დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კრიზისი, თუ?..
2013/01/22 21:43:36

ვანო მერაბიშვილი: ისეთი საბიუჯეტო კრიზისის პირობებში, როგორიც ახლაა, ჩვენი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ისეთი საბიუჯეტო კრიზისის პირობებში, როგორიც ახლაა, წინა ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდოდა და ყველა შტო ერთად იფიქრებდა, როგორ გამოსულიყვნენ ასეთი მძიმე მდგომარეობიდან.

ამის შესახებ მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას და ამ ფაქტების საილუსტრაციოდ მე მინდა, წარმოგიდგინოთ ის მონაცემები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ექსპერტებმა შევაგროვეთ სხვადასხვა წყაროებიდან. ეს აჩვენებს საქართველოს საწარმოებების დღგ-ს ბრუნვებს, რომლებიც მათ ეკონომიკურ  აქტივობას ასახავს. 6% იყო ოქტომბერში, ნოემბერში - 3,6%, ხოლო დეკემბერში ჩვენ გვაქვს კატასტროფული მაჩვენებელი ეს არის (-5,2)%. მსგავსი მონაცემები რომ ყოფილიყო ჩვენი მთავრობის შემთხვევაში, მთავრობა საგანგებო რეჟიმზე გადავიდოდა, ჩაერთვებოდა ხელისუფლების ყველა შტო, როგორც ეკონომიკური, ისე სხვა რეგიონული შტოები და ერთად იფიქრებდნენ როგორ გამოსულიყვნენ ასეთი მძიმე მდგომარეობიდან“, - განაცხადა მერაბიშვილმა.  

მერაბიშვილის განცხადებით, 2009 წლის შემდეგ საქართველოში პირველად მოხდა ეკონომიკის კლება, ბოლო სამი თვის განმავლობაში საგრძნობლად იკლო იმპორტისა და ექსტპორტის მაჩვენებლებმა.

მერაბიშილი მიიჩნევს, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა ხდება. იგი შიშობს, რომ ასეთი ტენდეციის შემთხვევაში არათუ ახალი დაპირებების შესრულება, არამედ საფრთხეშია არსებული გეგმების შესრულებაც.

სტსტიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ციფრების კომენტარისაგან თავს იკავებს. კომენტარს არ აკეთებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. ვანო მერაბიშვილთან ტელე-დებატებში მონაწილეობაზე მან უარი თქვა.

საპარლამენტო უმრავლესობაში მერაბიშვილის მიერ მოყვანილ ციფრებს არასერიოზულს უწოდებენ.

„მინდა დაგამშვიდოთ – არავითარი ეკონომიკური კრიზისი არ იქნება, პირიქით, 2013 წელს, როგორც მინიმიუ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოს ყველა რაიონში,“ – აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი  ტყემალაძე.

უმცირესობის წარმომადგენლები კი თვლიან, რომ მთავრობამ დროზე უნდა გააკეთოს ანალიზი და სწორად გათვალოს შემდგომი ეკონომიკური ნაბიჯები.

„ჩვენი მიზანია, მთავრობამ გააკეთოს სწორი გათვლები,“ – აცხადებს უმცირესობის წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი.

ეკონომიკური ექსპერტების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებითაც გაიყო. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, ახალი მთავრობის მუშაობამ დადებითი თუ უარყოფითი შედეგები მოიტანა. როგორც მინიმუმ, ამის გასარკვევად საჭიროა კვარტლის შედეგების გამოქვეყნებას დაველოდოთ.

ზოგიერთი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ ციფრები საყურადღებოა.

„ძალიან ბევრი ინიციატივა არის უკანგადადგმული ნაბიჯი,“– მიიჩნევს ექსპერტი ზაზა შეშელიძე.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია