დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რექტორი სტუდენტების წინაშე
2012/03/12 12:26:24

„ჩემს სტუდენტებს მარტო წიგნის პრობლემა თუ აქვთ და მეტი  არაფერი, აგვწყობია საქმე და ეს არის“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, რექტორი სტუდენტებს შეხვდა. გიორგი ღავთაძემ შეხვედრის დასაწყისში მათ ახალი სემესტრის დაწყება მიულოცა.

„პირველი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ უნივერსიტეტში შეიქმნა პროფესორთა გადამზადების ცენტრი, სადაც სტუდენტებსაც შეუძლიათ, აქტიურად ჩაებნენ. აქ ჩატარდება ტრენინგ-სემინარები, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოიმუშაოთ გარკვეული უნარჩვევები.“

რექტორმა სერთიფიცირების იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომელიც საზაფხულო სკოლასთანაა დაკავშირებული. სტუდენტებს აქ შეეძლებათ, დაეუფლონ კომპიუტერულ პროგრამებს, გამოყენებით ხელოვნებას, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარებს. შეხვედრისას გიორგი ღავთაძემ იხუმრა კიდეც: „ასევე, ამ პროგრამაში შეგიძლიათ დაეუფლოთ ძვირფასი ლითონების ექსპერტიზას. ძვირფასი ლითონები თუ არ გექნებათ, მათ ექსპერტიზაში მაინც დახელოვნდით.“ მისი თქმით, აღნიშნულმა პროგრამამ გასულ წელს გაამართლა, მასში ამერიკის საელჩომ დიდი წვლილი შეიტანა.

რექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ეს კურსები მთლიანად დაფინანსებადი ვერ იქნება, იგი რაღაც თანხის გადახდას დაჰპირდა სტუდენტებს, მაგრამ გარკვეული ფინანსები მსმენელმაც უნდა გაიღოსო.

ფასიანი ტრენინგ-სემინარების თემას სტუდენტების ისეთი დიდი ყურადღება არ მიუპყრია, როგორიც - საზაფხულო დასაქმებამ გამოიწვია.

„პრეზიდენტის  ინიციატივაა, რომ ზაფხულში 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე მოხდეს 25 ათასი სტუდენტის დასაქმება. თითოეულ სტუდენტს დაერიცხება 500 ლარი, ხელზე კი აიღებთ 400 ლარს. არ მინდა იფიქროთ, რომ ეს იქნება ზაფხულის გართობა, აუცილებლად, სადაც მოხვდებიან ეს სტუდენტები, უნდა გააკეთონ ის საქმე, რასაც დაავალებენ, ეს იქნება შეღებვა, გალესვა, არქივებში მუშაობა, დასკანერება თუ სხვა. ჩვენ, მარტო უნივერსიტეტი, საკუთარ თავზე ვიღებთ 300 სტუდენტის დასაქმებას უნივერსიტეტის რეკონსტრუქციის სამუშაოებზე. ასევე ვაკანსიები ექნებათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.“ - აღნიშნა მოგვიანებით გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას რექტორმა.

დასაქმებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სტუდენტმა სპეციალობებთან შესაბამისი სამუშაოს შესახებ დასვა კითხვები. რექტორის პასუხი ასეთი იყო: „რა თქმა უნდა, მსგავსი ვაკანსიებიც იქნება, აბა, სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინოს სტუდენტი თუ არ გავუშვით, ვინ გავუშვათ, ამფეთქებელი?“ სტუდენტთა მხრიდან ასევე შეკითხვები იყო უნივერსიტეტში  წიგნების არარსებობაზე, რაზეც პასუხად ეს მიიღეს: „ჩემს სტუდენტებს მარტო წიგნების პრობლემა თუ აქვთ და მეტი არაფერი, აგვწყობია საქმე და ეს არის.“

ამრიგად, სტუდენტებმა რექტორთან შეხვედრისას კითხვების დასმის მხრივ კი იპასიურეს, თუმცა პასუხებიც, დამაჯერებელზე მეტად, სახუმარო ჩანდა.

შეხვედრის შემდეგ სამკითხველო დარბაზში ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნული სისტემის მეშვეობით სტუდენტებს შეეძლებათ, ონლაინ რეჟიმში მოიძიონ მათთვის სასურველი წიგნი. ეს არის მანქანურად კითხვადი ჩანაწერი, ყველა წიგნი, ვიდეო, თუ  რუკა აქ იქნება თავმოყრილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია