დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნარჩენების მართვის ახალი სტანდარტები და ნიკეას ნაგავსაყრელის ბედი
2013/06/13 16:35:44

დღეს ქუთაისის მერიაში ნარჩენების მართვის ახალი სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. „ნარჩენების მართვის თვინინგის“ პროექტის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს წარმომადგენლებმა, პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად,  ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების პერსპექტივებსა და ამ სფეროში შემუშავებულ ახალ სტანდარტებზე ისაუბრეს. მომხსენებელთა თქმით, უკვე შემუშავებულია შესაბამისი კანონპროექტი, რომლის მიღებამდე საჭიროა მისი გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ჯგუფებისთვის, რათა მიღებულ იქნას შენიშვნები და მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით.  „პროექტი მიმდინარეობს საქართველოს გარემოს  დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროში. დღეს გვაქვს პირველი შეხვედრა ქუთაისში. ჩვენი მთავარი მიზანია, შემუშავდეს ნარჩენების მართვის საკანონმდებლი ბაზა, ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი იქნება ამ სფეროში. ამ ეტაპზე შემუშავებულია კონცეპტუალური ვარიანტი და, პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვმართავთ  შეხვედრებს რეგიონებში. პირველი რეგიონი არის იმერეთი. მივიღებთ ყველა შენიშვნასა და რეკომენდაციას, რაც ექნება ქუთაისის მერიასა და ქალაქის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პროექტთან მიმართებაში,“ – განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა.

„ძალიან საინტერესო პრეზენტაციაა. ჩვენ განვიხილეთ  ახალი სტანდარტები, რომელიც უნდა დაინერგოს  ნარჩენების მართვის სფეროში, რაც, ვფიქრობ, იქნება ძალიან ეფექტური,“ - განაცხადა ქალაქის მერმა დიმიტრი კოპალიანმა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნიკეას ნაგავსაყრელის ბედსაც. როგორც პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, უახლოეს მომავალში მოხდება ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვა, ახალი ნაგავსაყრელი კი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა. პროექტი დაფინანსებულია „ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მიერ და მას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, ევროპელ პარტნიორებთან ერთად. შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის შევა. წლის ბოლოს კი მზად იქნება სამართლებრივი საფუძვლებით გამყარებული ნარჩენების მართვის ახალი სტრატეგიული გეგმა. 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია