დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლეიბორისტები საკომისიო გადასახადს აპროტესტებენ
2010/11/01 14:57:31

25 ოქტომბერს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ პრესკონფერენცია გამართა და კომუნალურ გადასახადებზე მოსახლეობის მიერ საბანკო ფილიალებში საკომისიო თანხის გადახდა გააპროტესტა.

„ქვეყანაში ჯერ ისედაც მაღალი კომუნალური გადასახადები არსებობს. ხელისუფლება არანაირ ქმედით ღონისძიებებს არ ატარებს ამ კუთხით, მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამას დამატებული - საბანკო სექტორის ქმედებები: კომუნალური გადასახადების დროს, საკომისიოს სახით, თითო მოსახლე დამატებით 50 თეთრს იხდის.“

პრესკონფერენციაზე შრომის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რეალობასთან მიახლოებით გამოანგარიშებული სტატისტიკაც წარმოადგინა. ყოველ თვეში ქალაქში მცხოვრები ოჯახი ოთხი სახის: წყლის, შუქის, გაზისა და დასუფთავების გადასახადს იხდის, შესაბამისად, საერთო ჯამში, თვიურად საკომისიო თანხა ორი ლარია. ქუთაისში დაახლოებით 60 000 ათასი ოჯახი იხდის კომუნალურ გადასახადებს და წელიწადში მილიონნახევარი  ლარი შედის სახელმწიფო და საბანკო ბიუჯეტში.

როგორც ბატონმა სამსონ გუგავამ აღნიშნა: „ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც კი შეშფოთდნენ და საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე პარლამენტარმა ზურაბ მელიქიშვილმა განცხადებაც გააკეთა, რომ საკომისიო თანხის გადახდა საბანკო ფილიალებში არასამართლიანია. პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს დაევალათ ბანკებთან მოლაპარაკებების წარმოება და ოქროს შუალედის გამოძებნა მოსახლეობის სასარგებლოდ. როგორც ვხედავთ, შედეგი არ ჩანს, ყოველივე ეს სახელმწიფოს მხრიდან პიარის ნაწილი იყო და, დღესდღეობით, „ქართუ“ და „ლიბერთი ბანკის“ რამდენიმე ფილიალის გარდა, კომუნალური გადასახადების გადახდის დროს მოსახლეობა მომსახურების გადასახადს კვლავ უცვლელი ტარიფით იხდის.

თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ხელისუფლებამ რა გზებს უნდა მიმართოს, ამასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სახელმწიფომ ან კომუნალური გადასახადების ტარიფები უნდა შეამციროს, ან თავად კომპანიებს დაევალოს ლოკალურ ადგილებში მომსახურების წერტილების გახსნა, სადაც მომსახურება უფასო იქნება.

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია