დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნაბიჯი ტარიფის ზრდისკენ?
2012/03/05 13:31:01

კიდევ ერთი ცვლილება კანონში, რომელიც დასუფთავებას ეხება

 

26 თებერვალს ახალი მემარჯვენეების პარტიის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ასათიანმა განცხადება გააკეთა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ: საქართველოში დასუფთავების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სამსახური შეიქმნება. ამ ცვლილების თანახმად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის პირველ აპრილამდე, სახელმწიფოს ქონების განკერძოების გზით, კერძო სამართლის იურიდიული პირი უნდა დააფუძნოს და მისი 100 %-იანი წილი, მართვის უფლებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასცეს.

„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ინიციატივა საქართველოს პარლამენტში - იგი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობას ერთმევა თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთი ძირითადი უფლებამოსილება, რომელიც დაკავშირებულია დასუფთავებასთან. ვინაიდან დღევანდელი მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ჯეროვნად ვერ ახერხებს დასუფთავებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, სწორედ ამიტომ არის ინიციატივა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შექმნას შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც 100%-იან წილს გადასცემს რეგიონული მართვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მისი ძირითადი ფუნქცია იქნება დასუფთავების საკითხების მოგვარება საქართველოს მასშტაბით. ამ დღეების განმავლობაში გავეცანი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს და ვერსად მივაგენი მსგავსი სტრუქტურით დასუფთავების პრობლემების მოგვარებას. თვითმმართველობის გარდა, სხვა რომელიმე სტრუქტურას ჰქონებოდა მიმაგრებული ამ პრობლემის მოგვარება... ხაზს ვუსვამ - ეს არის ყველა ქვეყანაში თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, არათუ შეამცირონ თვითმმართველობის უფლებები, არამედ - ხელი შეუწყონ მის განვითარებას, რადგან, ასე თუ გაგრძელდა, საქართველოში თვითმმართველობებს და საკრებულოებს მხოლოდ ქუჩებისათვის სახელის შეცვლის ფუნქცია შერჩება“, - აღნიშნა გიორგი ასათიანმა.

გიორგი ასათიანმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული ნაბიჯით მივიღებთ ერთ მონსტრს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგვიწესებს ახალ ტარიფებს და ეს ყველაფერი წაგვიყვანს ტარიფის ზრდისკენ:

„თვითმმართველობის ფუნქციების ჩამორთმევა და უკიდურესი ზეცენტრალიზაცია, ამ ორგანოების არსებობას ფიქტიურს ხდის, მაშინ, როცა სწორედ ეს ორგანოები უნდა ძლიერდებოდნენ. ადგილებზე ეფექტურად წყვეტდნენ პრობლემებს. ხელისუფლება კი მათ უფუნქციოდ ტოვებს“, - ამბობს გიორგი ასათიანი.

მოსახლეობის გამოკითხვისას გაირკვა, რომ უმრავლესობამ არც იცოდა ამ ცვლილების და ინიციატივის შესახებ, ზოგიერთს კი გაკვრით მოუსმენია ტელევიზორში.

„თქვენგან მესმის, შვილო, პირველად, ჯერ არაფერი გამიგია, მაგრამ ესენი რას გაგაფრთხილებენ! პირდაპირ მოგადგებიან გაძვირებული გადასახადით. ალბათ, თბილისში რომ არის ისე უნდათ, შუქზე მიბმული დასუფთავებაც. გაგიჟდები ადამიანი - შუქს ბევრს ხარჯავ ნაგვის გაძვირება რა შუაშია. ამ დასუფთავების პრობლემებს რომ ჯერ მოგვარების პირი არ უჩანს, ფაქტია, რადგან ხან სად აგვიანებს ნაგვის მანქანა და ხან სად. რა ვიცი, შვილო, თუ რამე ეშველება ამ საქმეს“, - გვეუბნება ქალბატონი მანანა ჩოგოვაძე. 

„რა ვიცი, ჩემთვის სულ ერთია. მთავარია, დასუფთავდეს. ცალკე სამსახური ცუდი არ უნდა იყოს, ალბათ, უფრო ეფექტურად იმუშავებენ“, - მიაჩნია ირმა ბერუაშვილს.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა მოგვარდეს დასუფთავების პრობლემა, რათა მოსახლეობას არ დააწვეს ეს ყველაფერი და გადასახადები რაც გვაქვს, ისიც გვყოფნის, ხელისუფლება კი რატომღაც ამაზე არ ფიქრობს.“ - ამბობს თეონა გრძელიშვილი. 

„კი მსმენია აღნიშნულის შესახებ და რატომღაც მგონია, რომ ძალიან ჩაიხლართება სიტუაცია, ჯერ ისე ვერ აგვარებს თვითმმართველობა  დასუფთავების პრობლემებს და თბილისიდან როგორ მოაგვარებენ, არ ვიცი. ალბათ, გადასახადების მომატებას აპირებენ და მაგ სახით უნდათ, რომ მოსახლეობა შეამზადონ“, - ასე ფიქრობს ნუნუ ფხაკაძე.

დასუფთავების კანონში ახალი ცვლილების შესახებ მერიის პრესამსახურში გვითხრეს, რომ დასუფთავების სამსახურის უფროსი ფრიდონ ბეშკენაძე კომენტარს ვერ გააკეთებდა, რადგან საკითხი განხილვის პროცესშია და სრული კომენტარის გაკეთებას ამჟამად ვერ შევძლებთო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია