დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სიბინძურე ქალაქის ცენტრში!
2011/05/30 12:48:35

ვინ არის პასუხისმგებელი – მშენებარე კინოთეატრი, „წყალკანალი“ თუ კაფე „ფლამინგო“?

ალბათ, ადრეულ ბავშვობაში ყველას უკვირდა  და   ღია   ონკანის   გამო „ორი რეზოს“ დანაშაულს ვერავინ ხვდებოდა, (გაიხსენეთ ძველი საბავშვო სიმღერა!). მაგრამ ეს ადრე იყო, შემდეგ კი ზრდასრულობაში მიხვდნენ, რომ საერთო საქმისათვის გვერდის გულგრილად ავლა პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს. მაგრამ, თუკი პუშკინის ქუჩაზე დაზიანებულ საკანალიზაციო მილს ვნახავთ, მივხვდებით, რომ ჩვენი საზოგადოების საერთო ცნობიერება სულაც არ შეცვლილა და დაბინძურებული ქუჩის გამო დანაშაულს ვერც ქალაქის ხელმძღვანელობაში და ვერც საზოგადოებაში ვერავინ გრძნობს.

ყოფილ კინო „საქართველოსთან“ მილი დაახლოებით ორი წელია დაზიანებულია და ბინძური წყალი პირდაპირ ქუჩაში მიედინება. გასაკვირია, რატომ არავინ ზრუნავს პრობლემის მოგვარებაზე. აქ ახალი ობიექტის მშენებლობის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი მისვლის დროს პრობლემა უკვე არსებობდა, თქვა, რომ საქმის კურსში არის საკრებულოც და მერიაც, მათი წარმომადგენლები შემთხვევის ადგილას არაერთხელ ყოფილან და განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებენ. თუმცა დაპირება, როგორც ყოველთვის დაპირებად დარჩა. მშენებლობის ხელმძღვანელმა საკუთარი პასუხისმგებლობა სრულიად მოიხსნა და დანაშაული იქვე მდებარე კაფე „ფლამინგოს“ გადააბრალა, როგორც მან განაცხადა, მშენებლობაზე მხოლოდ ერთი სველი წერტილი აქვთ, რაც მილის გაჭედვას ვერანაირად ვერ გამოიწვევდა.

კომენტარისათვის საქართველოს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მენეჯერს ლევან ჭანჭალეიშვილს მივმართეთ, თუმცა, მრავალი მცდელობის მიუხედავად მასთან კომენტარისათვის შეხვედრა ვერ შევძელით. ერთადერთი, რაც სატელეფონო საუბარში გვითხრა, ის არის, რომ პრობლემა, რომელიც ქალაქში არსებობს, თურმე ქალაქს არ ეკუთვნის და მის მოგვარებაზე კაფე „ფლამინგოს“ ხელმძღვანელმა უნდა იზრუნოს.

საქმის შესახებ სულ სხვა შეფასება აქვს აღნიშნული კაფეს მფლობელს კახა მეფარიშვილს: „რატომღაც, ყველა ჩვენსკენ იშვერს ხელს, არადა დაზიანებული მილი ქალაქის წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის. მოსული იყო ლევან ჭანჭალეიშვილი და მე დამავალა, გამეკეთებინა, თუმცა რა ვალდებულებით, უცნობია, არგუმენტად ის მოიყვანეს, კაფედან წამოსული ცხიმით გაიჭედა მილი და დამცავი ბადე გააკეთეთო. რომელი რესტორანი სარგებლობს ქალაქში ამ ფილტრით? ერთი მაინც მითხრან! თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პრობლემა არსებობს, ზუსტად რვაჯერ ჩავატარე გაწმენდითი სამუშაოები ჩემი ხარჯებით, მაგრამ რამდენიმე კვირაში იგივე მდგომარეობა იყო, რადგან მილი გატეხილია და გაწმენდით მისი მოგვარება შეუძლებელია. მე ვთხოვე ხელმძღვანელობას, მოეცათ გაწეული სამუშაოების ქვითარი, რომ ხარჯთაღრიცხვა გამეკეთებინა და იმ მილს ისევ მე გავაკეთებდი ჩემი სახსრებით, მაგრამ ეს არ შეუძლიათ და მე რატომ მხდიან ვალდებულს, საერთო პრობლემა მოვაგვარო? კანალიზაციის ამ მილზეა მიერთებული კინოთეატრიც, თუმცა პასუხისმგებლობას ყველა იხსნის, ყველამ კარგად იცის სინამდვილეში, როგორც არის, მაგრამ მიეჩვივნენ, მე რომ ვაკეთებ და უკვე მხოლოდ ჩემს მოვალეობად თვლიან.“

სამწუხაროდ, დაზიანებული მილის გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. რატომ უნდა იზრუნოს მის მოგვარებაზე ერთმა კონკრეტულმა ორგანიზაციამ? ანდა, თუკი პრობლემა ქალაქის ხელმძღვანელობას არ ეხებოდა, რატომ მივიდა შემთხვევის ადგილზე და პრობლემის აღმოფხვრის დაპირება რატომ დადო? მაგრამ „გაერთიანებული წყალმომარაგების“ მენეჯერის დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ.

როგორც გაირკვა, პრობლემის შესახებ იცის ერმაც და ბერმაც, თუმცა მილს, სადაც დაბინძურებულ წყალთან ერთად არასასიამოვნო სუნიც დგას, გამვლელ-გამომვლელი გვერდს ისე გულგრილად უვლის, საკუთარ დანაშაულს კვლავ ვერავინ ხედავს. არადა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხული მოახლოვდა, მოსალოდნელი ეპიდემიის გამო პრობლემა, შესაძლოა, უფრო მწვავედ და საშიშად დადგეს ქალაქის წინაშე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია