დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ხელმძღვანელთა პოზიცია ტელეკომპანია „იმედისა“ და უიმედო მობინადრეების მიმართ
2012/01/16 12:53:35

ტელეკომპანია „იმედის“ ფილიალის მშენებლობა ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ?17-ში, კვლავ მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტის და პრეტენზიების მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა.

როგორც კორპუსის მერვე სართულის მცხოვრებლებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, ახლახან ქუთაისის მერს, გიორგი თევდორაძეს შეხვედრიან და უკმაყოფილოები დარჩენილან:

ნინო ჯინჭარაძე: „კაბინეტში შესვლისთანავე მერმა გვირჩია, ემოციები მოგვეთოკა და თემაზე გადავიდა: ეს არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით - ქალაქისთვის, თუ ხელს შეგვიშლით, არსებობენ ორგანოები, რომლებიც ამ ხელისშეშლას მოაგვარებენო. ასევე დასძინა, რომ თუკი სურვილი გვექნებოდა, ბინას გვიქირავებდა და გადაგვიხდიდა 500 ლარს ქირისა და კომუნალური ხარჯებისთვის.“

ქალბატონმა ნინომ ისიც გვითხრა, რომ 10 იანვარს, მას შემდეგ, რაც თემა გახმაურდა,   მოვიდა   ტელეკომპანია   „იმედიდან“   წერილი,  რომელშიც  ეწერა, რომ ბოდიშს უხდიდნენ მცხოვრებლებს და დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურებდნენ ზარალს.

ამ მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ვასილ მებურიშვილს ვესტუმრეთ. მასთან ინტერვიუს სტილის დაცვით გთავაზობთ.

- ბატონო ვასილ, რას გვეტყვით ირაკლი აბაშიძის ქუჩის ?17 კორპუსში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ? 

- რაც შეეხება იმ მშენებლობას, კანონის დაცვით და კანონთან შეთანხმებით მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ ირაკლი აბაშიძის ?17 მიმდინარე მშენებლობა, „იმედის“ ტელევიზიის წარმომადგენლობის ოფისის მშენებლობა, მიმდინარეობს კანონმდებლობის შესაბამისად და კანონმდებლობის დაცვით. ეს იმაში გამოიხატება, რომ პირველ რიგში მოსახლეობა აბსოლუტურად ინფორმირებული არის თითოეულ დეტალზე. ე.ი. ეს პროექტი ითვალისწინებს მსუბუქ კონსტრუქციას ამ ბინის თავზე, სახურავზე.

- რამდენად მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს 25 ტონიანი კონსტრუქცია?

- 25 ტონიანი არ არის. მე არ ვიცი ზუსტად წონა, მაგრამ ვიცი, რომ ამ სიმძიმის არ იქნება და ისიც ვიცი კიდევ, რომ ყველაზე წამყვანი და ძლიერი კონსტრუქტორები იყო ამ საქმეში ჩართული და მათი კონსტრუქციული დასკვნები არსებობს ამასთან დაკავშირებით - რომ ეს უმნიშვნელო დატვირთვაა იმდენად, რამდენადაც, თუკი არ მოხდებოდა რკინა-ბეტონის გამოყენება, ან ბლოკით მოხდებოდა კედლების ამოყვანა, მაშინ გარკვეულ სიმძიმეებთან არის დამოკიდებული და დატვირთვას მიიღებდა. თუმცა ასეთი მშენებლობებიც არის პრაქტიკაში, მაგრამ ამას შესაბამისი, რაღაც სხვა ტიპის სამუშაოების ჩატარება სჭირდება. ამასთან შედარებით, რასაც რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ჰქვია, ეს არის მსუბუქი კონსტრუქციის მასალები, არის შუშა და რკინის კონსტრუქცია და სახურავი ჩვეულებრივი, რომელიც აბსოლუტურად ჩვეულებრივად შეიძლება ყოფილიყო ამ ბინის გადახურვისათვის. ამდენად, ეს არის მსუბუქი კონსტრუქცია. მოსახლეობის, ანუ იმ სამი ოჯახის პრეტენზია, რომ მათი ჭერი იქნებოდა გამოყენებული იატაკად, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან, როგორც კონსტრუქტორები განმარტავენ და ცნობილი არის, ეს თავსდება არა სინკარებზე, რომელიც მოსახლეობის ჭერს წარმოადგენს, არამედ - მზა კონსტრუქციებზე, რომელიც მზადდება. დიდი კონსტრუქცია არის, წარმოიდგინეთ შენობის სარტყელი და ამაზე იქნება დადებული ეს „ბალკები“, რომლებზეც ცალკე გამოყოფილი იატაკი განთავსდება იმედის ტელევიზიის იატაკსა და მოსახლეობის შემომზღუდავ გადახურვის სინკარს შორის; იქნება დაცილება, თერმოიზოლაცია, ხმის იზოლაცია და ასე შემდეგ. ასე რომ, არ შეესაბამება სიმართლეს, რომ მოსახლეობა... ამ სინკარზე ვიღაცეები გადაადგილდებიან და რაღაც კიდევ სამუშაოები ჩატარდება...

- ბატონო ვასილ, სახურავზე ჩასობილი რკინის კონსტრუქციები ჩამოსულია მოსახლეობის ჭერზე. დახეთქილია ჭერი და ზოგთან ჩამოვიდა წყალიც...

- ბრტყელი გადახურვა სახურავებზე არის პრობლემატური საკითხი. ყველა ბინას პრობლემა აქვს, თვითმმართველობას პროგრამებიც კი აქვს ამასთან დაკავშირებით. იქ არის ბრტყელი გადახურვა, იხურება, ძირითადად, ბიკროსტით,  რომელიც დროთა განმავლობაში გამოდის წყობიდან და არის ცვეთა, რომელიც წყალგამტარი ხდება. ამიტომ თვითმმართველობას ამის პროგრამებიც აქვს ძალიან ბევრი, ძალიან ხშირად უწევს ამ სახურავის ცვლა. ერთგვარად მომგებიანიც კი არის იმ მოსახლეობის გადარჩენა, რომელიც უკვე შესაბამისი წყალგაუმტარი სახურავით იქნება დახურული და ეს გამოიწვევს, პირიქით, ამ მოსახლეობის დაცვას.

რაც შეეხება იმ სამი ოჯახის პრეტენზიას, ჩვენ დავათვალიერეთ ის ოთახები და მერიის საბინაო სამსახურმა, მერის დავალებით, დაასურათა კიდეც იქ არსებული სიტუაცია სამუშაოების დაწყებამდე. „იმედის“ ტელევიზიამ აიღო ვალდებულება ჩვენი თხოვნის და მოთხოვნის შესაბამისად. თუკი მაინც ამ მუშა პროცესში, იმ კონსტრუქტორების დასკვნებში... გამორიცხულია, იქ რამე, სიცოცხლისათვის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროცესები განვითარდეს, მაგრამ თუკი რაიმე ისეთი წვრილმანი პრობლემა წარმოიშვება, თუკი რაიმე დაზიანდება, „იმედის“ ტელევიზიამ აიღო ვალდებულება, გამოკრულიც არის ბინის სადარბაზოში ამასთან დაკავშირებით, რომ ის მოახდენს თავიდან ბოლომდე ამ ხარჯების დაფარვას. რაც დაჭირდება იმ დაზიანების პირველადი სახის დაბრუნებას. თუკი რამე დაზიანდება, იმ შემთხვევაში.

- და ეს ყველაფერი ოფიციალური სახით წარედგინა მოსახლეობას?

- მოსახლეობა ქალაქის მერთან იყო შეხვედრაზე, ყველა სტრუქტურები შემოიარეს მათ და აბსოლუტურად ისეთივე სრული განმარტება მიიღეს. ახლა ტექნიკური და სპეციფიკური საკითხია მშენებლობა და შეიძლება ვერ გაიგეს  კარგად, რომ მათ ჭერზე არ ხდება ფეხით გადაადგილება „იმედის“ ტელევიზიაში მომუშავე პირების. შეიძლება, ეს დეტალები ვერ გაარკვიეს, როგორ უნდა დაშორდეს ეს იზოლაცია მათ ჭერისა და ტელევიზიის იატაკს შორის, მაგრამ ამაზე სპეციალისტები მუშაობენ და მათ აქვთ ყველაფერი დამუშავებული, დაანგარიშებული, რომ იყოს მოსახლეობა დაცული.

ჩვენ რაც შეგვეხება, თვითმმართველობის ორგანოებს, მერიამ ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ დეტალურად ჩაძიებოდა ამ პროცესებს. „იმედის“ ტელევიზიასთანაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონტაქტი და კავშირი. ის ვალდებულება თვითმმართველობის ინიციატივით და „იმედის“ ტელევიზიის ძალისხმევით გაკეთდა, რომ თუკი რაიმე მცირე დაზიანებას ექნება ადგილი, ისინი აანაზღაურებენ და მეორეც კიდევ თვითმმართველობის ინიციატივით მოხდა, თავის დაზღვევის მიზნით, ქალაქში არსებული სპეციალისტების მიყვანა და გარკვევა ამ თემაში - რომ აქ ისეთი სამუშაო პროცესი ხომ არ მიმდინარეობდა, რომ, დავუშვათ, საფრთხეს შეუქმნიდა იქ მცხოვრებ ადამიანებს. თვითმმართველობის  ორგანოების ყველა სამსახური ჩართულია, ვისაც ეხება ეს საკითხი, რომ თავის პასუხისმგებლობის ქვეშ ისე გააკეთონ ეს საქმე და ისე დამთავრდეს ეს აღმშენებლობა, რომ ვინმეს ინტერესი არ შეილახოს, ვინმეს ჯანმრთელობა არ დაზიანდეს და ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ასეთი პროცესები გამორიცხულია იმ სპეციალისტების დასკვნებით, რომლებიც ქალაქში სხვა, უფრო მნიშვნელოვან შენობებს აპროექტებენ და ზედამხედველობენ.

- სად შეიძლება ვნახოთ ეს დასკვნები?

- ეს დასკვნები შეგიძლიათ ნახოთ იმ მშენებლებთან, რომლებიც აწარმოებენ ამ სამუშაოებს და შეგიძლიათ მოითხოვოთ ასევე მერიაში - საჯარო ინფორმაციის სახით.

- რატომ მაინცდამაინც სახურავის თავზე „იმედის“ ტელევიზია?

- თავისი სპეციფიური ფართი სჭირდება ტელევიზიას, ელემენტარული სიმაღლე უნდა ყოფილიყო ცოტა მეტი, ვიდრე ის ოთახები არის იქ, ამიტომ სინკარებს ხომ არ აიღებდნენ! თანაც, უნდა ყოფილიყო ეს კონსტრუქცია თავისებური. არავის აზრად არ მოსვლია, ვინმეს  საკუთრებაში  შეჭრილიყო და მოლაპარაკებები გაემართა - ეს ფართი გვჭირდებაო. პირიქით, ალბათ, უფრო ლოგიკურიც არის „იმედის“ ტელევიზიის მხრიდან ის, რომ მოსახლეობა ასე ადვილად არ დასთანხმდებოდა საკუთარ სახლებიდან გადასვლას. ერთი ეს და მეორე, რომ ერთ-ერთი ასპექტი ის არის, რომ უნდა იყოს ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე არის ის საცხოვრებელი სახლები.

- რომელი სამშენებლო კომპანია ახორციელებს სამუშაოებს?

- ვერ გიპასუხებთ ამაზე. არ მახსენდება სახელი, „იმედი“ უფრო გაგცემთ პასუხს.

 

***

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი საკმაოდ დაბნეულად გვცემდა პასუხებს.  რაც იმის მანიშნებელი შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი ინფორმირებული არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად მართებულია, ქალაქის სტრატეგიულ ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის თავზე მიმდინარეობდეს ტელევიზიის მშენებლობა, რამაც იქ მცხოვრებთა უკმაყოფილება გამოიწვია და ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა არ იცოდეს ამ სამშენებლო კომპანიის სახელი?

შეგახსენებთ, რომ მშენებლობას ახორციელებს კომპანია „შპს 184.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1457
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია