დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კონტროლის პალატის დარტყმა ქართულად მეოცნებეებს!
2012/03/19 13:18:48

12 მარტიდან მოყოლებული, კონტროლის პალატა რეგიონებში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს დასაკითხად იბარებს. დაბარებულთა შორის, ძირითადად, კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლები არიან. თუმცა, ასევე დაიბარეს უპარტიო მოქალაქენიც.

ეს პროცესი  ერთდროულად  დაიწყო: სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, კახეთსა და შიდა ქართლში. დავით უსუფაშვილმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, 12 მარტს, ქუთაისში, ვრცელი კომენტარი გააკეთა: ეს ხელისუფლების სისუსტის გამოვლნებაა. ხელისუფლება ნელ-ნელა წონასწორობას კარგავს და ქართული ოცნება დღითიდღე ძალებს იკრებს. იცით, რომ ყოველდღიურად მინიმუმ ორი ახალი ოფისი იხსნება. ისინი არა ოფისები, არამედ - დაკომპლექტებული შტაბებია, რომლებმაც კონკრეტულ რაიონებსა და ქალაქებში საარჩევნო წარმატება უნდა მოიტანოს. თავად კოალიცია ძალიან მძლავრ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა, რომელიც მუდმივად იზრდება და ძლიერდება. საერთაშორისო ასპარეზზე მიხეილ სააკაშვილის პოზიციები უკიდურესად შესუსტდა. ბიძინა ივანიშვილის თაობაზე სულ უფრო მეტი და მეტი იწერება საერთაშორისო პრესაში და, ბუნებრივია, ამან ხელისუფლება წონასწორობიდან გამოიყვანა.  

სწორედ ამას უკავშირდება ქმედება, რომ ქართული ოცნების აქტივისტებმა სხვადასხვა ქალაქებში კონტროლის პალატის უწყება მიიღეს, რომლითაც მათ დაკითხვაზე იბარებენ. ამ ადამიანებს ქართულ ოცნებასთან არანაირი ფინანსური კავშირი არა აქვთ. მოძრაობასთან მათი კონტაქტი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ქართული ოცნების გაზეთებს არიგებდნენ და ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ.“

უსუფაშვილი ყველა აქტივისტს მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.

კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის დადგენილია პოლიტიკური საქმიანობისთვის მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გამჭვირვალობის ვალდებულება. საქართველოს მოქალაქეებს კი უფლება აქვთ, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე.

„პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგინდა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ. არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში. მხედველობაში გვაქვს, მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა, ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში. აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ არის. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები. ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ, მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ, კერძო ფირმების - ძირითადად კი კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ. მიუხედავად იმისა, რომ კანონი კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას კრძალავს.“ - აცხადებს კონტროლის პალატა.

ბოლო დღეების მანძილზე საქართველოს კონტროლის პალატა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებში მასობრივად იბარებს.  გაზეთი „P.S“-ის საკუთარი ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეები დაიბარეს ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში. როგორც რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე გაზეთ „P.S“-თან საუბრისას აცხადებს, პარტიის წევრებზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათ აიძულებენ, დაწერონ ტყუილი.

რამდენიმე დღეა რესპულიკური პარტიის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ახალგაზრდებს ეუბნებიან, დაწერონ ტყუილი და თქვან, რომ რესპუბლიკური პარტია მათ აძლევთ ფულს. ეს ზეწოლა ხორციელდება იმის შემდეგ, რაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ნუთუ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვინმეს აქვს უფლება, აკრძალოს პარტიაში გაწევრიანება, ან კიდევ - სხვა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა?“ - ამბობს ნატო ქათამაძე.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩი, ჯონ ბასი, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მიზეზით, მოქალაქეთა მასობრივ დაბარებებსა და დაკითხვებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“  დაწერილი სტატუსით ეხმაურება.
„შეშფოთებული ვარ კონტროლის პალატის აქტივობებთან დაკავშირებული გაურკვევლობით. ნათელი მიმართულების გარეშე, რომელიც მის მუშაობას უკავშირდება, კამპანიის ფინანსური კანონმდებლობა ვერ გაზრდის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ და ხელს ვერ შეუწყობს კონკურენტუნარიანი კამპანიისთვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებას,“- წერს ჯონ ბასი.

როგორც პარტიის ახალგაზრდა წევრები აცხადებენ, მათ პირდაპირ სთხოვდნენ, დაეტოვებინათ აღნიშნული პარტია. რასაც, როგორც თვითონ აცხადებენ, პრინციპის გამო არ შეასრულებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია