დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტარები ქუთაისში გადმოსასვლელად ემზადებიან...
2011/06/27 12:06:21

პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა სიახლე აღარავისთვის არის. თუმცა, ამ ინიციატივამ, თავდაპირველად, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ბევრი დაეთანხმა, ბევრიც სკეპტიკურად განეწყო. მას შემდეგ, რაც დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის გადმოტანის იდეა გაახმაურა და პრეზიდენტმაც მოიწონა, კონსტიტუციაში პარლამენტის გადატანის საკითხთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის მიხედვით საკანონმდებლო ორგანო, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისშიც უნდა ყოფილიყო. მშენებლობა დაწყებულია და „გამჭვირვალე“ პარლამენტის მაკეტიც მოწონებული. თუმცა მოგვიანებით, კონსტიტუციაში შესული ცვლილებების მიხედვით, გაირკვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი მხოლოდ ქუთაისში იქნება.

 

21 ივნისს დეპუტატებმა პარლამენტის სრულად გადმოტანის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. პრეზიდენტის ინიციატივისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო უმცირესობას. შედეგი ასეთია: 106 მომხრე ერთის წინააღმდეგ.

საკანონმდებლო ორგანოს სრულად გადმოტანის ხელისუფლებისეულ მოსაზრებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამგვარად ხსნის: „ეს არის ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რასაც ჰქვია საქართველოს დეცენტრალიზაცია. ქვეყნისა და მისი ყველა რეგიონის განვითარების მიზნით, ვცდილობთ, ყველა რეგიონმა დაიკავოს თავისი ნიშა. ზოგიერთისათვის ეს იქნება ტურიზმი, ზოგიერთისათვის - თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ინდუსტრია. ქუთაისისათვის და ზოგადად იმერეთის განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრის გაჩენა, ფუნქციის აღდგენა და მისი ჩამოყალიბება მეორე დედაქალაქად.“

„ბევრს გაუჩნდა კითხვა: რა მიზეზით შეირჩა ქუთაისი პოლიტიკურ ცენტრად?

პრეზიდენტის ინიციატივას არ ეთანხმება საპარლამენტო უმცირესობა. ჯონდი ბაღათურია მშენებლობის ხარჯთაღრიცხვას მოითხოვს, ქრისტიან-დემოკრატები კი აცხადებენ, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების რადიკალურად გამიჯვნა პარლამენტს კიდევ უფრო უუნაროს გახდის და ისედაც ცარიელი დარბაზი ქუთაისში გაცილებით რთულ დღეში აღმოჩნდება. ასი მილიონი, რაც მშენებლობისათვის არის გამოყოფილი, უმჯობესია, ქალაქის წყალმომარაგებისა და სხვა პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს.

გიორგი თარგამაძე საერთოდაც ახალ ინიციატივაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს: გამოიკითხოს მოსახლეობა და მათ გადაწყვიტონ, საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქი უნდა იყოს თბილისი, ქუთაისი თუ სხვა რომელიმე ქალაქი.

ვიდრე პარლამენტში ბჭობენ და დაობენ, მოსახლეობამ ათასი ვერსია შექმნა, განიხილა და დაამტკიცა. ქუთაისელებისგან განსხვავებით, საკანონმდებლო ორგანოს ჩვენს ქალაქში გადმოტანამ სრულებით არ გაახარა დედაქალაქელები. ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტი უნდა იყოს თბილისში. შიგადაშიგ იმაზეც საუბრობენ, რომ ხელისუფლების მოსაზრება დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით ყურით მოთრეულია და „ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული“, როგორც სოციალურ ქსელებში წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები, ხელისუფლება იმდენად შეაშინა პარლამენტის წინ გამართულმა ლიცენზირებულმა თუ არალიცენზირებულმა აქცია-მიტინგებმა, რომ მარადიული თავშეყრის ადგილის დედაქალაქიდან შედარებით „მშვიდ“ გარემოში გადატანა გადაწყვიტეს.

ახალი ცვლილებით საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას იმედოვნებენ ქუთაისელები, ზოგი - სამუშაოს შოვნით, ზოგიც ბინის სარფიანად გაქირავება-გაყიდვით, მაგრამ, როგორც ჩანს, ქუთაისელი რიგით მოქალაქეების არც დადებითი და არც უარყოფითი მოსაზრება არავის აინტერესებს. ამის  თვალსაჩინო მაგალითი ერთ-ერთ ცენტრალურ ტელეარხზე გასული სიუჟეტია, სადაც ქუთაისელი ჟურნალისტები პარლამენტის გადმოტანის მნიშვნელობაზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ, ოღონდ - შეცვლილი სახელებით და გვარებით... ეს  უბრალო ენაზე თვალში ნაცრის შეყრას ნიშნავს, ოფიციალურად კი - დანაშაულს... თუმცა ჩვენს ქვეყანაში მსგავს ფაქტებზე პასუხს არავინ აგებს, რადგან ყველაფერს „შემკვეთი“ ადგენს და განსაზღვრავს.

პარლამენტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი  გრძელდება და მის საბოლოო გადმომისამართებამდე, ალბათ, მრავალი სხდომა და განხილვა გაიმართება, თუმცა ყველაფერი ისე დარჩება, როგორადაც ხელისუფლება გადაწყვეტს... ყოველგვარი კორექტივების გარეშე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია