დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის ზურგს უკან
2011/10/10 12:23:53

ეი, შენ, პრესის ჟურნალისტო, ნათია ბანძელაძემ გვიბრძანა, რომ დატოვოთ ტერიტორია!

 

 

რა განსხვავებაა ტელევიზიისა და პრესის ჟურნალისტებს შორის? - ეს კითხვა პრეზიდენტის დაცვის წევრს დავუსვი. მისგან პასუხად „ნი ზნაიუ“ მივიღე. ეს იყოს შესავლის ნაცვლად. ახლა კი მოგიყვებით ქუთაისის იუსტიციის სახლის გახსნის გასაშუქებლად მისული პრესის ჟურნალისტი როგორ გამომაგდო პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ნათია ბანძელაძემ.  

 

სამთავრობო ტელევიზიები წინა დღეებში წარამარა აუწყებდნენ მოსახლეობას: ოთხ ოქტომბერს, დღის ექვს საათზე, პრეზიდენტი ქუთაისის იუსტიციის სახლს გახსნისო. ჰოდა, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ანონსი რედაქციაში ჩავინიშნე (პრეზიდენტის ვიზიტს ადგილობრივი მთავრობის პრესსამსახური ჩვენ არ გვამცნობს). 17:25 წუთზე დანიშნულების ადგილზე მივედი. ქუთაისელი „ნაცები“ ღიმილით შესცქერიან ფერადი ბუშტებით  მორთულ-მოკაზმულ  „დედოფალ იუსტიციის“ გამჭვირვალე, „დემოკრატიულ სახლს“. ვხედავ, როგორ არიგებენ ადგილობრივი მაღალჩინოსნები დაქირავებულ მოხუცებს, რომ იყვირონ: მიშა, მიშა, მიშა...

იუსტიციის სახლის გვერდით ღიღინებს ჯგუფი „მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი. ჩემს გვერდით კი თინეიჯერი გოგო გაჰკივის: - რა საყვარელი ხარ, გ ი ი გ! მიყვარხარ, გ ი ი ი გ!!!

აი, სამთავრობო ტელევიზიების კამერებიც გამოჩნდა, ერთი ადგილობრივი მაუწყებელიც მიჰყვა სარეგისტრაციო პუნქტთან. მოქალაქე ქუთაისელები პირადობის მოწმობით რეგისტრირდებიან, რათა პრეზიდენტი „ლაივში“ იხილონ. ტელეჟურნალისტებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უშვებენ შენობაში.

რეგისტრატორს მივმართავ:

- გამარჯობა, რეგიონული გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტი, ნოდარ ჯოჯუა ვარ (თან დოკუმენტს ვაწვდი), იუსტიციის სახლის გახსნა მინდა გავაშუქო.

როგორც კი დახედა სერთიფიკატს და სტატუსს „პრესის ჟურნალისტს“ დააკვირდა. რეგისტრატორმა იგნორი გამიკეთა: პრესის ჟურნალისტები გახსნაზე არ დაიშვებიანო.

ჩვენს შორის მცირე დიალოგი გაიმართა:

- რატომ, ქალბატონო?

- თქვენ ისეთს დაწერთ...

- მე ჟურნალისტი ვარ, რაც სიმართლეა, მხოლოდ იმას დავწერ.

მასთან საუბრის დროს პრეზიდენტის დაცვის ბიჭი მომადგა, პირქუში სახით. მკითხა, ვინ ხარ, რა გინდაო.

როდესაც სერთიფიკატი წარვუდგინე, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს ნათია ბანძელაძეს დაურეკა და მოახსენა, ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი ნოდარ ჯოჯუა იუსტიციის სახლის გახსნაზე დასწრებას ითხოვსო. ბანძელაძის კატეგორიული უარიც გადმომცა, თუმცა, პრინციპში, ეს უკვე საჭირო აღარ იყო, ისე ხმამაღლა გაჰკიოდა ქალბატონი ნათია: პრესის ჟურნალისტები არ დაიშვებიან პროცესზე!

- ეი, შენ, პრესის ჟურნალისტო, ნათია ბანძელაძემ გვიბრძანა, რომ დატოვოთ ტერიტორია! - მიღრიალა ხრინწიანი ხმით დაცვის ბიჭმა. ჩემთვის ჩავილაპარაკე, მინდოდა, რომ დამეწერა - პრეზიდენტმა ქუთაისში იუსტიციის სახლი გახსნა, ახლა კი დავწერ, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა გახსნის ცერემონიალს არ დამასწრო-მეთქი. იქვე მდგარმა ადმინისტრატორმა მომაძახა:

- არ გრცხვენია, ბიჭო! რა დროს ინტრიგანობაა, ვერ ხედავ, რომ ქვეყანა წინ წავიდა!

- როგორ შევხედო, ქალბატონო, გასაშუქებლად არ გამიშვით! - ვუპასუხე.

- გაიყვანეთ, რაა!

- წამოიკივლა ქალბატონმა ადმინისტრატორმა. ასე გამომაგდეს იუსტიციის სახლის ეზოდან. ვდგავარ ქუჩაში და შორიდან ვაკვირდები პრეზიდენტის საზეიმო შემოსვლას, სამთავრობო კამერები აფიქსირებენ, მიშა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე როგორ ჭრიან წითელ ლენტს. გულმა არ გამიძლო და ისევ ეზოში დავბრუნდი. დავიწყე ფოტოების გადაღება. ახლა კი პოლიციელები მომდგნენ.

- რატომ? - გავაპროტესტე.

- იმიტომ, რომ თქვენ პრეზიდენტის დაცვის წევრები დააფიქსირეთ. მათ ხომ გითხრეს, წადი აქედანო.

ისევ ქუჩისკენ გამაძევეს. მარტო ვდგავარ, მხოლოდ ფოტოებს ვიღებ. მოულოდნელად სპეცსამსახურის წარმომადგენელი დამესხა თავს: - თქვენი პირადობის მოწმობა მაჩვენეთ!

- აი, ინებეთ, ბატონო! დახედა მოულოდნელმა სტუმარმა და მითხრა:

- ესე იგი, ნოდარ ჯოჯუა ხარ.

- დიახ, ბატონო.

- ყველაფერი გასაგებია,   გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტი ყოფილხარ. სად ცხოვრობ? ალბათ, ქუთაისში.

- არა, სამტრედიაში ვცხოვრობ და ქუთაისში ვმუშაობ.

- ბიჭო, რად არ წახვედი? ხომ გითხრეს, არ შეიძლება პრესის ჟურნალისტის დასწრება.

- რატომ?

- თქვენ აკრედიტაცია ვერ გაიარეთ.

- ნათია ბანძელაძემ უარი მითხრა აკრედიტაციის გავლაზე.

- მე რა ვქნა, ეგ ნათიასთან გაარკვიე. კიდევ ერთხელ გეუბნები, წადი აქედან.

- კარგი, წავედი.

ამასობაში, პრეზიდენტმა ვიზიტი ქუთაისში წარმატებულად დაასრულა. გიგიმ და „მგზავრებმა“ ქუთათურებს მიკროფონიდან შემოსძახეს, შემოგვიერთდით, ქუთაისელებოო!..

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია