დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიყვარულისა და მარტოობის იუბილე
2009/10/19 15:17:34

იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით ერთმანეთს, ის ისე ნერვიულობდა, რომ ღამეც არ ეძინა... რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და ისიც კი არ იცოდა, იუბილეზე რას ჩაიცვამდა, ხუმრობდა, რომ - საპატარძლო კაბას, ამით აუხდენელსაც აიხდენდა... კოლეგები ეკითხებოდნენ, საჩუქრად რა გინდაო და, პირველი, რაც გაახსენდა, თმის სამაგრი პეპელა იყო...   

ნესტანი ასეთი დაიბადა და ასეთია 70 წლის ასაკშიც...

სიყვარული აგროვა და ფანტა, ღიმილად, სხვათა ნუგეშად და სხვათა სიყვარულად. სამაგიეროდ არაფერი მიუღია, მარტოობის დედოფლის გვირგვინი აჩუქეს და მანაც თავის მყუდრო ბინაში მიუჩინა საპატიო ადგილი. არავინ იცის, ეს ბედისწერა იყო, თუ მისი არჩევანი:

„ხანდახან ბინის კარზე ზარს ვრეკავ, თითქოს სახლში ვინმე დამხვდება, მერე ჩემივე ხელით ვაღებ კარს და თვითონ ვესალმები ჩემს სიმარტოვეს. ამაზე ლექსიც დამიწერია...“

უკან 70 წელი მოიტოვა. ამ წლების რეჟისორი თვითონაა, თავად შეარჩია პერსონაჟისთვის კოსტიუმები, სამკაულები... „მე წარვმართე, დავგეგმე ჩემი ცხოვრება, ჩემი მარტოობა კი, ვფიქრობ, უფრო ბედისწერაა... მარტოობის დეოფალი შემარქვეს და, ეტყობა, მეც არაფერი გავაკეთე ამ მარტოობის დასარღვევად. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცას ცოლად არ გავყევი, დავიწუნე! არავინ მითხოვა ცოლად...“

ამბობს, რომ ბუნებით ძალიან მორჩილია, ოცნებებშიც, ალბათ, ათასჯერ მაინც წარმოუდგენია, როგორი ცოლი იქნებოდა, როგორი დედა... თუმცა, ბედისწერასთან ჭიდილში, ამ ოცნებების მიუხედავად, საკუთარი ცხოვრების რეჟისორმა და სცენარისტმა სხვა კუთხით წაიყვანა სცენარი: აქაც მთავარი სიყვარულია, ოღონდ პერსონაჟია ისეთი უცნაური, გამორჩეული და ორიგინალური, რომ ერთხელ ნახავ და მის დავიწყებას ვერ შეძლებ. იმიტომ კი არა, რომ პოეზიის შედევრები შეუქმნია, უბრალოდ, ძალიან იოლად ახერხებს, რომ არ დაგავიწყდეს. დღეს ქუთაისის კოლორიტია...

***

შემოქმედებითი სული სხვადასხვა სფეროში გადაანაწილა:

თეატრი, პოეზია და პროზა, ჟურნალისტიკა, პედაგოგობა...

70 წლის მანძილზე ბევრი როლი იყო და უამრავი სტრიქონი. დღეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ერთადერთი მსახიობია, რომელიც მწერალთა კავშირის წევრიცაა.

ამ ხნის მანძილზე 50-ზე მეტი წიგნი გამოსცა, თუმცა, საიუბილეო სურვილი იყო, ოთხტომეული ჰქონოდა და ეს სურვილიც აისრულა.

„ძალიან ბევრი ნაწარმოები დამიგროვდა. პირველად 777 მინიატურა დაიბეჭდა, რომლის გამოშვებაში ელისო კილაძე დამეხმარა, მერე გიორგი სიხარულიძეს ვუამბობდი წარსულის ამბებს და მითხრა, ესენი დაწერეთ, არ უნდა დაიკარგოსო. ასე შეიქმნა  წიგნი „ლამაზი ფურცლები წარსულიდან“. ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და კულტურის სამსახურის უფროსის მხარდაჭერით, ჩემი მოთხრობები ერთ წიგნად - „წარმოდგენა გრძელდება“ - დაიბეჭდა, ხოლო ლექსების ტომი „დედოფლის აღსარება“ პროფესორ ზაალ ლილუაშვილის დახმარებით გამოვიდა. ჩემი ნანატრი ოთხტომეული შედგა. მადლობელი ვარ, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, თუ ეს წიგნი მკითხველამდეც მივა...“

საიუბილეოდ სიყვარულს იმკის... მეორე სახლში - თეატრში ფუსფუსია...

„დიდი ბანერი რომ გამოკრული-ყო თეატრის წინ, ამისთვის ბატონმა თორნიკემ და გიორგიმ ძალიან ბევრი ირბინეს. იუბილის სცენარზე თორნიკე მარჯანიშვილი მუშაობს, დააკავეს ახალგაზრდა მსახიობები, მოვიდა ნუკრი ჟორჟოლიანი და მეუბნება, თქვენს საღამოზე ლექსი მინდა წავიკითხოო, მოვიდა მარიკა სამანიშვილი ჩხუბით და - რას ქვია, მე შენ ლექსს არ წავიკითხავო... ერემო სვანაძემაც გამიხმო და მითხრა, შენზე ლექსი მაქვსო, იუბილეზე წავიკითხავო... ვკითხე, პარტერში რომელ რიგში ინებებდა დაჯდომას და მითხრა, რა მინდა პარტერში, კულისებში დავდგებიო...“

ნესტანმა საიუბილეო საჩუქრები უკვე მიიღო ჟურნალ „განთიადიდან“: მოლოცვების მთელი სერია მედია ჩოგოვაძის, ავთო  ყურაშვილის, თემურ ამყოლაძის და ზაალ ებანოიძის ინიციატივით დაიბეჭდა.

აკადემიკოსმა მაგალი თოდუამაც ძველ მეგობარს, საკუთარი ხელნაწერი ბარათი გამოუგზავნა სადაც წერია:        „შირაზს საადი ჰყავს, ბუხარას - მოლა ნასრედინიო. მე ასე ვიტყოდი: შირაზს საადი ჰყავს, ბუხარას - მოლა ნასრედინი, ქუთაისს - ნესტან კვეიძე“.

წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია...

 

***

მარტოობის დედოფალი ხანდახან ფიქრობს, რომ ლექსებს აღარ დაწერს:

„დავიღალე... “

ახლა ირგვლივ ბევრი ვინმე აკლია: დედა, კირა, დეიდა ელიზა... ესენი  ისეთი ტკივილია მისთვის, რომ ლაპარაკიც კი არ სურს,

კიდევ ლილი ნუცუბიძე, რუთა ბეროძე, ზურაბ კუხიანიძე და ძალიან ბევრი, ბევრზე ბევრი...

„ზურაბი დამირეკავდა, მოდი, ფუფალაო. ვიცოდი, ქეიფობდა და უნდოდა ლექსი წამეკითხა... მეც არ მეზარებოდა...“

უჩვეულოდ უცნაური ქალია...

ერთხელ მეგობარმა უთხრა, დაბადების დღისთვის საჩუქარი მინდა შეგირჩიო და შენ მითხარი, რა გინდაო. საბოლოოდ პომადაზე შეთანხმდნენ, ფერზე როცა მიდგა საქმე, ნესტანმა დაფეთებული გაზაფხულის ფერი მოინდომა...

უჩვეულოდ უცნაური ქალია.

ერთხელ სასტუმრო „ქუთაისთან“ ერთმა ბიჭმა გააჩერა, ლექსი უნდა წაგიკითხოთო. ნესტანის ლექსი აღმოჩნდა, ათი წლის წინ ხელსახოცის ქაღალდზე რომ დაუწერა იმ ახალგაზრდას რესტორან „ქუთაისში“, ხელსახოცი დაიბრუნა, ამ ერთი ლექსისთვის ხომ არ გამოუშვებდა პატარა წიგნს, ადგა და თითქმის ერთ საღამოს დაწერა სხვა დანარჩენი, ერთი ლექსიც არ დაკარგა...

სულ პირველი წიგნიც, ერთი ლექსი რომ არ დაკარგულიყო, - იმიტომ გამოვიდა: „ქუთაისი ისევ რჩება უქართულეს ქალაქად...“

 

***

მე კი ყოველთვის ერთი რამ მახსენდება:

გაზეთ „ჩემი ქუთაისის“ პირველი ნომრები გამოდიოდა. რედაქტორის, სოსო მაღრაძის კაბინეტში ვისხედით. შემოვიდა ნესტანი, ხელში თეთრ ქაღალდში გახვეული ხაჭაპურები შემოიტანა და ბატონ სოსოს მიართვა, ახლახან გამოვაცხვე და მიირთვით, სამსახურში გესიამოვნებათო.

თან შემოიტანა ოჯახური სითბოს მონატრების სურნელი.

იქნებოდა კარგი ცოლი - მორჩილი, კარგი დედა -უზომო სიყვარულს რომ ასწავლიდა შვილებს.

ბედისწერამ არ ინება და მისი სახელის გასწვრივ დაწერა „მარტოობის დედოფალი...“ ნესტან კვეიძე ამასაც დასჯერდა. ცოტა არაა, ქალაქში უყვარდე ბევრს... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია