საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შავჩოხიანი რაინდი
2012/09/24 12:08:18

მის დაადეამდე 21 წლით ადრე ქუთაისში, კინოთეატრ რადიუმშიშეკრეილმა ქუთათურმა ელიტამ ილა სასწაული, რომელსაც ვასილ ამაშუკელის სრულმეტრაიანი დოკუმენტური ფილმი აკაკის მოგზაურო რაჭა-ლეჩუმშიერქვა. დარაზში ტევა არ . 1912 წლის 20 სექტემერი გალდათ ის დღე. იქ დამსწრეთაგან აზრადაც არ მოსვლია ვინმეს, ხელში კალამი აეღო და გაეფორმეინა ეს ფაქტი. ან კი ამის თავი ვის ექნეოდა მაშინ. გაოცეისგან ერთი კვირა გამარისმაგივრად, თურმე, ეს ეკერათ პირზე. ჯერ ადრე იმ კაცის დაადეამდე, ვინც საკუთარ თავზე აიღედა ამ ფაქტის საფუვლიან გამოკვლევას.

 

*** 

ზუსტად 21 წლის შემდეგ, ქუთაისისა და მისი რაიონის პროკურორის - გალაქტიონ დოლიძის ოჯახში ნანატრი ვაჟი - გოგი გაჩნდა. მისი დაიკოები - მედეა, ლეილა და ცაგუ დედას ყელგამოწვდილი ეხვეწებიან, გოგი გვაჩუქეო. მარიამიც ყველას ჩუქნის პატარა ანგელოზს და დოლიძეების ოჯახში სრული ბედნიერება სუფევს.

განებივრებული ოქროს ბიჭუნა კი, ამირანივით, ელვის სისწრაფით იზრდება, საოცარი აღნაგობითა და გონიერებით ხიბლავს ყველას. გამორჩეული, შარმიანი ბიჭია. საბავშვო ბაღის თვალია, ყველას მოსწონს და უყვარს - ყველაზე კარგი ადგილი, ყველაზე კარგი თეფში, ყველაზე კარგი ლექსი მისთვის ემეტებათ. პროკურორის შვილობა აქ არაფერ შუაშია. თავად არის უკვე პიროვნება,  ჩამოყალიბებული კაცი და, სხვათაშორის, რაღაცნაირი მოკრძალება და მორიდებაც კი აქვთ მისდამი აღმზრდელ-მასწავლებლებს. ეს ბაღში ხდება. საბავშვო ბაღში...

 

 *** 

ასე გრძელდება სკოლაშიც. გიმნაზიის (ახლანდელი პირველი საჯარო სკოლა) დერეფანში, დასვენებაზე მასწავლებელი გულისწყვეტით აყოლებს თვალს ყველაზე ლამაზ, მოწესრიგებულ და ნიჭიერ მოსწავლეს. გული სწყდება, რომ თავად არ აქვს პატივი, იყოს მისი დამრიგებელი (ამას შემდეგ გოგის თანაკლასელები გაიხსენებენ). გატაცებულია ბიჭი ჰუმანიტარული საგნებით, არ უყვარს ქიმია და ფიზიკა, არც მათემატიკაზე ამოსდის მზე და მთვარე. სამაგიეროდ, ქიმიის, ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლები გიჟდებიან მასზე და, ამ დიდი სიყვარულის დასამტკიცებლად, მხოლოდ მაშინ გაიძახებენ, როცა, მაგალითად, ნიუტონის ბიოგრაფიაა მოსაყოლი. გაგიხარია, წამოდგება ახოვანი, მშვენიერი ჭაბუკი და საოცარი, სულში ჩამწვდომი ხმით დაიწყებს ამბის თხრობას. ირინდება კლასი, მასწავლებელი თვალებს ხუჭავს და ისმენს ჰარმონიას. ხავერდოვან ბგერათა ღაღადს. არავის უნდა, მოკლე იყოს ბიოგრაფია, თითქოს რიონიც გაირინდა მე-9 კლასის ფანჯარასთან. თანაკლასელი ბიჭები ეჭვიანობენ, ყველა გოგოს გოგი უყვარს. ეს უსამართლობაა. „გოგის ბრალი ხომ არ არის, ასეთი შეუდარებელი როა!“ - დაამშვიდებს ბიჭებს ჟორიკო. მართალია! - თავს დაუქნევენ სხვები...

 

*** 

კარგი არჩევანია - თეატრალური! ნამდვილად სცენისთვისაა დაბადებული. გადაწყვეტილებას უწონებს ყველა.

მისაღებ გამოცდაზე ყველას უნდა გოგის ახლოს მოხვდეს: ლამარას, ზინაიდას, ნაზის... მაინც, რატომ იმტვრევენ კისერს? მოსწონთ, ალბათ, და თემის დაწერაშიც უნდათ დახმარება. ხუთ თემას წერს ერთდროულად. გოგოები მისთვის განკუთნილ ფრაზებს ყურდაცქვეტილი იჭერენ და არც უკვირთ, შეფასება „ხუთი“ რომ აქვთ. თავად „ოთხიანი“ მიიღო, ნამდვილი „რაინდია“, მაგრამ გოგონები წუხან. თავად გოგი სიცილით ამბობს, - „ოთხი“ რატომ? ხუთი „ხუთიანი“ ხომ მივიღე?!.

„სხვისი“ თამაში არ შეიქნა მისთვის მომხიბვლელი, საკუთარი თავის როლში ყოფნა უფრო ხიბლავდა, ამიტომაც, უცხო ენების ინსტიტუტში გადავიდა.

ქუთაისში მეგობრებთან გაიხუმრა ერთხელ, - ჩემზე კარგი ბიჭი ჩემს კურსზე არ არისო. ვაჟა ჭყონია „გაუშვეს“ ბიჭებმა დასაზვერად. ვაჟამ შუა ლექციაზე ღრიჭოდ შეაღო კარები და თვალი მოავლო  აუდიტორიას.  ხარხარმა    შეწყვიტა ლექცია. დერეფნიდან შემოვარდნილი ხარხარი გოგიმ ჭყონიას სიცილად ამოიცნო, ჭყონიამ კი მეგობრებში შეაჩვენა გოგია, - ის შეჩვენებული მარტო ერთი ბიჭი ყოფილაო კურსზე. ისეა, რავარც მამალი საქათმეშიო, წავიდეთ და შევესიოთო.

- სატრაბახოთ მართლა ჰქონია საქმე! უკონკურენტოა.

- ათი ბიჭი იყოს, თუ გინდა, ჩვენი გოგიასნაირი მაინც არცერთი იქნებაო.

- ცოდვა გამხელილი ჯობია, ბიჭებო, და მართლა რა მოხდენილია მაგ შეჩვენებული! - ბოლოს დაასკვნა ჭყონიამ.

- ქუთაისელი ბიჭები, ყველა მაგფერები არ ვართ? - წამოიძახა ვიღაცამ.

- დეიღუპე  აქედან, შე  დაპეყვილო.

 

*** 

სიყვარულს ყველასგან რომ გრძნობდა, ეს არაფერი ყოფილა იმ გრძნობასთან, ახლა რომ ეწვია დაუპატიჟებლად! თავის თავზე უზომოდ შეყვარებული, უცებ სხვაზე გაგიჟებით შეყვარებულად გადაიქცა. მისი ტრფობის ობიექტი ულამაზესი გოგონა მაყვალა მაისურაძე იყო. სატრფოს რაჭველ მშობლებს გულზე არ ეხატებოდა გურული წარმოშობის სასიძო, სამაგიეროდ, მათ ქალიშვილს უზომოდ ხიბლავდა. ჰოდა, მოიტაცა. „ზიმით“ ჩავიდნენ მცხეთამდე, მერე სოხუმის მატარებელში გადასხდნენ და უმცროს დაიკოს, ცაგუს მიაყენა მოტაცებული ქალი. ცაგუს თავისი მულის ქორწილის სუფრა აულაგებელი ჰქონდა და გაჩაღდა ქორწილი სხვა სიძე-პატარძლით, უფრო ლამაზების და შნოიანების. გაგიჟდნენ სოხუმელები ცაგუს ძმის სილამაზეზე, შეშურდათ და მერე როგორ შეშურდათ რაჭველი გოგოსი, რა ბედი ჰქონიაო...

გაგიჟდნენ სოხუმელი კაცები ახალი სიძის თამადობით: არც აქამდე და არც ამას შემდეგ, აღარც უნახავთ ასეთი თამადა. ვიღაცამ ეზოში იასამნის ახალგაზრდა ხეზე ჯაყვით ამოჭრა „1958 წელი“...            „გოგი დოლიძე“ უნდოდა მიეწერა, მაგრამ საჩქაროდ სუფრასთან დააბრუნეს: თამადობა შეწყვიტა ქუთაისელმა, ერთი სკამი რატომ არის ცარიელიო...

 

*** 

ვისაც მისი თამადობა არ უნახავს, ე.ი. არაფერი ცოდნია თამადობაზე, ამბობს ერთი და ამბობს ყველა, ვისაც ჰქონია ბედნიერება, ყოფილიყო გოგი დოლიძის თანამეინახე. მკაცრიც და ზომიერიც, დესპოტიც და დემოკრატიც, პოეტიც, მომღერალიც, ორატორიც და, რაც მთავარია, მისი აღმატებულება თამადა...

წამოდგება და მე შენ გეტყვი, ვერ დაინახავს შორეული კუთხიდან თანამეინახე. სიტყვას იტყვის და - არ მისწვდება ვინმეს ყურთასმენას. ლექსს წაიკითხავს და - არ მოგაწყურებს პოეზიას, სასმისს აწევს და - ბოლომდე არ დაცლის. და, რაც მთავარია, უბადლო თამადას სუფრის სადავეები არასოდეს გაქცევია.

 

*** 

არც მის ლექციაზე დასძინებიათ სტუდენტებს. ფართოდ გახელილი თვალებით, ყურთასმენად გადაქცეული ახალგაზრდები ნახევარ საუკუნეზე მეტია, უსმენენ გამორჩეულ ლექტორს, რომელმაც იმდენი რამ იცის კინოზე, რომ ერთი ლექცია კი არა, მოსასმენად, მთელი ცხოვრება არ ეყოფათ...

მის სიტყვას სხვანაირი ხიბლი და ძალა აქვს, მისი ხმის ტემბრი იმდენად დამაჯერებელია, რომ ეჭვის ნატამალიც არ რჩება. ასეთი ხმის პატრონს ტყუილიც დაეჯერება, ალბათ...

მრავალი წიგნის და სტატიების ავტორს არ შეუძლია კორექტურის პატიება. წიგნის კითხვისას ხელში ფანქარი უჭირავს და ასწორებს შეცდომებს, ეს მისი ჩვევაა, შეცდომებიც ქედს იხრიან მის წინაშე და კი არ ემალებიან, ეძახიან, თვალში ეჩხირებიან, აქა ვარ, დამინახეო. ბოლოს კი, ხდება ისე, რომ ბევრი ახალი გამოცემა მუშა პროცესში მყოფ ხელნაწერს ემსგავსება. ამის პატიება მას არ შეუძლია. ამიტომაცაა ბევრი კრიტიკული სტატია მისი ხელმოწერით.

 

*** 

თავის უმთავრეს ამქვეყნიურ მისიად ის მიაჩნია, რომ გამოიკვლია ვასილ ამაშუკელის შემოქმედება. თითქმის ნახევარი საუკუნეა, იბრძვის იმისათვის, რომ მსოფლიომ აღიაროს პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. მიუხედავად ათასგვარი სირთულისა, კომუნისტური წყობიდან მოყოლებული, ყველა დონეზე იბრძვის ამისათვის, და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, იბრძვის დღემდე. რადაც არ უნდა დაუჯდეს, „ძია ვასოს“ ღვაწლს მაინც მიაწვდენს მსოფლიოს. მსოფლიო კინოს ისტორიაში არის თითებზე ჩამოსათვლელი თარიღები, ათ თითზე კი არა, ხუთ თითზე ჩამოსათვლელი. ასეთია: 1921 წელი. ქუთაისი, ვასილ ამაშუკელი,  „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ამიტომაც ფიქრობს, რომ მოიწვიოს წამყვანი ქვეყნების კინომცოდნეები, მათი უპირველესი ფილმებით, თავად კი დახვდეს ამ შედევრით. უტყუარი ფაქტით იმისა, რომ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პიონერი საქართველოა. ამის შემდეგ მისია შესრულებული იქნება. ვალი ექნება მოხდილი კაცთან, რომელიც მისთვის ძვირფასი განძია. „ასი სიცოცხლე რომ ეჩუქებინა ღმერთს ჩემთვის, ასივეს ამ საქმეს მოვახმარდი, ასი გული რომ მქონდეს, „ძია ვასოს“ სიყვარულით დავფერფლავდი.“

 

*** 

ქუთაისი კი ის ქალაქია, სიზმრად ყოველ ღამით რომ ნახულობს: მე ერთი წუთით არ მოვშორებივარ ჩემს ქალაქს, ის მუდამ ჩემშია და სიკვდილიც კი ვერ დამაშორებსო.

როცა ქუთაისში მოდის, მთელ ღამეს ფორიაქში ატარებს, რაღაც უჩვეულო შიში იპყრობს, ვაი თუ... ათასი „ვაი თუ“ აეკვიატება. ალბათ, ის - „ვაი თუ“, ვერ მიცნოს ქუთაისმაო. ვერ იცნოს იმიტომ, რომ მისი ნაცნობ-მეგობრების წრე თანდათან ვიწროვდება. მისი ძმაკაცები, ბავშვობის ძმაკაცები ცოცხალი აღარ არიან. რა დაემართათ ბიჭებს? - უკვირს. თავად იმდენად ახალგაზრდად გამოიყურება, უკვირს, რამ დააბერა მისი ბიჭები. მეგობრები კი გაოცებას ვერ მალავენ, რატომ არ ბერდება გოგი დოლიძე, რა საიდუმლოს ფლობს ასეთს, ჩვენ რომ არ გვიმხელსო?!.

საიდუმლო? არაფერი საიდუმლო, უბრალოდ, უსმენს საკუთარ ორგანიზმს, ცდილობს, დაასვენოს, არ გადაღალოს. ის კი მადლობის ნიშნად უნარჩუნებს ახალგაზრდობას, უფრო სწორედ, ვერ იმეტებს სიბერისთვის.

უკვე შვილთაშვილის დიდი ბაბუაა, ხუთი შვილიშვილის პაპა და ორი ვაჟკაცის მამა. ბედნიერია, ასეთი შთამომომავლობა რომ ჰყავს, მისი გენის და საქმის ღირსეული გამგრძელებელი. მაგრამ ფრთაჩამოტეხილია, მაყვალა, მისი დიდი სიყვარული რომ აღარ უდგას გვერდით. ვერ წარმოიდგენდა, მის გარეშე სიცოცხლე თუ შეიძლებოდა. ძვირფას საფლავზე ხშირად დადის და ლხინსა თუ ჭირს - ყველაფერს მას უზიარებს, ერთადერთს, მის ნამდვილ მეორე ნახევარს. ამ ტკივილსა და სიხარულში, ერთ წელიწადში მოვა ოთხმოციც.

რა მალე გაფრინდა ეს წლები მისთვისაც. თითქოს გუშინ იყო, ფაიტონს რომ მოახტებოდა ქუთაისის ვიწრო ქუჩებში! თითქოს გუშინ იყო, 1945  წლის 9 მაისს პუშკინის ქუჩაზე მიმავალმა, რადიოში დიქტორის ხმა რომ გაიგონა, ომის დამთავრების შესახებ. ხმა, რომელიც დღემდე ყურებში ჩაესმის და იმედით ავსებს. თითქოს გუშინ იყო ყველაფერი, რაც დღემდე იყო.

მაინც, რატომ მოავლინა ღმერთმა ამ ქვეყანაზე, მაინც და მაინც ქართველად, ქუთაისელად? ალბათ, ჰქონდა მიზეზი. მან ეს იცის, იცის ის, რომ მის დაბადებამდე 21 წლით ადრე...

 

*** 

გამორჩეული პიროვნება ჩვენს პატრიარქს როგორ გამორჩებოდა თვალთახედვიდან. წლების წინ მოიხმო თავისთან და სთხოვა, „ჩოხოსან რაინდთა დასისთვის“ ეხელმძღვანელა. უარს როგორ აკადრებდა ერის სულიერ მამას. როგორც ბევრი აღნიშნავს, ნამდვილი ჩოხოსანია. ყველა ღირსებით შემკულ კაცს ჩოხა განსაკუთრებულად ამშვენებს. დღეს თითქმის რვაასამდე ჩოხოსანია სრულიად საქართველოში. ქართულ წეს-ჩვეულებებს, ადათ-წესებს, ტრადიციებს თაყვანს რომ სცემენ. მხოლოდ ღირსეულებს აქვთ ამ დროში ჩოხის ტარების პატივი, მხოლოდ ღირსეულებს აქვთ „ჩოხოსანთა ფიცის“ დადების პატივი, ფიცისა, რომელიც თავად პატრიარქმა შექმნა.

 

*** 

დღეს 2012 წლის 20 სექტემბერია. ზუსტად ასი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც 1912 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში კინოთეატრ „რადიუმში“ აჩვენეს პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად ბევრი გეგმა ჰქონდა გოგი დოლიძეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, მხოლოდ ვიწრო წრეში გაიხსენა საუკუნის წინანდელი მოვლენა.

„დასანანია, ასეთი არაკაცობის მომსწრე რომ გავხდით, არ უნდა დავუშვათ, რომ უზნეობამ იზეიმოს. ისე როგორც არასდროს, ახლა გვჭირდება ღირსეული მაგალითები, უნდა ვაიძულოთ საზოგადოება, სასწრაფოდ ბოროტების მაგივრად იფიქროს სიკეთეზე, სიძულვილზე უნდა გავამარჯვებინოთ სიყვარულს. ვერაფერმა ვერ უნდა ჩაგვიშალოს კეთილი საქმე. უნდა გვახსოვდეს ისტორია და ჩვენი ღირსეული წინაპრები. უნდა ვაჯობოთ საკუთარ თავს და ვიწამოთ ღმერთი, რომელიც დაიფარავს ჩვენს ერს ყოველგვარი განსაცდელისაგან...“ - ამბობს გოგი დოლიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია