საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრის „კურთხევა“ - რექტორის მოვალეობის შემსრულებელს
2013/06/17 12:14:04

ერთადერთი სწორი გზათუ რესოვეტიზაცია?

 

 

განათლების სფეროში ახალი ხელისუფლების კიდევ ერთმა ინიციატივამ სტუდენტების აქციები გამოიწვია. ამჯერად საუბარია უმაღლესი განათლების სფეროში ორ ძირითად ცვლილებაზე: ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, გარდამავალ პერიოდში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის რექტორს სამეცნიერო ხარისხი უნდა ჰქონდეს.

მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები საქართველოს პარლამენტში იხილება და აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ კოალიციაშიც გამოიწვია.

 

უმაღლესი განათლების სფეროში მოსალოდნელი ცვლილებების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება უნივერსიტეტების ავტონომიას ზღუდავს, რადგან პრემიერ-მინისტრი ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. პრეზიდენტის შეფასებით, ახალი ხელისუფლება განათლების სფეროს  „რესოვეტიზაციას“ ახდენს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი, კარგი იქნებოდა, ყველამ უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოს ცვლილებებში, რომელიც იგეგმება:

„ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მეტიც, მისასალმებელია, როცა სტუდენტები ღიად აფიქსირებენ თავის აზრს. სასურველი იქნებოდა, უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოს ყველამ იმ ცვლილებებში, რომელიც ხორციელდება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების აქციების საპასუხოდ, რომელიც განათლების სამინისტროსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები „განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, განსაკუთრებით, იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის საბჭოების ფუნქცია მცირდება და პრემიერ-მინისტრს ეძლევა რექტორის დანიშვნის უფლება.

მარგველაშვილის ახალ ინიციატივას მოწინააღმდეგებები თვით კოალიციაშიც გამოუჩნდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელია, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა ან რომელიმე მინისტრმა დანიშნოს.

„კანონპროექტში არის დებულება, რომელიც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს არის ის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში პრემიერ-მინისტრი ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

მე არ მიმაჩნია სწორად, რომ თუნდაც დროებით შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტების ავტონომია. მე უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მირჩევნია, უნივერსიტეტის საბჭომ აირჩიოს ჩვენი ან ვინმეს წარმოდგენით არასასურველი რექტორი, ვიდრე ჩვენ, პრეზიდენტმა, პრემიერმა თუ მინისტრმა დანიშნოს ის,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე.  მისი თქმით, ცვლილებები  საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან უსამართლოდ ხდებოდა, მაგალითად, თანამდებობრივი სარგოების გადანაწილება და ძალიან ბევრი მახინჯი პროცესი მიმდინარეობს უნივერსიტეტში. თუმცა მიიჩნევს, რომ რექტორი არჩეული უნდა იყოს მთლიანად უნივერსიტეტის პერსონალის მიერ. რაც შეეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერის მიერ დანიშვნას, მიუხედავად კოალიციის წევრობისა, მან ამას მხარი არ დაუჭირა.

„ჩვენ კანონს არ ვიღებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პერიოდისთვის. მე ვიცი, რომ ის დემოკრატია. ჩვენ კანონს ვიღებთ ზოგადად. ამიტომ ვითვალისწინებთ იმ საშიშროებას, თუ ვის ჩაუვარდება ეს კანონი მომავალში ხელში,“ - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ  ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო დღეს გვეუბნება, რომ ვისაც ხუთი ბოთლი კონიაკით რუსეთში სადოქტორო აქვს დაცული, შეუძლია, ასწავლოს და კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრს - არა.

„ახლა ხდება „რესოვეტიზაცია“ ჩვენი სისტემის. ჩვენ ვბრუნდებით 20-30 წლით უკან, თუ ეს ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც იგეგმება. მე ვფიქრობ, არ გაკეთდება, მაგრამ ზიანს ეს მოიტანს და „დაპაუზებულ“ მდგომარეობაში გადაიყვანს ჩვენი განათლების სისტემას. საქართველოში იყო ყველაზე პროგრესული განათლების სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ბევრი ახალი კადრი მოვიდა. მაგალითად, ვიღაცას აქვს მაგისტრატურა დამთავრებული აშშ-ში სამართლის დარგში, ვიღაცას - ვთქვათ, კრასნოიარსკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და იქ დაიცვა დისერტაცია. ხომ ყველამ ვიცით, როგორ იცავდნენ დისერტაციას 1990-იან წლებში - ხუთი ბოთლი კონიაკით? ამას გვეუბნება დღეს სახელმწიფო, რომ ხუთი ბოთლი კონიაკით ვისაც აქვს სადოქტორო დაცული მაშინ რუსეთში, იმას აქვს უფლება, ასწავლოს და ვისაც აქვს დამთავრებული კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, როგორც მე, იმას არ აქვს უფლება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა  კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარემ მაია ხარაძემაც გააპროტესტა და მას არადემოკრატიული უწოდა.  

„ჩემი სიმპათიის მიუხედავად, ვერ გავამართლებ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას... აღნიშნულით კოალიცია „ქართული ოცნება“ დაადგება იგივე გზას და იმოქმედებს ანალოგიური მექანიზმებით, როგორც თავის დროზე   „ნაციონალური   მოძრაობა“ მოქმედებდა. გაუმართლებელია უნივერსიტეტში, თუნდაც განსაკუთრებულ  შემთხვევებში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს და უნივერსიტეტის მართვის ორგანოს, „აკადემიური საბჭოს“ გვერდის ავლით ერთპიროვნულად იმოქმედოს,“ - აცხადებს მაია ხარაძე.

აკადემიკოს ლადო პაპავას შეფასებით კი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები არის ერთადერთი სწორი გზა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში წესრიგი დამყარდეს.“  ამის  შესახებ  პაპავამ                                 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც წლების განმავლობაში ყველა უნივერსიტეტში ხდებოდა, ეს იყო სტუდენტებისა და ლექტორების უფლებების დარღვევა. თავისთავად, უნივერსიტეტის იდეა არის წმინდა. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და მე ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელს მთავრობა კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ ის უნდა იყოს არჩეული, მაგრამ აქ კიდევ ერთი პირობაა - მთავარია, ვინ არიან იმ აკადემიური საბჭოს პროფესორები, ვინც რექტორი უნდა აირჩიოს. თავისთავად, ცვლილებას მივესალმები, რადგან ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ წესრიგი დამყარდეს. უნივერსიტეტის პირველი პირი უნდა იყოს აკადემიური ხარისხის მქონე და, მე ვფიქრობ, მას სამეცნიერო ხარისხიც უნდა ჰქონდეს, რადგან მან უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სამეცნიერო კვლევა, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სტუდენტებთან ურთიერთობა,“ - განაცხადა ლადო პაპავამ.

ეკონომიკის პროფესორი რექტორის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ამ თანამდებობას, თუ სტუდენტთა ან პროფესორთა ჯგუფი დაასახელებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით მაქვს უფლება, ჩემი თავი დავასახელო, მე ამას არ გავაკეთებ... ვინც არ უნდა დაინიშნოს უნივერსიტეტის რექტორად, იმედია, იქნება ღირსეული და იმედი მაქვს, რომ არჩევნები მალე დაინიშნება, რადგან ვთვლი, რომ უნივერსიტეტს არჩეული რექტორი უნდა ჰყავდეს,“ - განაცხადა პაპავამ და  დასძინა,  რომ „უნივერსიტეტი არცერთი მთავრობის მონა არ უნდა იყოს“.

ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა კურსდამთავრებულებმა და პროფესორებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილის სახელზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ გაუგებარია ამ სასწრაფო ცვლილებების მიზანი და მისგან მოსალოდნელი სარგებელი, მით უმეტეს, რომ მათ მომზადებაში ჩართული არ ყოფილა საუნივერსიტეტო საზოგადოება. ისინი პარლამენტში განხილვების შეჩერებას ითხოვენ.

„მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორსირებული ცვლილებები აკადემიური თავისუფლების პრინციპების შებღალვას წარმოადგენს, უნივერსიტეტის ავტონომიას ზღუდავს“ - აცხადებენ წერილის ავტორები, რომლებიც კანონპროექტის მიღების  შემთხვევაში, მის სასამართლოში  გასაჩივრებასაც არ გამორიცხავენ.

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია