საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
NDI-ის კვლევების პოლიტიკურ რეიტინგებში ირაკლი ალასანია ლიდერობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/28 11:10:33

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით ლიდერობენ პოლიტიკოსთა რეიტინგებში, ნათქვამია აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ჩატარებულ კვლევაში.


თუმცა მათი მოწონების მაჩვენებელი, ბევრი სხვა პოლიტიკოსის მსგავსად, დაკლებულია აპრილში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით.

მოწონების რეიტინგები წარმოადგენს რესპონდენტთა პასუხებს კითხვაზე, „მოსწონთ თუ არ მოსწონთ“ მათ ჩამონათვალში დასახელებული პირები.

 

რესპოდენტთა 60%-ს მოსწონს ირაკლი ალასანია, რაც შვიდი პროცენტული პუნქტით ნაკლებია აპრილის მაჩვენებელზე; მას მოყვება ირაკლი ღარიბაშვილი 54%-ით, რომელსაც აპრილში 64% ჰქონდა და დავით უსუფაშვილი 51%-ით, რომლის მოწონების მაჩვენებელიც, პრემიერის მსგავსად, ათი პროცენტული პუნქტით დაეცა. ამ სამ პოლიტიკოსს შორის, უსუფაშვილი ყველაზე მეტად არ მოსწონთ - 20%, მას არ მოწონების მაჩვენებლით  მოყვება ღარიბაშვილი 18%-ით და ალასანია 13%-ით.

 

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 48%-იანი მოწონების რეიტინგი აქვთ, თუმცა ბაქრაძე უფრო მეტს - 27% - არ მოსწონს, ვიდრე პრეზიდენტი მარგველაშვილი - 19%.

 

ალასანია მინისტრებს შორის ასევე ლიდერობს საქმიანობის შეფასებით რეიტინგებში 37%-ით, რაც აპრილში არსებულ 44%-თან შედარებით დაკლებული მაჩვენებელია; მას მოყვება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 26%-ით და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 25-25%-ით.

 

რესპოდენტებს ასევე კითხეს, თუ როგორ აფასებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული ჯანდაცვიდან და სიღარიბის დაძლევიდან დამთავრებული რუსეთთან ურთიერთობებით და სამუშაო ადგილების შექმნით. სფეროების უმეტესობაში რესპოდენტთა უმრავლესობამ „საშუალოდ“ შეაფასა პრემიერის საქმიანობა. ყველაზე დადებითი შეფასება მან მიიღო ჯანდაცვის (25%), ადამიანის უფლებების (19%), განათლების (19%), უმცირესობათა უფლებების (17%), ციხეების (17%), ეროვნული უსაფრთხოების (16%) და სოფლის მეურნეობის (15%) კუთხით.

 

„ცუდად“ და „ძალიან ცუდად“ რესპოდენტები ღარიბაშვილის საქმიანობას აფასებენ ფასების ზრდის (38%), სამუშაო ადგილების (37%) და სიღარიბის (37%) კუთხით

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 45%-ს მოსწონს, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია აპრილის 51%-თან შედარებით. რესპოდენტთა 50%-ს სჯერა, რომ ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღებად რჩება მთავრობის საქმიანობაში -აპრილში ეს მოსაზრება 62%-ს ჰქონდა. გამოკითხულთა 36%, ვინც ამგვარად ფიქრობს, ამართლებს ამას, ხოლო 53%-ისთვის მიუღებელია.

 

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი 22%-ია, რაც სტატისტიკურად უცვლელია აპრილის შემდეგ; ის რესპოდენტთა 49%-ს არ მოსწონს - აპრილში ეს მაჩვენებელი 54%-ს შეადგენდა. 



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ყველაზე მაღალი მოწონების რეიტინგი აქვს სიაში ჩამოთვლილ პირებს შორის  - პატრიარქი 91%-ს მოსწონს, თუმცა ეს ხუთი პროცენტული პუნქტით ნაკლებია აპრილის მონაცემზე.

 

ეს რეიტინგები იმ უფრო ფართო კვლევის ნაწილია, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით NDI-სთვის განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელშიც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. კვლევის ფარგლებში, რომლის ცდომილების ზღვარიც +/- 2.9%-ს შეადგენს, 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 3 338 რესპონდენტი გამოიკითხა.

 

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 42% მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს; მას მოყვება ნაციონალური მოძრაობა 11%-ით. 30% არცერთ პარტიას არ ასახელებს, 4% პასუხს თავს არიდებს და ასევე, 4%-მა არ იცის, თუ რომელი პარტიის მიმართ იხრება მისი სიმპათიები.

 

წყარო: http://www.civil.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია