დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახალი კომპანიები შემოდიან
2010/10/04 12:11:54

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამჯერად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქართულ-ინდურ-უკრაინული და ეგვიპტური კომპანიები შემოდის. თუმცა კომპანია „ფრეშმა“ უკვე ორი წელია, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ეგვიპტურ კომპანიას იბრახიმ ხალილი უხელმძღვანელებს, რომელიც „ფრეშის“ და ეგვიპტეში ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელია.

იბრაჰიმ ხალილის განცხადებით, აქ წარმოებული პროდუქცია ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარზე გაიყიდება. ისინი სულ 12 ქვეყნის ბაზარზე გასვლას გეგმავენ. ეს ის ქვეყნებია, სადაც დღემდე კომპანია          „ფრეშს“ თავისი პროდუქტი გააქვს.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობასთან და კომპანიების წარმომადგენლებთან ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქართული მხარის მხრიდან ხელი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელმა მიხეილ თიგიშვილმა მოაწერა. მისივე განცხადებით: „ახალი ინვესტიციების შემოსვლა დადებით ზეგავლენას მოახდენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაზე. ამ ქარხნების ამუშავებით კი ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება, რაც სოციალურ ფაქტორზე დადებითად იმოქმედებს.“ მემორანდუმის გაფორმებას სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძეც ესწრებოდა. „ახალი ინვესტიციების დაბანდება და ახალი კომპანიების შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს,“ - განაცხადა მან.

კომპანიის ხელმძღვანელები პროდუქციის გამოშვებას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ამ ეტაპზე ეგვიპტური კომპანია, რომელიც ტექსტილზე იმუშავებს, 150-მდე, ხოლო ქართულ-უკრაინულ-ინდური, რომელიც მეტალურგიულ ქარხანას გახსნის, 2000-მდე მუშახელს დაასაქმებს. ამ ქარხნებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უცხოელებიც დასაქმდებიან, თუმცა კონკრეტულად როგორ გადანაწილდება მათ შორის ადგილები, დღეს არ სახელდება.

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში აქამდე მხოლოდ პროდუქციის აწყობა ხდებოდა, ხოლო დეტალები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდა, ამჯერად კი ეს იქნება პირველი პრეცედენტი, სადაც პროდუქციის დეტალების დამზადებაც და აწყობაც ადგილზევე მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია