დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაზე მუშაობენ განათლების სფეროს ექსპერტები?
2010/02/15 12:57:54

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ძირითადი კომპეტენცია და ფუნქციაა ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება, მის განვითარებაზე ზრუნვა, მონიტორინგი,  ასევე - სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მონაწილეობა და  შემოსული სახელმძღვანელოების შეფასება, ეროვნული შეფასებების განხორციელება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა არის შესაცვლელი და განსავითარებელი ეროვნულ საგნობრივ გეგმაში, საგნობრივ სტანდარტებში; ასევე მის ფუნქციებში შედის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობა, მათთან ერთად რიგ პროცესებში მონაწილეობა, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების თუ სხვადასხვა გამოცემების დამუშავება-გამოცემა, ანუ ამ ეროვნული სასწავლო გეგმის პარალელური პროცესების ხელშეწყობა. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე.

- ქალბატონო ნათია, იქნებ, მოკლედ შეაფასოთ ის განვლილი პერიოდი, რასაც  რეფორმის პირველი ეტაპი ჰქვია. რატომ მოხდა, რომ ძალიან ბევრი რამ ძირეულად არის შესაცვლელი, თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს?

- დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ამ რეფორმის შედეგი ჯერ არა გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, - ამ ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში. აქ შედეგში ჩვენ ვგულისხმობთ ე.წ. რეფორმირებული ბავშვების მონაცემების კვლევას და ა.შ. ზუსტად, აი, ამ პროცესში ვართ ახლა. მეორეს მხრივ, სახელმწიფოში არ არსებობდა ეროვნული სასწავლო გეგმა და როდესაც რეფორმა დაიწყო, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა. მაგრამ ისევე, როგორც ნებისმიერი დოკუმენტი, ის საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს და განახლებას. ახლა ზუსტად იმ სტადიაში ვართ, როდესაც უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას იმიტომ, რომ გვაქვს სხვა გამოწვევები, ახალი რეალიები. მე მაინც ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ დღევანდელსა და 2004-2005 წლების პერიოდს შორის; არსებული ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა განვითარდეს, დაიხვეწოს და მას დაემატოს ის ინიციატივები, რაც გაჟღერდა პრეზიდენტის მიერ. ანუ საუბარი არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლაზე, სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ფიზიკურ აღზრდასა და სასპორტო განათლებაზე. ასევე, საუბარია ისეთი საგნების შემოტანაზე, როგორიცაა მსოფლიო კულტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები რაღაც დოზით ამას  სწავლობენ ისტორიაში, მაგრამ ერთიანი ინტეგრირებული საგანი, რომელიც მოიცავს მსოფლიო კულტურის ყველა სფეროს, არ არის და ასეთი საგანი გვინდა, რომ დავამუშაოთ.

სავარაუდოდ, ეს იქნება ზედა კლასებში. დაბალ კლასებში ეს შეიძლება იყოს ინტეგრირებული არსებულ საგნებთან. პირველ ეტაპზე საპილოტე პროექტს განვახორციელებთ და ვნახოთ, ექსპერტთა ჯგუფი როგორ ბადეს შეიმუშავებს ამ საგანთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ ამ დარგის 2400 პედაგოგი ამ წუთში არ გვყავს და ჩვენ ამ რეალობას თვალს ვუსწორებთ.

- როდესაც გადაწყდა ასეთი ძირეული ცვლილებების განხორციელება, რომ ეს უნდა შეიცვალოს, ის - არა და ა.შ. რის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება? ერთმა ან  ორმა ადამიანმა ჩათვალა ასე საჭიროდ, თუ რაიმე მონიტორინგის, კვლევის შედეგები არსებობს; წინასწარ არის თუ არა გათვლილი შესაძლო რისკები? რაღაც პერიოდის შემდეგ ხომ არ აღმოვაჩენთ, რომ ესეც შეცდომა ყოფილა, როგორც იყო ტრიმესტრებთან თუ  ლოტოტრონთან დაკავშირებით?

- ბუნებრივია, არსებობს ასეთი კვლევები და ეს ჰაერიდან მოტანილი გეგმები არ არის. გარდა იმისა, რომ თავად ცენტრთან თანამშრომლობს 45-ზე მეტი დარგობრივი ექსპერტი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს მონიტორინგის საკითხებზე, ჩვენ გვაქვს კონტაქტები სხვადასხვა უნივერსიტეტთან, პედაგოგები მოგვმართავენ ძალიან ხშირად; აქედან გამომდინარე, მომწიფდა რიგი პრობლემებისა და მოხდა მათი იდენტიფიცირება, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ როდესაც ჩვენ დღეს ეროვნულ სასწავლო გეგმას განვაახლებთ და განვავითარებთ, ვერ დაგპირდებით, რომ ის იქნება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც არ უნდა გადაიხედოს სამი წლის შემდეგ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს დარგობრივი სამუშაო ჯგუფები, გვეყოლება მეთოდური საბჭო, ანუ ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი ექსპერტი. ამჟამად კომისიები ყალიბდება ყველა საგანში, შემდეგ ჩამოყალიბდება მეთოდური საბჭო და აქტიურად დავიწყებთ მუშაობას თებერვლის მეორე კვირიდან, სავარაუდოდ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმა ერთი და ორი ადამიანის მოფიქრებული ვერ იქნება და არც უნდა იყოს, გეთანხმებით. ყველა მონაწილე მხარე უნდა იყოს  ჩართული - უნივერსიტეტი, პედაგოგები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

- კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება ეროვნულ სასწავლო გეგმაში?

- კონკრეტულად, ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ყველა დარგის ექსპერტი. ჩვენ გვინდა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა მოიაზრებდეს ბავშვის ლოგიკურ განვითარებას პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით. რაღაც ამოვარდნები, რომელიც არის სხვადასხვა საგნების სწავლებაში - ეს თეთრი ლაქები, ალბათ, არ უნდა დარჩეს. ამ თვალსაზრისით, ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს არა მხოლოდ თითოეული საგნის შინაარსს, არამედ მისი განვითარების ელემენტებსაც მოგვცემს ამ საგანში. ჩვენ ვიმსჯელებთ საათობრივ ბადეზეც, იმიტომ, რომ დაემატება რამდენიმე ახალი საგანი. ყველაზე მაღალი საათობრივი დატვირთვა აქვს საქართველოს, - ყოველ შემთხვევაში, დასავლეთ ევროპას თუ შევადარებთ... ესეც გადასახედი იქნება. ფსიქოლოგები იტყვიან, რამდენად უძლებს ბავშვი ასეთ დატვირთვას, რომელ კლასშია სჭირო ასეთი ტიპის დატვირთვა, ანუ კონცეპტუალური და საგნობრივი თვალსაზრისით  გვინდა, რომ შეიცვალოს; ფაქტია, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ დოკუმენტს იმიტომ, რომ მუდმივად აპელირებას ვეღარ მოვახდენთ 5 წლის წინანდელ დოკუმენტზე, ისედაც მიღებული პრაქტიკაა, რომ 5-6 წელიწადში ერთხელ გადაიხედოს ეროვნული სასწავლო გეგმა.

- როგორც მინისტრმა ბრძანა, მოხდება სავალდებულო მინიმუმების განსაზღვრა, ყველა სკოლაში იარსებებს გარკვეული სავალდებულო პროგრამა. უფრო კონკრეტულად რას ნიშნავს ეს?

- ჩვენ ჯერ ამას არაოფიციალურად ვეძახით ბლოკიპროგრამას, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რაც მოსწავლემ უნდა მიიღოს ამ ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, შეიძლება ამ ბლოკიპროგრამის განსაზღვრითაც. ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროგრამა განისაზღვროს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში. ნუ, მე ვერ გეტყვით, რომ ამ ეტაპზე შეიძლება ყველა საგანში, თუმცა, არ გამოვრიცხავთ იმიტომ, რომ დამუშავების პროცესში ვართ და ვფიქრობთ, რატომაც არა ყველა საგანში? უბრალოდ, თანაფარდობა იქნება მოსაფიქრებელი, რა პროცენტით. იმიტომ, რომ ერთი იქნება სავალდებულო ბლოკიპროგრამა და ჩვენ რაღაც პროცენტი მასწავლებლებს აუცილებლად უნდა დავუტოვოთ, იმიტომ, რომ მათ აკადემიური თვისუფლების უფლება აქვთ და ამ  შანსის წართმევა  არანაირად არ შეიძლება. მაგრამ იქნება ძირითადი პროგრამა, სავალდებულო, და ყველა მოსწავლეს ეცოდინება.

ეს სავალდებულო პროგრამა კი შეიძლება განვსაძღვროთ არა მარტო მწერლების დონეზე, არამედ - ნაწარმოებების დონეზე. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ილია ჭავჭავაძე არის სავალდებულო, ეს ამოუწურავი თემაა, ან ვაჟა-ფშაველა, ამიტომ ექსპერტები იტყვიან, რა არის სავალდებულო ნაწარმოებების დონეზე და რისი დამატება შეიძლება მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლების ფარგლებში. ესეც კარგად უნდა იყოს, ბუნებრივია, შერჩეული, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, მოსწავლესთან მოხვდეს გაუგებარი ნაწარმოები.

- როგორც გაცხადდა, იგეგმება სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლაც. მაინც როგორ წარიმართება ეს პროცესი?

- სახელმძღვანელოებთნ დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ორი სტრატეგია, ერთი - მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი. რატომ გაჩნდა ეს ორი სტრატეგია? მოკლევადიანი გაჩნდა იმიტომ, რომ უკვე მიმდინარეობს კონკურსი იმ სახელმძღვანელოებზე იმ კლასებისთვის და იმ საგნებისთვის, სადაც ფიზიკურად არ არის სახელმძღვანელო. თქვენ იცით, რომ ახლა ხდება პილოტირება მე-5 კლასში და გაისად უნდა დაინერგოს, ანუ ჩვენ არა გვაქვს ყველა კლასში სახელმძღვანელოები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები   რეფორმამდელი სახელმძღვანელოებით სწავლობენ. ამ სახელძღანელოებზე გამოცხადებულია კონკურსი და ეს არის მოკლევადიანი სტრატეგია ჩვენი, რომ ამ მოკლე ვადაში როგორ გავაკეთოთ ისე, რომ სექტემბერში 2010 წლის გაუმჯობესებული სახელმძღვანელო შევიდეს მოსაწავლესთან. აქ რამდენიმე საკითხზე ვმუშაობთ, ერთი - შინაარსობრივ საკითხზე, სადაც შეფასებაში ჩაერთვებიან პედაგოგები, აკადემიური წრეები, სახელმძღვანელოს შეაფასებენ ჩვენი ცენტრის ექსპერტები, მაგრამ პედაგოგების და გარეშე ექსპერტების რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე ჩვენი ცენტრის თანამშრომლებისა; მეორე - რომ ჩვენ ტექნიკურ სტანდარტებს დავაწესებთ, ანუ ლაპარაკია ისეთ  სტანდარტზე, თუ რა რეკვიზიტები უნდა იქნეს დატანილი წიგნზე, ილუსტრაციების ხარისხზე გვექნება ძალიან მკაცრი კონტროლი, იმიტომ, რომ წარმოუდგენელი არის, ბავშვს დახვდეს გაუგებარი ილუსტრაცია და ვუთხრათ, რომ ამის მიხედვით იმუშავე და იფიქრე, შრიფტის ზომებსაც და ერთგვაროვნებასაც ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ, ერთიან სტანდარტს, რომლის სივრცეშიც მოექცევა ყველა გამომცემელი. აქამდე ასეთი რამ არ არსებობდა და აი, ეს დოკუმენტი გვინდა, რომ გავაკეთოთ. ასევე შემოვიტანთ იმ სავალდებულო გამოცდილებას, რომ ყველა სახელმძღვანელოს დაეწეროს ფასი. მშობელს, როგორც მომხმარებელს, გადასახადების გადამხდელს და ა.შ. უფლება აქვს, იცოდეს სახელმძღვანელოს ფასი და ისიც, თუ რამდენად მომატებულ ფასში უწევს მას ყიდვა. ეს ნაბიჯები იქნება, ასე ვთქვათ, მოკლევადიან პერსპექტივაში გადადგმული.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, შეიქმნება კომისია, რომელიც მთლიანად სასკოლო გამოცემების ტექნიკურ სტანდარტს დაამუშავებს. ძალიან გვინდა, ვიმუშაოთ სახელმძღვანელოების წონაზე, ეს ძალიან ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული, მაგრამ საფიქრალი და სამუშაო არის სერიოზულად, იმიტომ, რომ თუ სახელმძღვანელოებს ცალ-ცალკე წიგნებად, დავყოფთ, მისი ფასი იზრდება... ამიტომ არის რაღაც  წინადადებები, რომელსაც განვიხილავთ და შემდეგ, როდესაც ეს დოკუმენტი დაიდება, ყველა სახელმძღვანელო გაივლის ტექნიკურ ექსპერტიზას...

როდესაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაიდება და დაიწყება მისი დანერგვა, ბუნებრივია, იმ პერიოდში მოუწევთ ახალი სახელმძღვანელოების ყიდვა, მაგრამ შემდეგ სკოლებს არა აქვთ უფლება, რომ 5 წლის მანძილზე არჩეული წიგნი შეცვალონ.

- გამოდის, რომ ყველაფრის დაწყება მაინც თავიდან ხდება?

- მე მაინც არ დავარქმევდი ამას ახლიდან დაწყებას, არამედ, დავარქმევდი განახლებას, და მე მომხრე ვარ, რომ ვიზრუნოთ განვითარებაზე. არ არსებობდა არაფერი და შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმა, ახლა გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და მოდით, განვავითაროთ, რაც არის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია