დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ერთი პურით გამოკვებილი ოჯახი
2011/11/07 13:31:09

„ბატონო კახა, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაიღეთ მოწყალება და მშიერ ადამიანებს დაგვეხმარეთ!“

 

საქართველოში სოციალურად დაუცველ ადამიანთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ამას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მშიერი ადამიანების დანაყრება კი პრეზიდენტისთვის საამაყო - მადლიერების სახლს ეკუთვნის. მაგრამ საქმე ის არის, რომ ბოლო ხანებში გაჭირვებული ოჯახის ყველა წევრს როდი აძლევენ უფლებას ერთჯერადი ულუფით ისარგებლონ.

სწორედ ამ პრობლემის გამო მოგვმართა 1 ნოემბერს რედაქციაში მადლიერების სახლის ბენეფიციარმა, 71 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდმა, არჩილ მარგველაშვილმაც.

არჩილ მარგველაშვილი: „ბაბუ, ამჟამად მარტო ვცხოვრობ. შვილი იმ ავადსახსენებელ დღეს, 9 აპრილს გარდამეცვალა. მხოლოდ ერთი და მყავს.  მისი გაჭირვებით გული მეწვის. ჩემი დედმამისშვილი თავის შვილთან და შვილიშვილთან ერთად შიმშილობს. ელემენტარული, პურის ფული არ აქვთ. მას სოფელში სახლი დაენგრა და რამდენიმე თვეა შვილთან - ჭავჭავაძის გამზირზე, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. შვილიშვილი ინვალიდია, ჩემს დას გადაადგილება არ შეუძლია. ისინი სამნი არიან, მეოთხე კი მე ვარ. რა პრობლემა მაწუხებს და, „კათარზისიდან“ წამოღებული ერთი ცალი პურით ოთხი ადამიანი ვიკვებებით. აი, ამ გამხმარ პურს სამი მშიერი ადამიანი ელოდება (ამოიღო მჩატე ჩანთიდან და გვიჩვენა). რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ჩემი დახმარება მხოლოდ ბატონ კახა ქორიძეს შეუძლია. იქნება გამარკვიოთ, ჩემი დის ოჯახს ეკუთვნის, თუ არა მადლიერების სახლში კვება. ამის გულისათვის მერიაში ვიყავი მისული. იმათ ვერაფერი გამაგებიეს. მითხრეს, რომ შენი დის ოჯახი ქუთაისში ჩაწერილი არ არისო. ბატონო კახა, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაიღეთ მოწყალება და მშიერ ადამიანებს დაგვეხმარეთ!“

არჩილ მარგველაშვილის ოჯახთან დაკავშირებით, მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულთა საქალაქო სამსახურის უფროსს, კახა ქორიძეს მივმართეთ. მან ასე გვიპასუხა:

„ბატონი არჩილი ჩვენი სახლის ბენეფიციარი იყო. იგი გარკვეული დროის მანძილზე სხვა ორგანიზაციაში წავიდა. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში გვყავს არჩილ მარგველაშვილი. მედიკამენტებით ვეხმარებოდით, გვყავდა გაწევრიანებული ვეტერანთა კლუბში. გეტყვით, რომ მადლიერების სახლში, ყოველდღე, 650 ადამიანი სადილობს, ამის გარდა, 100 ადამიანზე დამატებითი საკვებია გამოყოფილი. ბატონ არჩილს სოციალურად დაუცველი და თუ ჰყავდა, პირველად თქვენგან გავიგე. მალე პირადად შევხვდები არჩილ მარგველაშვილს და აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას.“

 

*** 

ოთხი ადამიანისათვის, რომელიც დღის განმავლობაში ერთადერთი პურით იკვებება, ყოველი წუთი შიმშილთან, ტანჯვასთან და მოლოდინთანაა დაკავშირებული. ეს ისეთი განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევაა, როცა თანაგრძნობა ერთნაირად მოგვეთხოვება თანამდებობის პირსაც და ჟურნალისტსაც, საერთოდ, საზოგადოებას. 

ველით ბატონი კახასაგან სიტყვის შესრულებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია