დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები და არჩევანი „დღეს თუ ხვალ“
2012/02/27 12:01:33

ქართული პოლიტიკური გამოზაფხულება უკვე თვალნათელი და მრავალფეროვანი ხდება. მაშინ, როცა ჩრდილო სამეზობლოში ოთხი მარტის საპრეზიდენტო არჩევნები აქციების ფონზე ახლოვდება, საქართველოში პოლიტიკური კოალიციები იქმნება, სამთავრობო გუნდი კი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

„ქართული ოცნების“ კოალიცია ახალ სამუშაო გეგმაზე გადადის და მუშაობას რეგიონებში განაგრძობს. მანამდე კი ხელისუფლებაში ამავე პარტიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ პრორუსულ განცხადებებს განიხილავენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავიდან ბიძინა ივანიშვილის დასაყრდენი ძალა პროამერიკული უსუფაშვილის „რესპუბლიკელები“ და ალასანიას  „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ. საზოგადოებას ეჭვიც არ გასჩენია, რომ გუნდი დასავლური ფასეულობებით აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას. მაგრამ დრო და დრო მათ გვერდით ის პოლიტიკური ძალებიც დავინახეთ, რომლებიც კრემლის ხშირი სტუმრები არიან (ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, კახა შარტავა)

რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, ისინი არცერთ კოალიციაში არ აპირებენ შესვლას. როგორც მათი ლიდერი დავით გამყრელიძე აღნიშნავს, „მსგავსი კოალიციები არჩევნების შემდეგ მალე იშლება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კოალიციას, ფაქტია, რომ მანამ იარსებებს, ვიდრე ივანიშვილი გასცემს დიდ თანხებს.“

სააკაშვილის ამერიკული ვიზიტის შემდეგ სულ უფრო გახშირდა საუბრები არჩევნების დაჩქარებული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. ოქტომბრის ნაცვლად ჩატარდება - მაისში? აგვისტოში?

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს:  „თუ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, როგორც ობამამ მოუწოდა სააკაშვილს, ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. პარლამენტში არ იქნება მხოლოდ ერთი ძალა. ჩემთვის მიუღებელია აბსოლუტურად ერთპარტიული სისტემა. პარლამენტი იმისთვის შეიქმნა, რომ მრავალ პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, მოემსახუროს სახელმწიფო ინტერესებს და თავის თავსაც. არჩევნების არგაყალბების შემთხვევაში, საქართველოს უნიკალური შანსი ეძლევა, აჩვენოს მსოფლიოს და თავის თავსაც, თუ როგორ შეიძლება კონკურენტუნარიან გარემოში ქვეყანა მართო და ყველა მხარის ინტერესები გაითვალისწინო. თუ ნაციონალურმა მოძრაობამ ისევ მოინდომა უმრავლესობაში ყოფნა, მაშინ ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რყევები. ამ შემთხვევაში მათ მსოფლიოსგან მხარდაჭერა არ ექნებათ, რაც დაკავშირებული იქნება ეკონომიკურ კრიზისთან და არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ხელისუფლება დაუახლოვდეს რუსეთს. ავტორიტარიზმის შენარჩუნებაში არავინ დაეხმარება, გარდა რუსეთისა. ხოლო თუ სააკაშვილმა რეჟიმი შეინარჩუნა, ამან შეიძლება, შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.“

საინტერესოა, რამდენად გაამართლებს ზაქარეიშვილის დაანონსებული შეფასებები, მაგრამ შეუქცევად პროცესებს არჩევნებამდეც უნდა ველოდოთ, რადგან ივანიშვილის რიგებში ქუჩის აქციებს არ გამორიცხავენ.

„დემოკრატიული მოძრაობა“ კი სამართლიანი კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული, ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს აუცილებლობას, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა სიების დადგენის ალტერნატიულ კომისიას. „ჩვენი ინიციატივის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაცია                 „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული სიების აუდიტის შედეგები. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არათუ შემაშფოთებელი, არამედ საგანგაშოა. როგორც ანგარიშშია წარმოდგენილი, დაახლოებით 53% ამომრჩევლებისა დადასტურებულად ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილზე, 7% კი გარე მიგრაციაშია, 9% შიდა მიგრაციაში იმყოფება, ხოლო ამომრჩევლების 25%-ის იდენთიფიცირება კი საერთოდ ვერ ხერხდება. ეს ყველაფერი  კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რასაც „დემოკრატიული მოძრაობა“ მუდმივად აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს მხოლოდ არჩევნების დღეს კი არ აყალბებს, არამედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მათ უკვე გაყალბებული აქვთ“ - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.

მართალია, ოპოზიცია გასაყალბებელ არჩევნებზე ნაადრევად საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ მიშას მთავრობა საარჩევნო აგიტაციაში უკვე ჩაება. გასვლები რეგიონებში, ვაუჩერების დარიგება და კიდევ? და კიდევ? რა სარგებლობა მოაქვს მთავრობას?

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია