დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდებოდა თბილისში 23 წლის წინ...
2012/04/09 10:56:49

9 აპრილი ყველას მეხსიერებაში დიდ ტკივილთან და სიამაყესთან ასოცირდება. ისტორიას შემორჩა 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილი: საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, 20 ადამიანიდაღუპვა და ასობით ადამიანიდაჭრა, მოწამვლა და დასახიჩრება.

საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, „დიდი ქართველი“ ედუარდ შევარდნაძე გახლდათ...

როგორც უფროსი თაობა გვიყვება, ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები.

ეროვნული მოძრაობა, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ედგნენ, განსაკუთრებით მძლავრი გახდა 1988 წლიდან. ქართველი მამულიშვილების ძალისხმევით, ეწყობოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები საბჭოთა ხელისუფლების დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ.

 კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს, ე.წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ, როდესაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-31 წლების სტატუსის აღდგენა მოითხოვა. საპასუხოდ კი ქართულმა ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქცირებული მიტინგები მოაწყვეს. ისინი გაბედულად ამტკიცებდნენ, რომ საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის აპრილში. უამრავი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ. დამოუკიდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელობით, მომიტინგეებმა მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს, შიმშილობა დაიწყეს.

ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აწყობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა, რადგან წესრიგი აღედგინათ.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოში, თბილისში, სამხედრო ძალის სისხლიანი გამოყენება ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ პირველი შემთხვევა გახდა. როგორც ცნობილია, შემდგომ განმეორდა აზერბაიჯანსა და ლიტვაში - ყველგან, სადაც ეროვნული მოძრაობები აქტიურად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის. რელიგიური, ეთნიკური, ასევე პოლიტიკური კულტურებით ასეთ განსხვავებულ რესპუბლიკებში მსგავსი და, მით უმეტეს, განმეორებადი მოვლენები ადასტურებს, რომ ეროვნული მოძრაობის ჩახშობის არსებითი ფაქტორი უხეში ძალა იყო - სისხლისღვრით ისჯებოდნენ ის ერები, რომლებიც ბრძოლის მოწინავე პოზიციებზე იყვნენ.

9 აპრილს დილის მიტინგის დასაშლელად გამოიყენეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოიყვანეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ასობით ჯარისკაცი.  დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით და მომწამვლელი გაზით. საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა გაუგონარი სისასტიკით დაშალეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც მოედანზე დარჩა 19 მოკლული ადამიანის, აქედან - 16 ქალის (მათ შორის, ერთი - ორსულის) გვამი. უამრავი ადამიანი გაზით მოიწამლა და დაიჭრა. მომიტინგეთა მოსაწამლად გამოყენებულ იქნა უცნობი ქიმიური შემადგენლობის მომწამვლელი გაზი, რომლის გამოყენებაც აკრძალული იყო საერთაშორისო კონვენციით.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმი სევდის მომგვრელია, ეს დღე ხომ 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლული ქართველების ხსოვნის დღეცაა.  

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია