დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ შეცვალეს ევროვიზიაზე წარსადგენად მოსახლეობის მიერ არჩეული კანდიდატი?
2011/03/21 13:05:38

2011 წლის ევროვიზიაზე, რომელიც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება, საქართველოს ჯგუფი “ელდრინი “ წარადგენს. მოსახლეობის მხარდაჭერითა და ჟიურის გადაწყვეტილებით კი 10 მაისს გერმანიაში ჯგუფი „ელდრინი“ და მისი სოლისტი თაკო ვადაჭკორია უნდა გამგზავრებულიყვნენ. თუმცა, საზოგადოებისთვის მალე ცნობილი გახდა, რომ ჯგუფს ახალი სოლისტი, სოფო ტოროშელიძე, ჰყავს. „P.S.“ შეეცადა,  თაკო ვადაჭკორიასთან გაერკვია ჯგუფიდან წასვლის მიზეზები.

ევროვიზიის აუცილებელი პირობაა, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ მოსახლეობის მიერ შერჩეულები. სოფო ტოროშელიძე კი, რომელიც მაყურებელს ვარსკვლავების აკადემიიდან ახსოვს,  არათუ ხალხის რჩეულია, არამედ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაც კი არ მიუღია.  იგი პირველი არხის მიერ შეირჩა, თაკოს ნაცვლად. აღნიშნული საკითხი ფორუმებსა და განსაკუთრებით facebook-ზე აქტიური განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ნაწილს სოფო მიაჩნია ღირსეულ მონაწილედ, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი თაკოს უჭერს მხარს.

თაკო ჯგუფში  ერთი წლის წინ მივიდა, როცა „ელდრინი“ ჯერ კიდევ სრულად ჩამოყალიბებული არ იყო.  ერთად გამოდიოდნენ კონცერტებზე. თაკო იხსენებს გასვლით ტურნეს ერევნაში, სადაც საკმაოდ ცუდ პირობებში მოუწია მთელი რეპერტუარის შესრულება. „აუტანელ პირობებში ექვსი თუ  შვიდი სიმღერა ვიმღერეთ ცოცხლად. იქედან რომ ჩამოვედით, ახალი სიმღერა გავაკეთეთ. ამასობაში „alter|+s+on” მოესწრო და გავედით კონკურსზე. გავიმარჯვეთ კიდეც ამ კონკურსზე. ამის შემდეგ მოვინდომეთ ევროვიზიაზე მონაწილეობის მიღება და  მზადება დავიწყეთ.“

ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურში გასვლამდე, თაკოს უთანხმოება მოუვიდა ჯგუფის მუსიკალურ ხელმძღვანელთან, ბესო ციხელაშვილთან. იგი ამჟამად უკვე „ელდრინის“ წევრია  და DJ BE$$ - ასე მოიხსენიებენ. 

თაკო ვადაჭკორია: მასთან მომივიდა უთანხმოება.  ჯგუფის წევრებს შეექმნათ იმის ამბიცია, რომ ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულნი ევროპისთვის და თაკო ვერ იყო ისე მზად. რაკი ვერ ვაკმაყოფილებდი მათ მოთხოვნებს, წამოვედი ჯგუფიდან.“  თუმცა, მეორე დღესვე, პროდიუსერების დიდი თხოვნის შემდეგ ჯგუფში დაბრუნდა მხოლოდ ერთი პირობით - გასულიყვნენ ევროვიზიის კონკურსზე.

თაკო ვადაჭკორია: „ეგ არის ყველაზე პარადოქსული, ევროვიზიის გამო დავბრუნდი ჯგუფში და ახლა ევროვიზიაზე არ მივდივარ. დაბრუნება ყველაზე დიდი შეცდომა იყო.“

ქალაქში გავრცელებული  ვირუსების გამო  კონკურსის წინა დღეებში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. რეპეტიციაზეც  ვერ იმღერა. უკვე იმასაც ფიქრობდნენ, საერთოდ გასულიყვნენ თუ არა  კონკურსზე. ფორუმებზე,  „იუთუბში“ გამოკითხვებით კი პირველ ადგილზე იყვნენ და გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდათ. „ამ წუთს ჩემზედაც არ იყო ლაპარაკი, ჯგუფსაც ვუკარგავდი სამომავლო შანსს და ვიფიქრე, თუ ხალხს ვახსოვარ, დამიმესიჯებს.“ 

ალოეს წვეთებითა და ცხელი ჩაით ელოდა თავის რიგს კულისებში. სცენაზე პირველი მისამღერის შემდეგ ხმა საერთოდ გაუწყდა და  სიმღერის გადაკეთება მოუწია. „ჩამოვედი სცენიდან, ვტიროდი. შემრცხვა, იმიტომ, რომ საშინელება იყო.  ვერ ვიმღერე.“  ჯგუფის არც ერთ წევრს გამარჯვების ცოტაოდენი იმედიც კი არ ჰქონდათ.  ვერ იჯერებდნენ, როცა სოფო ნიჟარაძემ ისინი პირველი ადგილის მფლობელებად გამოაცხადა.

ეს გამარჯვება თაკოსთვის ყველაზე მოულოდნელი იყო. თუმცა, მან მაინც მიიღო ჯგუფიდან წასვლის გადაწყვეტილება, რის მიზეზადაც კონტრაქტზე შეუთანხმებლობას ასახელებს. კონკურსამდე „ელდრინის“ პროდიუსერმა მისცა კონტრაქტი, რომელზეც მანამდე საუბარი არ ჰქონიათ. კონტრაქტი უნდა გაეფორმებინათ ორი წლის ვადით და ამ ხნის განმავლობაში თაკოს მუშაობა ეკრძალებოდა. ანაზღაურებაც არ იყო საკმარისი. პროდიუსერები კონცერტის ჰონორარის მხოლოდ  6%-ს ჰპირდებოდნენ, ხოლო წინასწარ არ იყო განსაზღვრული კონცერტების რაოდენობა. ამასთან, კონტრაქტში იყო ერთი  პუნქტი, რომელიც უკვე დაოჯახებულ თაკოს გათხოვებას უკრძალავდა.

თაკო ვადაჭკორია: „ქალაქურში“ ვმუშაობდი, საიდანც კონკურსის გამო წამოვედი, მაგრამ მერე  აღარ დამაბრუნეს. კარგად ანაზღაურებადი სამსახური დავკარგე. არანაირი სამომავლო პერსპექტივები არ მქონდა კონტრაქტით. იგი მხოლოდ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.   იყო საუბრები, რომ მე თანხის გამო წამოვედი. თუმცა, თანხაზე არ იყო აქ  ლაპარაკი. მე ვითხოვე - ჩამიწერეთ კონტრაქტში კონცერტების მინიმალური რაოდენობა, რაც წელიწადში მექნება. ოღონდ ეს ყველაფერი ევროვიზიის შემდეგ უნდა მომხდარიყო, რომ შინ ტყუილად არ ვმჯდარიყავი,  ელემენტარული სამოძრაო ფული რომ მქონოდა. თუ მათი მხრიდან  პრინციპული მიდგომა წამოვიდა, მეც პრინციპული ვიყავი. იცით, რა, მე უნდა ვიმუშაო თქვენზე და  მოდით, დამაინტერესეთ, რომ ვიმუშაო. ევროვიზია კი ძალიან კარგია და დიდი ტრამპლინია, მაგრამ შემდეგ რა უნდა ვაკეთო, საქართველოში ვართ.“

 ევროვიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. Facebook-ზე სპეციალური გვერდიც კი შემქნეს „დააბრუნეთ თაკო ვადაჭკორია“.

თუმცა მათმა მოთხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო. ზოგადად, ამ ფაქტს კი არც ტელევიზიასა და არც პრესაში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე სტატია დაიწერა და ერთი-ორი სიუჟეტი გადაიღეს. როგორც ჩანს, ქართული საზოგადოება უკვე მიეჩვია, რომ ყველაფერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება და გასაჩივრებასაც აზრი ეკარგება. თავად თაკო კი სამომავლოდ აპირებს კარიერის გაგრძელებას. თავადაც წერს სიმღერებს. გული სწყდება, რომ ავადმყოფობის გამო კარგად ვერ იმღერა და თავისი იმიჯი საფრთხეში ჩააგდო.

თაკო ვადაჭკორია: გული მწყდება იმაზე, რომ კონკურსზე  სათანადოდ ვერ ვიმღერე.  გული მწყდება იმაზე, რომ სიმღერების დიდ ნაწილში ბევრი „ჩემი“ მაქვს ჩადებული და ახლა ვიღაც უნდა დადგეს და ჩემი გამზადებული იმღეროს. სულერთია, ეს სოფო იქნება თუ სხვა ვინმე.   ბოლო, საკონკურსო სიმღერის მისამღერი ჩემი მოფიქრებულია. გული მწყდება იმაზეც, რომ ჩემი წამოსვლის შემდეგ ჯგუფის არც ერთ წევრს არ დაურეკავს ჩემთვის. ვერ ვხვდები, თავიდანვე თუ მაგათ ჯგუფში  ვერ „ვიჯექი“, ევროვიზიის კონკურსამდე რატომ მთხოვეს დაბრუნება?   ანუ ვჭირდებოდი ევროვიზიისთვის და სხვა სოლისტს არ დაუმესიჯებდნენ?! თან, მე ხომ უკვე შემოწმებული ვიყავი „altervision“-ზე.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია