საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შედგება თუ არა დებატები?
2012/08/22 00:42:01

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში ერთ–ერთი პოლიტიკურად აქტიური თემაა, თუ რომელი პარტიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას წინასაარჩევნო დებატებში. ქვეყნის  მმართველი პარტია და  ოპოზიციური ბლოკი „ქართული ოცნება“ აცხადებენ, რომ მზად არიან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პირდაპირ ეთერში ტელედებატებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა პოზიციების შეჯერება კონკრეტულ ლიდერებთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილმა 20 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა პირისპირ ტელედებატები ან ალტერნატივის სახით გამოთქვა მზადყოფნა მმართველი პარტიის 5–7 წარმომადგენელთან დებატებზე.

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ მისი პარტიული სიის პირველი ნომერად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ხოლო პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად კვლავ ვანო მერაბიშვილი  წარადგინა, ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა რომ დებატები პრემიერ–მინისტრობის კანდიდატებს და პარტიული სიის პირველ ნომრებს შორის უნდა შედგეს. შესაბამისად, ნაციონალების წინადადებით, დებატები პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერს და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს შორის უნდა გაიმართოს. 

მმართველი პარტიის ამ შემოთავაზებას ივანიშვილი უარყოფითად გამოეხმაურა და, განაცხადა,რომ მერაბიშვილი არ არის დებატებისთვის შესაფერისი კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, პრეზიდენტ სააკაშვილს იწვევს დებატებში. „მე პატივს ვცემ ვანოს, ეს რამდენჯერმე მითქვამს, მაინც არ გამოვა [მასთან დებატები]“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამჟამად ის და მერაბიშვილი „ერთნაირი წონის“ არ არიან. 

ივანიშვილის თქმით, თუ მმართველი პარტია მერაბიშვილს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დაასახელებს, ამ შემთხვევაში ის დაჯდება მასთან ტელედებატებში. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დებატები არ იქნება საინტერესო მოსახლეობისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. მან ასევე განაცხადა, რომ მას სურს პრეზიდენტ სააკაშვილთან დებატები და დასძინა: "ორი ძალაა გამოკვეთილი, სახელისუფლებო და კოალიცია. შესაბამისად, გუშინდელი ჩემი მოთხოვნა ნორმალური იყო და დღესაც იმავეს გავიმეორებ. დღესდღეობით ვიცი, რომ როგორც ხელისუფლების, ასავე ნაციონალების ლიდერი სააკაშვილია, კოალიციის ლიდერი კი მე ვარ და მას დებატებში ვიწვევ. თუმცა წინასწარ ვიცი, რომ სააკაშვილი ამას ვერ შეძლებს. ამის საშუალება მას არ აქვს. თუ მაინც გაბედავს და მოვა, მე მას არ შევეკითხები არცერთ მის შეცდომაზე, მხოლოდ პრესპექტივასა და ქვეყნის განვითარებაზე შემიძლია, ვესაუბრო. მას ამის შანსს ვუტოვებ, სააკაშვილს უამრავი შეცდომა აქვს ჩადენილი, თუმცა მისთვის უხერხული შეკითხვების დასმას არ ვაპირებ", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, მაინც დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ სააკაშვილი მასთან ტელე-დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ივანიშვილის მიერ  გაკეთებული განცხადებების  შემდეგ მმართველმა პარტიამ ტელედებატებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, ბატონი ვანო მერაბიშვილი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ დებატებში და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ივანიშვილი არ გაექცევა ამ გამოწვევას, დადებითად გამოეხმაურება წინადადებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელიც უკვე დადებითად გამოეხმაურა პარტიების წინადადებას, მიიღებს მონაწილეობას [დებატებში]“, – განუცხადა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებს..

როგორც ცნობილია, კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობა და პრემიერ–მინისტრი უნდა გადადგნენ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის ახალი ან არსებული შემადგენლობა უნდა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად. პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უცვლელი რჩება; პრემიერ–მინისტრის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის ქვეყნის ლიდერი გახდება მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება, იქნება თუ არა მერაბიშვილი მმართველი პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა  მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შედეგად. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია