დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩავჯდეთ სხვის ფეხსაცმელში“
2011/05/03 13:35:43

მეტაფორის და მეტყველების როლი პოლიტიკაში

 

პოლიტიკოსთა სატელევიზიო, საპარლამენტო, საგაზეთო თუ სხვა გამოსვლები აქტიურად ადასტურებენ, რომ პოლიტიკურ მეტყველებაში მნიშვნელოვანია მეტაფორის პრაგმატული როლი. თუ თვალს გადავავლებთ ცნობილ პოლიტიკურ გამოსვლათა ჩანაწერებს, ვნახავთ, რომ მეტაფორის, მხატვრული წარმოსახვის ხერხი ჩვეულებრივი ენობრივი ფორმის ფარგლებს სცილდება და ცნებით კატეგორიებს, ადამიანების ენობრივი ქმედების ნაირსახეობას წარმოადგენს.

 

ენის გამოყენება პოლიტიკურ დისკურსში შეიძლება აღვიქვათ, როგორც კონკურენცია პოლიტიკურ აქტიორთა შორის. საინტერესოა თავად პოლიტიკოსთა მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.

რამდენიმე პოლიტიკოსს შევხვდი და მათი მოსაზრებები ასეთია: გიორგი თარგამაძეს მიაჩნია, რომ ორატორობა პოლიტიკოსის პროფესიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ის წარმატების ერთ-ერთი გარანტიაა; უნარია, რომელიც გეხმარება,შენი იდეები მიიტანო ადამიანებამდე, რომელთა ინტერესების გამომხატველი თავად ხარ. მან აქცენტი გააკეთა გურამ ასათიანის წიგნზე „ქართული ხასიათი“, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული ხასიათის მუდმივი შემადგენელი ნაწილია არტისტიზმი. იმის გამო, რომ პოლიტიკოსობა ავტომატურად მოიცავს მხარდაჭერთა მოპოვებას, ამისათვის დარწმუნება აუცილებელია, კომუნიკაცია კი საუკეთესო საშუალებაა. მან ჩერჩილის სიტყვებიც მოიშველია, რომელიც ასე ჟღერს „Politics is selling, selling is talking“ (პოლიტიკა - ეს არის გაყიდვები, გაყიდვები კი არის ლაპარაკი.): პოლიტიკური იდეები დამაჯერებელი უნდა იყოს, ამისთვის უნდა დაარწმუნო ხალხი, ხოლო ხალხი რომ დაარწმუნო, კომუნიკაცია მთავარი იარაღია.

ზაზა გაბუნიამ მეცნიერული კვლევის შედეგი წარმოადგინა იმის შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყველებას პოლიტიკურ დისკურსში. პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: გამომსვლელის მოხსენების დროს მსმენელთა 60% ყურადღებას უთმობს რამდენად ორატორულია მოხსენება, 30% - მეტ-ყველებას აკვირდება, ხოლო 10% - შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, პოლიტიკოსის ენა - ეს არის ის, რასაც მოაქვს პუბლიკის მხარდაჭერა.

ენის გამოყენებას მოლიტიკურ დისკურსში აქვს თავისი განსაზღვრული პრაგმატული დანიშნულება. ენის მნიშვნელობა აღიარებულია თავად პოლიტიკოსთა მიერ, ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებენ თავიანთი მიზნის მისაღწევად: დარწმუნებას, რაციონალურ არგუმენტაციას, ირაციონალურ სტრატეგიას, მუქარას, ქრთამს, ნებისმიერ რაიმეს, რაც, მათი აზრით, სასურველ შედეგს მოიტანს. ყველა ამ მეთოდის წარმატებით გამოყენება კი გულისხმობს ენაში არსებული სტრუქტურების, მათ შორის - მეტაფორის გამოყენებას.

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა პოლიტიკური რიტორიკის მკვლევართათვის სწორედ იმის გაანალიზებაა, თუ რატომ ვერ მოიპოვა გამარჯვება ამა თუ იმ კანდიდატმა. პასუხიც მზადაა - იმიტომ, რომ სწორად ვერ გამოიყენა რიტორიკული ხერხები ამომრჩეველთა მისამხრობად. პოლიტიკური კუთხით, მნიშვნელობა აქვს მოსაუბრის სანდოობას: დაეჯერება თუ არა მთქმელს. სავარაუდოდ, ეს მთელი რიგი სოციალურ-ფსიქოლოგიურ გარემოებათა კომპლექსური ჯაჭვია.

ვერბალურ კომუნიკაციას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ დისკურსში.

შესადარებლად ავიღოთ ბარაკ ობამასა და ჯონ მაკკეინის გამოსვლები. თუ დავიწყებთ იმ მოსაზრებით, რომ წარმატებული რიტორიკა მეტწილად დამოკიდებულია მეტაფორის ეფექტურ გამოყენებაზე, მაშინ, შედარებისას, კითხვა ასე უნდა დაისვას: ვისი მეტაფორაა უფრო ეფექტური და რატომ? საინტერესოა, რომ ორივე ამერიკელი პოლიტიკური დისკურსის ერთიდაიმავე მეტაფორის (მაგ . hard work", "faith" ,"dream", "family") განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენს.

ობამას წარმატება განაპირობა იმან, რომ იგი ლაპარაკობს ფასეულობებზე და არა - პოლიტიკაზე. მისი სტრატეგია ემყარება ფასეულობებს, კომუნიკაციას, ნდობას და იდენტობას. მთავარი აქცენტი გაკეთებულია ადამიანზე და არა - პოლიტიკაზე. მისი გამოსვლები სავსეა ადამიანების შესახებ მოთხრობილი ამბებით, რომლის მიღმაც იკითხება პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა ობამასთვის არის: ადამიანები, შიმშილი, გარემოს დაცვა, ქალთა განათლება, ბავშვთა შრომა, რაც მის მიერ მოთხრობილ ამბებში ნათქვამია ღიად. გავრცელებულია ისეთი მეტაფორები, რომლებშიც დაწესებულება დანახულია, როგორც ადამიანი, ხოლო ერი გაიგივებულია მის ლიდერთან. ობამა არის „ამერიკული ოცნების“ განსახიერება. ლოგიკური სვლა იქნება, მოვიყვანოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პოლიტიკოსის მოსაზრება ობამას წარმატებაზე. ის თვლის რომ ეს სიმბოლურია, თუნდაც იმიტომ, რომ მართინ ლუთერ კინგის წინასწარმეტყველება ახდა და ქვეყანას შავკანიანი პრეზიდენტი ჰყავს; მას აქვს ხალხის ნდობა, რაციონალური ხედვა და პრაგმატული მიდგომა, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. ადამიანები მასში ხედავენ ზეკაცს.

გიორგი თარგამაძე ობამას წარმატების რეცეპტზე შემდეგს ამბობს: „თითქოს ახალი არაფერია, ყველაფერი შემდგომი არის ცუდი ან კარგი გადამღერება ძველისა. ობამას წარმატების ერთ-ერთი რეცეპტი სწორედ რომ ემპათიური ხერხის გამოყენებაა, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის პოზიციაზე საკუთარი თავის დაყენებას. ემპათიის ბიოფსიქოლოგიური საფუძველი გულისხმობს რეაგირებას სხვა ადამიანზე. ეს არის იარაღი, რომელიც გამოიყენება საზოგადოების ყურადღების მოსაქცევად, რაც მეტაფორის აქტიურ როლს გულისხმობს. ამის ნათელი მაგალითია ობამას გამოსვლებში ყველაზე ცნობილი ფრაზა:           „ჩვენ უნდა შევძლოთ, ჩავჯდეთ სხვის ფეხსაცმელში“, ეს ადამიანს აძლევს თანაზიარობის განცდას.“

 

თამარ ციცვიძე,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის IV კურსის სტუდენტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია