დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მეოთხე ფანჯარა
2011/06/06 12:43:55

რატომ ვერ იპოვა მოქალაქემ სამართალი?

 

ამ ფაქტს შემთხვევით შევესწარით: მერიის წინ  აღელვებული ქალბატონი ემოციებს ვეღარ იცხრობდა. მისი ხმამაღალი პროტესტი, ალბათ, მხოლოდ დაცვას თუ აწუხებდა, რადგან გარეთ მხოლოდ უნიფორმიანები გამოვიდნენ, თავად მერიის თანამშრომლები კი ფანჯრებიდან მშვიდად იცქირებოდნენ. ვითარებაში გასარკვევად ადგილზე მივედით... ცოტა ხანში ვიღაცებმა სადღაც გადარეკ-გადმორეკეს და აღელვებულ მოქალაქეს და მის თანმხლებ დას ახალგაზრდა მოხელე მერიის სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილებისაკენ წარუძღვა. რა თქმა უნდა, ჩვენც უკან მივყევით... 

როგორც აღმოჩნდა, ქუთაისში, ლომონოსოვის ქუჩის ? 13-ში მცხოვრები 

დარეჯან ხეცურიანი-გვენცაძე მისი მეზობლის, გივი გვენცაძის, საზიარო კედელზე განხორციელებულ მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს და ამ მშენებლობის დემონტაჟს მოითხოვს. ქალბატონი დარეჯანი თავს დაზარალებულად მიიჩნევს, მისი თქმით, მეზობლის უკანონო მშენებლობამ მის სახლს დაუკარგა ბუნებრივი განათება და ინსოლაცია.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

„როდესაც საცხოვრებელი სახლის საზიარო კედლის გასწვრივ კეთდება რეკონსტრუქცია-მიშენება, დაცული უნდა იყოს საზიარო კედლის მეზობლის ინტერესები, - გვიამბობს პროფესიით ინჟინერი, ქალბატონი დარეჯან ხეცურიანი-გვენცაძე. - 2004 წლის ივლისში უკანონო-უნებართვო მშენებლობა დაიწყო ჩემი სახლის საზიარო კედლის მცხოვრებმა მეზობელმა გივი გვენცაძემ. ვკითხე, კანონის შესაბამისად ჰქონდა თუ არა მშენებლობის ნებართვა და პროექტი. მან ჩემი მითითება არ მიიღო და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ მივმართე ქალაქის მაშინდელ მთავარ არქიტექტორს რამაზ სალდაძეს. მისი მეშვეობით გადამოწმდა არქიტექტურის არქივი - არ აღმოჩნდა ჩემი მეზობლის სახელზე დარეგისტრირებული მშენებლობის ნებართვა და პროექტი. შესაბამისად, ბატონმა რამაზმა ამცნო იმ პერიოდისთვის მოქმედ აღმშენინსპექციის დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურს, რომელიც აწარმოებდა არქიტექტურულ საქმიანობაში ზედამხედველობას. აღმოჩნდა უკანონობა. მობრძანდა შესაბამისი სამსახური. თურმე ამ სამსახურის წარმომადგენელი ნათესავი ყოფილა გივი გვენცაძის.  მე მივმართე პოლიციას, რომელმაც მოსთხოვა ასევე მშენებლობის პროექტი და ნებართვა, რამდენიმე დღე მისცა პროექტის წარმოსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში - მკაცრი ზომები გატარდებაო.  ამის შემდეგ წარმომადგენელი მოვიდა ზედამხედველობის სამსახურიდან და დაწერა სამშენებლო საქმეში დარღევებზე ოქმი. დადგენილების შესაბამისად, აღმშენინსპექცია უფლება-მოსილი იყო, დემონტაჟი გაეკეთებინა უკანონო მშენებლობისთვის. ჩემმა მეზობელმა, გივი გვენცაძემ, სასარჩელო განცხადებით მოითხოვა აღნიშნული განცხადების გაუქმება, მისი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, აღმშენინსპექციამაც შეიტანა სასარჩელო განცხადება და მოითხოვა დემონტაჟის განხორციელება. მისი სარჩელი შეჩერებულ იქნა საქალაქო სასამართლოს მიერ, ვიდრე არ გადაწყდა, თუ  რამდენად კანონიერი იყო დადგენილება. ბოლოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟის შესახებ.

ეს ყველაფერი ხდება 2004-2005 წლებში.

გივი გვენცაძემ უკანონო მშენებლობაზე საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. მოსამართლემ დაუკმაყოფილა მოთხოვნა. მე მოსამართლეს გაუსაჩივრე, რამდენადაც შეიძლებოდა მიღებული განჩინების გასაჩივრება კერძო საჩივრით. ჩემი კერძო საჩივარი დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ და დაუბრუნა საქმე არსებითი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოს. სასამართლომ ჩაატარა საინჟინრო ექსპერტიზა, დაამტკიცეს, რომ არქიტექტურულ სამშენებლო ნორმებს არ აკმაყოფილებდა და არ შეესაბამებოდა უკანონო-უნებართვო მშენებლობა,  2007 წელს განხორციელდა უკანონო აივნის დემონტაჟი.

ამის შემდეგ ჩემმა  მეზობელმა  დაიწყო ამ აივნის რეკონსტრუქცია. იგივე სამშენებლო ნორმები დაარღვია მამუკა კობზონაძემ, ქალაქის იმ პერიოდის არქიტექტორმა - ჩემი, ანუ მოსაზღვრე მეზობლის, ნებართვის გარეშე, არ ჰქონდა იურიდიული უფლება, საზიარო კედლის გასწვრივ რაიმე რეკონსტრუქციის ჩატარების ნება გაეცა.

ჩემს სახლს პირველ და მეორე სართულზე წაერთვა ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, დანესტიანდა, ჰაერაცია შეეზღუდა“, -  განაცხადა ჩენთან საუბრის დროს პროფესიით ინჟინერმა, ქალბატონმა დარეჯანმა. მისი კონკრეტული მოთხოვნაა: „მოხდეს უკანონო უნებართვო მშენებლობის საფუძველზე გაცემული პროექტის დემონტაჟი, აღდგეს ჩემი უფლებები, ჩემმა საცხოვრებელმა სახლმა რატომ უნდა დაკარგოს ინსოლაცია და ბუნებრივი განათებულობა სხვის ხარჯზე? 

ორივე მხარეს უნდა ჩაგვეტარებინა ერთად არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებით დადგენილი მშენებლობის საინჟინრო ექსპერტიზა, მე და ჩემს მეზობელს უნდა გვქონოდა შესაძლებლობა, ერთად დაგვესვა შეკითხვები ექსპერტისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ გივი გვენცაძემ  გააკეთა. კორუმპირებულ პირებს, ვინც ქუთაისის მერიაში იმ პერიოდისთვის იყვნენ და დღესაც თავიანთ კლანებს ემსახურებიან, იმათი ნამოქმედარის დამალვა უნდათ, დღესაც ცდილობენ, ჩემს სიმართლეზე თვალში ნაცარი შემომაყარონ. 

ჩვენი პრეზიდენტი რომ აცხადებს, კორუფციას ადგილი არა აქვს იმერეთშიო, აი, თუ არა აქვს! ერთ-ერთი გამოხატულება ეს არის.“

 

***

რამდენად ითვალისწინებენ მოქალაქის შენიშვნებს და მოთხოვნებს, მერიის სამსახურის შესაბამისი წარმომადგენლები? 

ვასილ მებურიშვილი, ქალაქის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი: „მოქალაქე გაღიზიანებულია თვითმმართველობაზე, თუმცა ეს გაღიზიანება უსაფუძვლოა, რადგან სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მშენებლობა კანონიერია და არ ლახავს დარეჯან ხეცურიანის უფლებებს. მოქალაქე ითხოვს, რომ ჩვენ გადაგვესინჯა სასამართლო დაგაწყვეტილება, მაგრამ ამის უფლება არ გვაქვს. პირდაპირ კანონის მოთხოვნაა, როცა არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, საჩივარი არ უნდა განიხილო. მშენებლობა დასრულებულია და ვარგისად აღიარებისთვის მოგვმართა გივი გვენცაძემ.“

თემურ სულაძე, სამშენებლო საქმეების ზედამხედველობის განყოფილების უფროსი:

„ჩვენი მოვალეობაა, ზედამხედველობა გაუწიოთ როგორც კანონიერ მშენებლობას, ისე უზრუნველვყოთ უკანონო მშენებლობის აღკვეთა, კანონშესაბამისი ღონისძიებების გატარება. 

აღნიშნულ საკითხზე არის გაცემული პროექტი და მშენებლობის ნებართვა, რომელსაც ხელს აწერს ქუთაისის მერი. რაკი მშენებლობაზე ნებართვა გაცემული იყო, ამიტომ ჩვენ არ ვართ უფლებამისილი, ჩაგვეთვალა როგორც უნებართვო მშენებლობა, და გაგვეტარებინა ღონისძიება. თუ მოქალაქე თვლის, რომ მშენებლობა იყო უკანონო, მან უნდა მიმართოს ექსპერტს, დადოს დასკვნა, რომ კანონის დარღვევით არის გაცემული დოკუმენტები, უკანონოდ არის დამტკიცებული მშენებლობის ნებართვა, ან მიმართოს სასამართლოს, და სასამართლომ უნდა გააუქმოს მერიის მიერ გაცემული ნებართვა. ჩვენ ვიყავით რამდენიმეჯერ სახლის დასათვალიერებლად. მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოგვმართა  ექსპლუატაციისთვის გივი გვენცაძემ, როდესაც შევამოწმეთ, პროექტს არ შეესაბამებოდა რიგი საკითხები, სანამ არ მიიყვანდა შესაბამისობაში, ექსპლუატაციის მიღებაზე უარი ვუთხარით (ასეთი სახის პრობლემები, ვასილ მებურიშვილის თქმით, თითქმის ყველა მშენებლობას ექმნება, რაც ადვილად გვარდება. ავტ.).

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქცია არ იკვეთება, ჩვენ ვერ გადავაჭარბებთ ჩვენს უფლება-მოვალეობას და ვერ ჩავერევით. თუ წარმოადგენს ექსპერტის დასკვნას, ან მერიის განკარგულებას და გააუქმებენ პროექტს, შემდეგ გავატარებთ ღონისძიებას. “

დარეჯან ხეცურიანი მიიჩნევს, რომ ექსპერტი, რომელმაც მისი სახლის მოკვლევა ჩაატარა, მოსყიდული იყო მეზობლის, გივი გვენცაძის მიერ

„ეს ხდება 2008 წელს. პირველ რიგში საცხოვრებელი სახლის მოკვლევა უნდა ჩაეტარებინა ადგილზე, მაგრამ ის არ მობრძანდა. რომ ჩავეკითხე, საიდან გამოიტანე დასკვნები - თქო, მითხრა, გივი გვენცაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას დავეყრდენიო. ის წერს, რომ ჩემს სახლს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს აქვს სამი ფანჯარა, რეალურად კი აქვს ოთხი, სად წაიღეს მეოთხე ფანჯარა?

ჩრდილო დასავლეთ ფასადზე არის ექვსი ფანჯარა, ეს, მართალია. ჩრდილო აღმოსავლეთ ფასადზე კი აქვს სამი ფანჯარა, მაგრამ ექსპერტი ამ ფანჯრებს საერთოდ არ ახსენებს, რადგან სწორედ ამ მხარეს აწარმოა მშენებლობა ჩემმა მეზობელმა. თუ კი ექსპერტი დაადასტურებდა ფანჯრების არსებობას, იქ ვერაფერს ვერ ააშენებდნენ.

აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ექსპერტი მოსყიდული იყო გივი გვენცაძის მიერ,

მე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა აღვძრა ექსპერტ იოსებ ბაზაძის მიმართ, რომელმაც დაგვაზარალა ჩვენ, მოატყვილა მერია და სასამართლო.“ - აცხადებს დარეჯან ხეცურიანი.

...ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეწვიეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის ექსპრეტს, ბატონ იოსებ ბაზაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ უფროსის გარეშე კომენტარს არ გააკეთებდა, სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა ახვლედიანმა თავის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, პრესსამსახურმა კი, მათთვის ოფიციალური მიმართვა რომ გაგვეგზავნა, ჩვენი მრავალგზის შეხსენების მიუხედავად, ელექტრონული მისამართი არ მოგვაწოდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია