25 ნოემბერს ადამიანის უფლებათა სახლში შეკრების მიზანი იყო იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო- საინფორმაციო ასოციაციის -ასას პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა იმერეთის წყალმომარაგებასა და დასუფთავების პროგრამაში“, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით შესრულდა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის წყალმომარაგების პროექტის ტექნიკურად გამართული განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ქალაქის დასუფთავების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, საზოგადოებისთვის ინფორმაციების მიწოდება და მონიტორინგში მათი როლის გაძლიერება.
პროექტი კოალიციურია და მასში ასა, „ახალი სამოქალაქო აზროვნება I“ და „სარკმელი საქართველოში“ მონაწილეობენ.
ასა-ს ხელმძღვანელმა, ზაზა ხელაძემ, პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე ისაუბრა. წინასწარი დაგეგმარების პროცესისა და შესრულებული სამუშაოების სერიოზულ შეუსაბამისობის საჩვენებლად კი ფოტოები და ტაბლოები წარმოადგინეს.
„პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა წელს, თებერვალში, შემდეგ ჩავატარეთ მონიტორინგი, შეხვედრები მოსახლეობასთან, არასამთავრობოებთან, მასმედიასთან, დისკუსიები სამთავრობო სტრუქტურებთან, პრესაში გამოვედით. სახელმწიფოს მასშტაბით მონაწილეობა მივიღეთ ისეთ შეხვედრებში, რასაც ჰქვია „საქართველოს ურბანული კომუნალური მეურნეობა“, - აღნიშნა ზაზა ხელაძემ.