დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოხელეებს მილიონები, ჯანდაცვას - თეთრები?
2013/04/01 12:35:43

გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განხილული და დამტკიცებულია

 

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობამ ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების განხილვა მოაწყო. ასოციაცია ბიუჯეტის მონიტორინგს მთელი წლის განმავლობაში აწარმოებდა. შედეგების მიხედვით კი პროექტის „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ ფარგლებში მომზადდა ბიულეტენი, სადაც ასოციაციის მონიტორინგის შედეგებია აღწერილი.

 

გასული წლის ბიუჯეტი ქუთაისის საკრებულოს №143 დადგენილებით 364 450 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში შევიდა 13 ცვლილება და წლის ბოლოს 678413000 ლარი შეადგინა. ახალგაზრდა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტირების პრაქტიკაში ხშირ ცვლილებას, როგორც წესი, საჭიროებს არაკვალიფიციურად დაგეგმილი ბიუჯეტი. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაში ხშირი ცვლილების მიზეზი არა სუბიექტური, არამედ ობიექტური ფაქტორებია, კერძოდ - ქვეყნის საბიუჯეტო მოწყობა და სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის შემოსავლების გადანაწილების წესი.

მონიტორინგის შედეგებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი შრომის ანაზღაურების ფონდს. 2012 წლის ბიუჯეტიდან  თვითმმართველობის თანამშრომლებზე ხელფასების სახით 4 986 800 ლარი, ხოლო პრემიების სახით 1699 046 გაიცა. წლის განმავლობაში გაცემული პრემიების საერთო  მოცულობამ ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურების 34%. „მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პრემიების პოლიტიკის ნათლად ფორმულირება და მისი მკაფიო მიბმა საქმიანობის შედეგებთან, რათა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს დაადგინოს, თუ რისთვის, რა მიღწევისთვის მიიღო ამა თუ იმ თანამშრომელმა დამატებითი ანაზღაურება პრემიის სახით?“ - აცხადებენ ახალგაზრდა ეკონომისტები.

გასული წლის მანძილზე თვითმმართველობაში ხელშეკრულებით შტატგარეშედ აყვანილი იქნა 174 თანამშრომელი, თუმცა შტატგარეშე თანამშრომელთა აყვანასთან დაკავშირებული პოლიტიკა არ არის ნათელი და მოითხოვს დამატებით განმარტებებს. გაუმართლებელია შტატგარეშე თანამშრომელთა აყვანა მთელი წლის განმავლობაში.

თვითმმართველობის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით დაფუძნებული კულტურის, სპორტის,  განათლების და ა.შ. დაწესებულებები ბიუჯეტიდან დაფინანსებას  სუბსიდიების სახით იღებენ, რამაც 27 619 1000 ლარი შეადგინა. ვინაიდან  აღნიშნული ააიპ-ების საქმიანობა ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ახალგაზრდა ეკონომისტთა შენიშვნებით, მათი საქმიანობის მიმართაც საჯაროობის იგივე ხარისხი უნდა იყოს მოთხოვნილი, როგორც თავად ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ხარჯებს 6688 8000 ლარი შეადგინა.

2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცალკეული პროგრამები არასრულყოფილად იქნა დაფინანსებული, მაგალითად: გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის, ღვარსადენების  ექსპლუატაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხის გარკვეული ნაწილი აუთვისებელი დარჩა, რის გამოც ქალაქში აღნიშნული პრობლემები სრულყოფილად არ მოგვარებულა.

 

***

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს უმალვე მოჰყვა სხვადასხვა პარტიის გამოხმაურება.

რესპუბლიკელებმა მერიის წინ ბრიფინგი გამართეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ბიუჯეტის მისაკუთრებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ გასული წლის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა არასწორი პრიორიტეტების შედეგია.

„მაშინ, როდესაც 2012 წლის ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა, მერიის თანამშრომლების ხელფასების სახით 7 მილიონი ლარი იქნა გაცემული. დასუფთავებას ბიუჯეტიდან 3662400 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, მიუხედავად ამისა, მერიის სარდაფი ნაგვით არის სავსე. სადაც მუშაობენ, სადაც ყოველდღე დადიან, ის თუ ვერ დაასუფთავეს, როგორი დასუფთავებული იქნება ქალაქი და გარეუბნები?“ - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნატო ქათამაძემ.

მან მერიის 2012 წლის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში არსებული მდგომარეობაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სარეზერვო ფონდის 68% თანამშრომელთა ხელფასებზე გაცემა არის სწორედ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა.

ქათამაძის განცხადებას არაკომპეტენტური უწოდეს მერიის კონტროლის განყოფილებაში და აღნიშნეს, რომ გასული წლის ბიუჯეტის ვითომდა არამიზნობრივი ხარჯვა სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნებისმიერ ამ, ან მსგავს საკითხებზე ქუთაისის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა მზად არის, პასუხი აგოს და  ყველაფერი ღია ეთერით განმარტოს. კომპეტენტურ შეკითხვაზე ყველა მიიღებს ასევე კომპეტენტურ და ფაქტობრივ ინფორმაციას,“ - განაცხადა მერიის კონტროლის განყოფილების უფროსმა კობა გაბიანმა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე გაცილებით თამამი მოთხოვნით გამოდის - ქუთაისის მერის და ვიცე-მერების დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ქალაქში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, მერი ევროპაში სტრესის მოსახსნელად არ უნდა დადიოდეს. მისივე განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მოსახლეობას ბოიკოტს უცხადებს, ვინაიდან ვიცე-მერი აანონსებს, რომ თუკი ნაციონალთა პროკურატურაში დაბარებები არ შეწყდება, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქისათვის აუცილებელ სერვისებს გათიშავს.

„ახლა, როდესაც არის შესაძლებლობა, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროდან 43 მილიონამდე  ლარი იყოს გამოყოფილი ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, მერი ყოვლად გაუმართლებელ და გაურკვეველ ვითარებაში არ უნდა იყოს შვეიცარიასა და უკრაინაში ორკვირიანი მივლინებით წასული. ამ ყველაფრით ზარალდება ქალაქის მოსახლეობა, სადაც სერიოზული პრობლემებია სასმელი წყლის მომარაგების თვალსაზრისით, დაუსრულებელია ლიფტების პროგრამა, ასევე შიდა გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება. ის უპრეცენდენტო თანხა, რაც ქალაქის ისტორიაში არ ყოფილა, რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, მოვითხოვთ - ვიზიტის დასრულებისთანავე გადადგეს ქალაქის მერი და ასევე ვიცე-მერები. შეიქმნას საკონკურსო კომისია, რომლის მეშვეობითაც შეირჩევა ახალი მერი. ამ მოთხოვნით საზოგადოებაში უკვე არსებობს საპროტესტო ტალღა, რომელსაც ჩვენი ფრაქციაც შეუერთდება. ამ ტალღას მივცემთ მიმართულებას და მივიღებთ ლოგიკურ დასასრულს მერის გადადგომით,“ - განაცხადა ქუთაისის  საკრებულოს  ფრაქცია   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ.

მღვდელაძის მოთხოვნას გამოეხმაურა ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე.

„ქალაქის მერი და მერიის ორი თანამშრომელი ორკვირიანი მივლინებით ქალაქისავე სასიკეთოდ იმყოფებიან ევროპაში და ეს მივლინება შვიდი ათასი ლარი დაჯდა. რაც, არა მგონია, ტრაგედია იყოს ქალაქისთვის. ასევე კარგი იქნება, თუ მამუკა მღვდელაძე განმარტავს, ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაში რას გულისხმობს. რაც შეეხება ჩვენს ბოიკოტს, ჩემს ოპონენტს შევახსენებ, რომ მე გაფიცვის კანონიერი უფლება მაქვს და ვურჩევ, ხანდახან მაინც ჩაიხედოს კონსტიტუციაში,“ - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ქუთაისის საკრებულომ 29-ე სხდომაზე განიხილა. საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული ახალგაზრდა ეკონომისტთა მითითებები განხილული და პრაქტიკაში გატარებული იქნება.

ბიუჯეტის ანგარიშიც და დღის წესრიგში არსებული ცხრავე საკითხი საკრებულოს წევრებმა ჩვეული სისწრაფით განიხილეს და დაამტკიცეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია