დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამუკა მღვდელაძე: „ქალაქის მერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“
2013/03/27 12:04:51

ქუთაისის საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში ბრიფინგი გამართა, სადაც შვეიცარიაში მივლინებით მყოფი მერის და ასევე ვიცე-მერების დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

მისივე განცხადებით: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ქმედებებით ქუთაისის მოსახლეობას ბოიკოტს უცხადებს. მაშინ, როდესაც ქალაქის მერი და მერიის ორი თანამშრომელი სტრესის მოსახსნელად ევროპაში იმყოფებიან, ვიცე-მერი,  პროკურატურაში ნაციონალების დაბარების გამო, ქალაქს მნიშვნელოვანი სერვისების გათიშვით ემუქრება, ქუთაისში კი მწვავე პოლიტიკური კრიზისი დგას. 

მამუკა მღვდელაძე, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ჩვენი დღევანდელი ბრიფინგით, გამოვეხმაურეთ იმ უპასუხისმგებლო ქმედებებს, რისი ფაქტებიც გვაქვს ქუთაისში. მაშინ, როდესაც არის შესაძლებლობა, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროდან 43 მილიონ ლარამდე თანხა იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფილი, მერი ყოვლად გაუმართლებელ და გაურკვეველ ვითარებაში არის ორი კვირით მივლინებაში წასული, რაღაც საშენი მასალების და ელექტროავტომობილების დასათვალიერებლად, საკუთარი სტრესის მოსახსნელადაა შვეიცარიაში და ამას ერთვის  ვიცე-მერის გამოცხადებული ბოიკოტი ქალაქის მიმართ. ამ ყველაფრით ზარალდება ქალაქის მოსახლეობა, სადაც სერიოზული პრობლემებია სასმელი წყლის მომარაგების თვალსაზრისით, დაუსრულებელია ლიფტების პროგრამა, შიდა გზებისა და  სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება, ქალაქის დიდ ნაწილში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემები.  ის უპრეცენდენტო თანხა, 43 მილიონის ფარგლებში, რაც ჯერ ქუთაისის ისტორიაში არ ყოფილა,  რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე ერთი იმდენი თანხა, რომელიც შეიძლებოდა საერთაშორისო ფონდიდან ყოფილიყო მოძიებული სოციალური საცხოვრისების, ბოტანიკური და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკების რეაბილიტაციისათვის, არის გაურკვეველ ვითარებაში. ამიტომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ, ვიზიტის დასრულებისთანავე, აპრილის დასაწყისში ქალაქის მერი, ვიცე-მერებთან ერთად, გადადგეს და მოხდეს საკონკურსო კომისიის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შეირჩევა ახალი მერი. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გარკვეული საპროტესტო ტალღა არსებობს, რომელსაც საზოგადოებაც უერთდება. ეს ტალღა არის ძალიან დიდი. ჩვენი ფრაქცია და „ქართული ოცნება“ აპირებს აქტიურ ჩართულობას მოსახლების საპროტესტო ტალღაში, რათა საზოგადოებრივ ტალღას მივცეთ მიმართულება, რომ მერის გადადგომით მივიღოთ ლოგიკური დასასრული.“

მღვდელაძის მოთხოვნას პასუხობს ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე და მღვდელაძეს კონსტიტუციაში ჩახედვას ურჩევს.

ამირან ძოწენიძე, ქუთაისის ვიცე-მერი: „მართალია, მერი იმყოფება შვეიცარიაში და უკრაინაში სამ-სამი დღით, ეს არის ჩვეულებრივი მივლინება, რაშიც 7 ათასი ლარი იხარჯება, არა მგონია, ეს მაინცდამაინც დიდი პრობლემა იყოს ქვეყნისთვის და ქალაქისთვის. ქალაქს აქვს ინფრასტრუქტურა და მას სჭირდება ტექნიკა და ორგანიზება. უმჯობესია, მღვდელაძემ დააკონკრეტოს, რას ნიშნავს თანხების მიზნობრივი ხარჯვა. რაც შეეხება სერვისების შეჩერებას, ჩვენ ვაპროტესტებდით ნაციონალებზე გატარებულ ზეწოლებს და დავაანონსეთ, რომ პროკურატურაში დაბარებების გაგრძელების შემთხვევაში, მოვახდენდით სერვისების შეჩერებას და გაფიცვას, რისი კანონიერი უფლებაც მე მაქვს. ამიტომ ბატონ მამუკა მღვდელაძეს ვურჩევ, ხანდახან მაინც ჩაიხედოს კონსტიტუციაში.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია