იმედგაცრუებულები და ცხოვრებისგან გატანჯულები, ფეხით აუყვებიან ხოლმე საკმაოდ გრძელ აღმართს.

„17 წელია, აქ ვარ. ადრე იმდენად არ მიჭირდა ფეხით სიარული, მაგრამ უკვე მოვხუცდი, შვილო... საავადმყოფოში ანალიზების ასაღებად ვერ მივდივარ, 7 ნომერი მარშრუტი გოდოგნიდან რომ ჩამოდის, მთლიანად გადაჭედილია. მძღოლი ყურადღებასაც არ მოგაქცევს, შუა გზაზეც რომ დადგე და შეეხვეწო, მაინც არ გაგიჩერებს. რომც შეხვიდე, ფეხის დასადგმელ ადგილს ვერ იპოვი... ამას წინათ, სანამ გული არ წამივიდა და არ შევწუხდი, დასაჯდომი ადგილი, ამ ხნის ქალს, არავინ დამითმო... მინდა ამაღლების ეკლესიაში წავიდე, ვილოცო ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ ფეხით ვერ მივდივარ, ტაქსისთვის გადასახდელი ფული კი მე არ მაქვს.... არ მინდა ამ დიაბეტიანმა ქალმა სული მაგ დახუთულ მარშრუტში დავლიო, რაც გადავიტანე, ისიც მეყოფა. იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება და ერთი სამარშრუტო ავტობუსი მაინც შემოვიდეს პანსიონამდე, რომლითაც ნორმალურად ვიმგზავრებთ,“ - გვათხრა 85 წლის თამარ აშორდიამ.

„#7 მიკროავტობუსი, რომელიც დიდი ხანია დანიშნულია, ვარლამიშვილის მოედნიდან საფიჩხიის მოედნის გავლით პირველ რიგში უნდა ჩადიოდეს პანსიონატში. ამ წუთას თუ ერთი მიკროავტობუსი  მუშაობს და მით უმეტეს პანსიონამდეც არ ჩადის, ეს დარღვევაა. მე გავცემ განკარგულებას ჩემი სამსახურის ჯგუფზე, რომელიც მუშაობს გარეკონტროლზე და გადამზიდავს „ტაქსს“ (7 ნომერი მიკროავტობუსის მფლობელი), შემოწმების შედეგად თუ აღმოაჩნდა დარღვევა, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში 100 ლარს ოდენობით დავაჯარიმებ, განმეორების შემთხვევაში - 200 ლარის ოდენობით. საბოლოოდ კი მივაღწევთ იმას, რომ როგორც ხელშეკრულებაში აქვს გაფორმებული და ხელი აქვს მოწერილი, დაიცვას ის პირობები,“ - განაცხადა ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ვიტალი ბოჭორიშვილმა. ბატონი ბოჭორიშვილი ჩვენი დაჟინებული თხოვნითა და ჩვენივე თანდასწრებით თვითონ დაუკავშირდა გადამზიდავ „ტაქსის“ უფროსის მოადგილეს კაკო შენგელიას, რომელმაც სატელეფონო საუბარში, ჩვენდა გასაოცრად, დეტალურად აუხსნა (აშკარად საქმეში ჩაუხედავ მოხელეს), რომ 7 ნომერ მიკროავტობუსს სულაც არ ევალება პანსიონამდე ჩასვლა, რადგან ეს ხელშეკრულებაში არაა გაფორმებული და კანონს სულაც არ არღვევენ.... მარინა ჩაჩანიძე, რომელიც ასევე დევნილია აფხაზეთიდან და პანსიონში ბინადრობს, ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ხალხი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. თვითმმართველობის არჩევნების დროს, კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ბატონი ხვადაგიანი მობრძანდა და თავზე ხელი შემოირტყა, ეს რა გაჭირვებულ ხალხთან მოვედიო, როგორ არ დაგეხმარებითო. თან ნიანგის ცრემლებს ღაპაღუპოთ ღვრიდა. მაგრამ ყველაფერი ტყუილი! ტყული! ტყუილი გამოდგა!.. რა, ერთი ტრანსპორტი რომ შემოვიდეს, იმის ღირსი არ ვართ?! სულ ვყვიროდი, შიდა გზები გააკეთეთ-მეთქი და იცით, რა ქნეს!? პალტო რომ ჩაიცვა და ჩუსტებით გაიარო ისე დააგეს რაღაცა. რა, გზას სოხუმში ხომ არ წავიღებდით? ერთი ნათურა არაა გარეთ, შეიძლება ადამიანმა კისერი მოიტეხოს. თუმცა მარშრუტი ყველაზე აუცილებელია ... მაგრამ აღარავისი და არაფრის მჯერა, არაფრის იმედი არ მაქვს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.“

პანსიონში ტრანსპორტის შემოსვლის აუცილებლობაზე საუბრობს ამ დროებითი თავშესაფრის ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან ჩხეტიანიც „აქ ხანდაზმულებიც ცხოვრობენ. რომელთაც ფეხით შორი გზის გავლა უჭირთ, ამიტომაც და სხვა მიზეზების გამოც, საჭიროზე მეტია, ერთი მარშრუტი შემოვიდეს და მოგვემსახუროს. ყველას თხოვნაც და მოთხოვნაცაა, დაგვინიშნონ ტრანსპორტი.“

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით კი აგვისტოში გამოცხადდება ტენდერი გადამზიდავებზე. რომელი კომპანია გაიმარჯვებს, ამას მნიშვნელობა არა აქვს, 7 ნომერ მიკროავტობუსს ჩაანაცვლებს 32 ნომერი მიკროავტობუსი, რომელიც პირველ რიგში პანსიონში ჩავა და დილის 8 საათიდან საღამომდე მოემსახურება დევნილებს, უტრანსპორტობის პრობლება სექტემბრიდან გადაწყვეტილი იქნება - აცხადებს ბოჭორიშვილი, თუმცა ტრანსპორტის ხელმძღვანელი უფრო ამბიციურადაც საუბრობს: იქ, სადაც ვიტალი ბოჭორიშვილია, მოუგვარებელი საკითხები და პრობლემები არ არსებობს. ქუთაისშიც და საქართველოშიც საკმაოდ კარგად მიცნობენ, პატივს მცემენ, ჩემს სიტყვას წონა აქვს. ახლა, როგორც პიროვნებამ, და არა როგორც სამსახურის უფროსმა, პირადად  ვთხოვე  შ. პ. ს.  გადამზიდავ „ტაქსის“ ხელმძღვანელობას, რომ ხვალიდან დამატებით 7 ნომერი ჩავიდეს პანსიონში და მოემსახუროს დევნილებს. ის, რომ ქალაქში ტრანსპორტის მომსახურების მხრივ უკეთესობა შეიმჩნევა, პირველ რიგში, ჩემი და ჩემი სამსახურის აქტიური მუშაობის დამსახურებაა. სექტემბრიდან კი ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდებაო.

... როცა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის შეპირება დევნილებს გავაცანი, ქალბატონ თამარ აშორდიას ცალყბად გაეღიმა. უნდობლობის ნიშნად თავი გააქნია და იქვე მოსაუბრე მეზობელთა ჯგუფს შეუერთდა...

#7 მიკროავტობუსის მძღოლმა #32 მიკროავტობუსის მძროლთან კამათისა და ჩხუბის ამბავი უარყო, თუმცა მაინც თავისებურად „აგვიხსნა“. „დაიკო, მე 7 წელია ამ ხაზზე ვმუშაობ და არავისთან არ მჭირდება პრობლემები, არ ვარ ის კაცი, რომ ფულის გულისთვის ვინმეს ვეჩხუბო, ...არც ვიცი სადაა ძაღლის თავი დამარხული და არც მაინტერესებს. ისე, უფრო „ზევით“ ეძებეთ, რაა.“

 

ნატა უჩავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია