დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი „ტრანსპორტის რევოლუციის“ მოლოდინში
2011/03/21 12:56:35

როგორც ცენტრთან შედარებითაა ქალაქის გარეუბნები კეთილმოუწყობელი, ასევე გარეუბნებში მოძრავი სამარშრუტო ტაქსებიც, ცენტრში მოძრავისაგან განსხვავებით, არაჰიგიენური და გაუმართავია. ამას ყოველი ჩვენგანი ამჩნევს. გახსოვთ, ალბათ, გასულ წელს, როგორ ინტენსიურად აჯარიმებდა პატრული მძღოლებს, რომლებსაც მგზავრები ფეხზე მდგარი გადაჰყავდათ. ეს კანონი მე, პირადად, გაუქმებული მეგონა... თქვენც, ალბათ, რადგან ფეხზე მდგარი მგზავრი ქუთაისში გასაკვირი არავისთვისაა.

საკრებულოს ბოლო სხდომაზე ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით დადგენილებები მიიღეს.

ვესაუბრეთ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, ვალერი კლდიაშვილს:

 

- რატომ გახდა საჭირო ახალი კანონის მიღება? 

- შეიცვალა კანონი, მოსაკრებელი გაუქმდა. ახლა გადამზიდავებმა ბიუჯეტში თანხა უნდა გადაიხადონ კვარტალურად. ყველა ხაზს თავისი გადასახდელი აქვს. მივიღეთ ახალი დადგენილება კონკურსის ჩატარების წესზე - თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს გადამზიდავის მიერ წარმოდგენილმა სატრანსპორტო საშუალებამ; რა ნორმატივები უნდა მიიღონ, როგორ უნდა იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ყველაფერი არის ჯერ დოკუმენტი, იუსტიციის სამინისტროში არის გაგზავნილი, თუ რამე შესწორება იქნება, გავითვალისწინებთ, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. ახალი დადგენილების თანახმად, ტრანსპორტი, მინიმუმ, 2000 წელს გამოშვებული უნდა იყოს, რომელიც უფრო ძველი იქნება, დაეწერება „0“ ქულა. სავარძლებს შორის დაშორება უნდა იყოს 70-80 სმ. ყველა მანათობელი უნდა ანათებდეს, რაც მარშრუტშია, ხელის მუხრუჭი უნდა მუშაობდეს, ორი შესასვლელი უნდა ჰქონდეს. გადამზიდავი, სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, მძღოლსაც წარმოადგენს, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი კატეგორია.

- თუ მოწმდება მძღოლების ჯანმრთელობა?

- თავად გადამზიდავმა დილით უნდა შეამოწმოს, ჯანმრთელია თუ არა მძღოლი,  ან ნასვამი რომ არ იყოს.

- თავად გადამზიდავს თუ უწევს ვინმე კონტროლს?

- ყოველდღე ხომ ვერ შევამოწმებთ? ბაზა აქვს, საიდანაც გამოდის ტრანსპორტი, მან უნდა შეამოწმოს ტექნიკურად თუ არის გამართული მანქანა, ასევე თუ არის მძღოლი კარგ მდგომარეობაში.

- თქვენგან კონტროლი როგორ ხდება?

- ჩვენ ვამოწმებთ, ხდება თუ არა ეს პროცესი. თქვენც შეიძლება შეამოწმოთ.

- აჯარიმებენ თუ არა მძღოლებს, რომლებიც მგზავრებს ფეხზე  აყენებენ?

- კანონში არის მითითებული, რომ ფეხზე დგომისთვის აჯარიმებენ. არაფერი შეცვლილა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ არ ვცდები, 30 ლარის ოდენობით არის ჯარიმა.

- როდესაც შეარჩევთ გადამზიდავის მიერ წარმოდგენილ ტრანსპორტს, მერე თუ ხდება გადამოწმება, - შეიცვალა თუ არა მანქანის მდგომარეობა? ჩვენს ქალაქში ხშირად გვხვდება გაუმართავი, არაჰიგიენური მიკროავტობუსები.

- როდესაც ხაზებს სატენდერო პირობა გაუვათ და ჩატარდება ახალი ტენდერი, იმათაც მივიღებთ ახალი კანონით, ანუ 2000 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები არ იქნება არცერთ ხაზზე.

- სავარაუდოდ, რამდენწლიანია სატენდერო პირობა?

- 1-დან 10-მდე. თუ წარმოადგინა კარგი პირობები, ჩვენ თავად გადავწყვეტთ, რამდენწლიანი მუშაობის დრო მივცეთ.

- რა ინტერვალით და რომელ საათამდე მუშაობენ სატრანსპორტო საშუალებები ჩვენს ქალაქში?

- ყველას აქვს თავისი დრო და განრიგი. მაგალითად 1 ნომერი მუშაობს ორწუთიანში და 11-ის ნახევრამდეა. 100 ნომერს აქვს 12.6 წუთიანი ინტერვალი და 11-ს ნახევრამდეა. 38-34 მუშაობს 10-ის ნახევრამდე. 6 ნომერი, გუმათის მიმართულებით, მუშაობენ 9 ნახევრამდე, ზაფხულში  გადაიწევს დრო და 9-10-ის ნახევრამდე იმუშავებს. ჩვენ თავად  ვმორიგეობთ წითელ ხიდზე 11-ის ნახევრამდე და ვამოწმებთ მათ მუშაობას.

***

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დვალი ასე აფასებს ამ ინიციატივას:

- ფურცელზე ეს პროექტი გამოიყურება ძალიან კარგად და პროგრესულად. გვინდა, რომ ეს ყველაფერი არ გადაიქცეს მორიგ ფარსად. თუ ეს პროექტი განხორციელდება ისე, როგორც ქაღალდზე წერია, ქალაქში მივიღებთ მოწესრიგებულ ტრანსპორტს, რადგან არ უნდა იყოს ისეთ სავალალო მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის ნებისმიერი კუთხით, მათ შორის - ჰიგიენურადაც. ჩვენ მოვითხოვეთ, ოპოზიციის, ასევე ჟურნალისტების და არასამთავრობოების მაქსიმალური ჩართულობა სატენდერო კონკურსებში, რომლებიც ჩატარდება ახალი წესებით. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე მმართველი ძალა გაგებით მოეკიდა ჩვენს მოთხოვნას. ჩვენი იქ ყოფნა კიდევ ერთხელ იცავს და გარანტორი არის როგორც მოსახლეობის, ასევე იმ გადამზიდავების, რომლებიც მონაწილეობენ . ჩვენ გვინდა, უბრალოდ, ვიყოთ გარანტორები იმისა, რომ არ მოხდეს რაიმე პრიორიტეტების არასწორად გადანაწილება, საბუთების გაყალბება, თუ ასეთი რამ დაფიქსირდა, ვუთხრათ მოსახლეობას თქვენი საშუალებით.“

იქნებ, ჩვენს ქალაქში, ბოლოს და ბოლოს, საბოლოოდ მოწესრიგდეს ტრანსპორტის პრობლემა და აღარ მოგვიწიოს მობუზღუნე მძღოლებით, გადაჭედილ სამარშრუტო ტაქსში ჩვენს ბეჭზე ჩამოდებული ტვირთის თანხლებით  ჭუჭყიან სავარძლებზე მგზავრობა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1342
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია