დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დიპლომატიის დრო და ამბები პერევიდან
2013/07/14 10:51:21

 იმერეთში საოკუპაციო ხაზი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევზე გადის. ალბათ არცერთი დასახლებული პუნქტი არ არის იმდენად აქტუალური იმერეთიდან, როგორც ეს პატარა სოფელი. 8 ივლისს მეგობარ ორ ჟურნალისტთან და საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად საჩხერიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ დავიძარი. გზად ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიც ჩავისვით მანქანაში და 18 კილომეტრიანი მანძილი მძიმე განწყობით გავიარეთ. მდინარე ყვირილას ზოგან მარცხენა სანაპირო უჩვეულოზე მეტად დაურეცხია (წესით, მდინარე მარჯვენა სანაპიროს რეცხავს) და გვარიანად შელანძღულ ასფალტირებულ გზას ჩაყლაპვით ემუქრება. იმ ადგილას, სადაც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დროშები ფრიალებს, ფოტოების გადაღება გადავწყვიტე, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და რამდენიმე კადრის გადაღების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამიკრძალეს გადაღება. გაოცებულმა ვიკითხე, თუ რატომ უნდა დაეშალათ, მით უფრო, თუ ამას ჟურნალისტი აკეთებდა. ნებართვა არ გვაქვსო, ამიხსნა ზორბა ოფიცერმა და გვერდით მდგარი პოლიციელისკენ მიგვითითა, რომელსაც ავუხსენი, რომ  რეპორტაჟს ვამზადებდი. პოლიციელმა მაინც გადაღებებისგან თავშეკავება გვირჩია და სოფლის ცენტრისკენ წავედით. პერევში ცალკე პოლიციის განყოფილებაა, სადაც სტერეოტიპული პოლიციის უფროსის ნაცვლად, ღიმილიანი ახალგაზრდა კაცი, კახაბერ კაპანაძე,  დაგვხვდა, რომელსაც კომენტარი ვთხოვე. ბოლო პერიოდში არანაირ გართულებას ადგილი არ აქვს და ყვირილას გაღმა დარჩენილ მოსახლეობას უპრობლემო ურთიერთობა აქვს გამოღმელებთანო (,,გაღმა“ მცხოვრებებს ორი პასპორტი აქვთ: ქართული და ,,იქაური“).

 პოლიციის შენობის გვერდით კარგად მოვლილი შენობა ჩანდა, რომელიც ადგილობრივი მკვიდრის, ამირან შუკაკიძის აღმოჩნდა. 250 კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა მეპატრონეს მთლიანად უსასყიდლოდ დაუთმია ბიბლიოთეკისათვის, ამბულატორიისათვის და ფოსტაც იქვეა ,,შეხიზნული“. იმ სოფელში, სადაც ინტერნეტზე ხელი მხოლოდ პოლიციელს მიუწვდება (?), ან მხოლოდ ერთეულებს, იქ აუცილებელი საინფორმაციო დატვირთვა აქვს ბიბლიოთეკას.

 ირინა სადღობელაშვილს ერთ მოზრდილ ოთახში ბიბლიოთეკა შეუკედლებია, 4 ათასზე მეტი წიგნით. ,,საქართველოს რესპუბლიკა“ და ,,კვირის პალიტრა“ ბეჭდური მედიიდან და წიგნები საინფორმაციო მოთხოვნებს რამდენად დააკმაყოფილებს, ეს მკითხველისთვის მიგვინდვია, თუმცა იმ სოფელში, სადაც მოსახლეობა მუდმივ იმის ფიქრშია, როგორ ხასიათზე გაიღვიძებენ კრემლში, შიდაპოლიტიკური ბატალიები ნაკლებად ადარდებთ.

 სოფელს ახალგაზრდა ექიმი ჰყავს. ორი შვილის დედა ღირსების ორდენოსანია, თუმცა ამით თავს სულაც არ იწონებს.

  ,,აქ გაზრდილი ვარ, აქვე დავოჯახდი, მეუღლე, შვილები, მეზობლები ჩემს ირგვლივ ტრიალებენ და მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ წუთში შეგვიძლია აქიდან წასვლა,  არსადაც არ მივდივართ! კარგი ხელფასის გამო ნამდვილად არ ვჩერდები პერევში. ვიცი, რომ უჩემოდ აქ ცხოვრება გაჭირდება, მე ამ ადამიანებს ვჭირდები და მათი ღალატი არ შეიძლება. ექიმის გარეშე წარმოგიდგენიათ ხეობა, რომელშიც ხუთი სოფელია და 1700-ზე მეტი ადამიანია?! აქ საოკუპაციო ზონიდანაც გადმოდის მოსახლეობა და მათთვის ბევრჯერ გამიწევია დახმარება ცამეტი წლის განმავლობაში. ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ მრავალი წელი კეთილმეზობლური განწყობით ვცხოვრობდით და საზღვრის გავლების მიუხედავად ოსებთან ისევ ვინარჩუნებთ კარგ განწყობას. უბრალოდ, მე ვერ გადავდივარ საზღვრის გადაღმით, თორემ იქით დარჩენილი ადამიანი როცა მოდის ჩემამდე, ეროვნებას არც ვეკითხები“,_ თქვა ნანა კაპანაძემ.

 ვიდრე ექიმთან საუბარს მოვრჩებოდი, ჟიგული მოადგა ამოღმართს და გამოკვეთით ჩანდა სახურავზე საგულდაგულოდ დამაგრებული ფქვილიანი ტომარა. დედა-შვილი ტოროშელიძეები მორიგ გასტრონომიულ დოტაციას იღებს: ამირან შუკაკიძე მათ ისევე ჩუქნის ფქვილს, როგორც დავით ნოზაძეს (ნოზაძეს სახლი ჩამონგრევია სიძველით, მერე ამირანს სახლიც აუშენებია მათთვის ოთხსულაინი ოჯახისთვის). რწმუნებულს, კონსტანტინე აბაშიძეს, თავისი თვალით უნახავს, როგორ დაიქცა ნოზაძის სახლი, მერე ამირანმა სამი თვით ოჯახი შეიფარა, ამასობაში სახლიც აშენდა ამირანის თაოსნობით და ახლა სოციალურად დაუცველი ოჯახი მკვიდრად აგებულ სახლში უშიშრად გრძნობს თავს. სადამდე შეძლებს ერთი კაცი ამდენის თუნდაც პურით გამოკვებას?! იქნებ ჩაენაცვლონ ან შეეხიდონ ამ ადამიანს!  ტოროშელიძეს და მის შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, სახლი უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ამუშავებენ მცირე მიწას, რადგან უღელი ხარი შარშან დეკემბერში მშობლების დაკრძალვას მოუნდა (ორ კვირაში დაასაფლავა ორივე მშობელი), სოციალურ დახმარებას იმიტომ ვერ იღებს, რომ წლის განმავლობაში დენის გადასახადი გადაუხდიათ 30 ლარი, აქვთ  სახლი, მარანი  და ერთი ძროხა ჰყავთ (ინფორმაცია მოწოდებულია  სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სააგენტოს უფროსის, ნინო მაჭარაშვილის,  მიერ).

 2008 წლის ომის შემდეგ  ათი თვის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციები მოსახლეობას აძლევდა საკვებს, ახლა ეს დოტაციაც აღარ არსებობს, თუმცა ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებულია ბევრად მოსახლეობა, _ თქვა რწმუნებულმა.  რატომღაც ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტებმა იჩქარეს სოფლის დატოვება, მე კი ჯიუტად ვაგრძელებდი სოფლის დათვალიერებას. ყველა უბნიდან გამოდიოდა მოსახლეობა, კამერას არ ერიდებოდნენ და გულახდილად საუბრობდნენ პრობლემებზე. საკრებულოს თავმჯდომარეს დიდი ამბით აქებდნენ, მასზე მეტად კი_ამირან შუკაკიძეს (რომელსაც ათზე მეტი სახლი აუგია შეჭირვებული მეზობლებისთვის), ხოლო დანარჩენებ ,,უფროსებზე“ ტუჩს იბზუებდნენ.

 ომის შემდეგ 60 ოჯახს დაუტოვებია სოფელი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ადგილს 60 ერთეულ ჯავშანტექნიკაზე უფრო დიდი  საყრდენი გამოსცლია.

 აქ ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, როცა ჩვენი ნაკვეთების უმეტესობა საზღვრის გაღმა დარჩა, 85% მიწის ფონდი ოკუპირებულია და მესაქონლეობასაც ვეღარ ვეწევით აქტიურად. ადრე სათიბებიდან მოგვქონდა თივა, გაზაფხულზე იალაღზე გაგვყავდა პირუტყვი და 100 კილოგრამიანი წონანამატით  ვიბრუნებდით შემოდგომით. კომუნისტების დროს თითო ძროხაზე 35 კილოგრამი ხორცი მაინც უნდა ჩაგვებარებინა, მაგრამ ეს არ გვიჭირდა, რადგან პირუტყვის მოსაშენებლად ყველა პირობა გვქონდა. ახლა ხბოც რომ გადავიდეს მდინარის მეორე მხარეს, მის გადმოსარეკავად ვერ წახვალ იქით, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისათვის დაგვაპატიმრებენ,_ წუხს მოსახლეობა.

 ერთ ოთახში შეიძლება იცხოვროს 16 ადამიანმა ერთად?! მით უფრო, რომ მათ შორის ექვსი ძმა ცოლებით და ბავშვებითაა! წარმოუდგენელია, მაგრამ ცუხიშვილები ასე ცხოვრობენ. ამირან ,,დამსახლებელი“ ახლა 48 წლის ორშვილიან გელა ცუხიშვილს მალე პატარა ფიცრულში გაიყვანს, მერე სოფელი აკრებს ფულს, მასალას და გელასაც ექნება სახლი. ფანატიზმი ერია ამირან ცუხიშვილის(ეს სხვა ამირანია) ნათქვამში, 52 წელია აქიდან არ წავსულვარ და ორი ვაჟითვე აქვე ვრჩებიო. მართალია, მის უბანს ყოველ დიდი წვიმის მერე ,,გულიკეთის ღელე“ ბოგირს წაიღებს, მაგრამ ,,აქ გვყავს ჩვენ ინგა ზაბახიძე, ტრაქტორს გამოგვიგზავნის კალაპოტის გასაწმენდად“, იმედს არ კარგავს პერევის მოსახლეობა.

 ცუხიშვილ ქეთევანს ქმრის პატიმრობა აწუხებს. პირობითი მსჯავრის გამო მას ,,პნოპკაზე“ ხელის დასაჭერად ჩასვლა ვერ მოუხერხებია საჩხერეში და პირობითიდან თავისუფლების აღკვეთამდე ხომ ადრე ერთი ნაბიჯი იყო!

 ამირან ამშენებელი-შუკაკიძე ახლა 5 ათასი დოლარის მოძიებაზეა გადასული. ამდენი სჭირდება სახლს, რომელიც სოფლის საბავშვო ბაღისთვის გამოდგება, სკოლა რემონტდება და ალბათ კომპიუტერებიც აღარ იქნება ჩაკეტილი მოსწავლეებისთვის. ამირანის მეთერთმეტეკლასელი ვაჟი წუხს, რომ მის გარდა თითქმის ინტერნეტს და კომპიუტერს ვერავინ იყენებს. ის აღიარებს, რომ მამასავით ძლიერი არაა და სწავლის მერე სხვაგან იმუშავეს, სოფელს იშვიათად  ამოაკითხავს და ნახავს იმ არემარეს, სადაც ბაბუამ 12 შვილი გაზარდა (ახლა ამირანის ძმისა და დის წულები თავისი შთამომავლებით 112 ადამიანია, ელოდებიან 113-საც).

 გვიანი საღამო იყო, როცა რენკლოდის მსგავსი ხილი (ტყემალიაო, გვიმტკიცებდნენ) და ადრეული ვაშლი მოგვიტანეს, ვიდრე ,,პირს ვისველებდით“, ნანა ექიმს მოაკითხა თინათინ თანდელოვმა, გამართული ქართულით ოსმა დედამ შვილის ავადმყოფობის შესახებ უამბო, მერე რეცეპტით გაუყვა სოფელ თედელეთის გრძელ გზას, რომელიც საოკუპაციო ხაზის იქითაა. მისი წასვლისთანავე გოჩა მოვიდა, გვარი ვეღარ ვკითხე. მომერიდა, კარგად მოქართულე ოსი რომ იყო, ეს თვალნათლივი იყო. წუხელ გული მაწუხებდა და აქამდე ვერ შევძელი გადმოსვლაო. ექიმმა გულიანად მოუსმინა, სასწრაფოდ წამალი დაალევინა და ისიც რეცეპტით გაისტუმრა.

 122 ფოტოთი და დიდი ემოციებით დატვირთული საჩხერისკენ გზას გამოვუყევი. ვფიქრობდი: ეს სოფელი უნდა შენარჩუნდეს ადგილობრივი მოსახლეობის საშუალებით. სოფელს კი დაცლის საშიშროება ემუქრება. ზაქარეიშვილი აპირებს მომდევნო კვირაში ასვლას პერევშიო, საკრებულოს თავმჯდომარე და რწმუნებულიც ხშირად ასვლას დაჰპირდნენ გაუტეხელ პერეველებს, თუმცა ყველა პოლიტიკოსზე (ან ადმინისტრაციულ პირზე) მეტად სოფელში ამირან შუკაკიძის იმედი აქვთ. ეს ოჯახი უკვე სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელია  უნებლიედ. კონფლიქტის მოგვარების ოქროს წესი არ არსებობს. უფრო სწორი ვთქვათ და იქნებ გავიხსენოთ, მოგვარდა სადმე იმდაგვარი კონფლიქტი, როგორიც ჩვენ გვაქვს  აფხაზებთან ან ოსებთან (უფრო-რუსებთან)? ერთ-ერთი  ძალა სახალხო დიპლომატიაა, რომელიც ყველაზე იმედიანად ჩანს ჩვენი გეოპოლიტიკიდან და თავდაცვითი პოტენციალიდან გამომდინარე.

 ისე, ამირანთან დაკავშირებით იქნებ დაინტერესდეს ტელევიზიები (თუნაც ,,იმედის გმირები“) და ეგებ პერევში ვეძებოთ პატარა ბიძინა და არა კასპში... არა ამირანის დიდებისათვის (რომელსაც არც არვინ ითხოვს), არამედ ზნეობრივი ნიმუშის ასაღებად!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1831
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია