დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გურჯაანში ატმის სეზონი ჩავარდა
2013/07/11 08:50:58

სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობა გაუფასურებულ ატამს სანაგვეზე ყრის

 

გურჯაანში, ჩუმლაყი–ყიტანის გზაზე ატმის ყველაზე დიდი ბაზრობაა. აქედან ყოველწლიურად  ასეულობით ტონა ატამი აზერბაიჯანის მიმართულებით გადის. ატმის მოსავალი ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყაროა. მთავარი სარეალიზაციო  ბაზარი კი აზერბაიჯანია. ყოველწლიურად აზერბაიჯანელი  ინვესტორები ადგილობრივი ფერმერებისგან ატამს საბითუმო ფასებში ყიდულობენ და საბაჟოს გავლით აზერბაიჯანში გააქვთ.

წელს, ატმის რეალიზატორებისთვის ბაზარზე განსხვავებული სურათია. ატმის მოსავალი უხვია, მაგრამ მისი ჩაბარების ფასი, ადგილობრივთა შეფასებით – კატასტროფული. თუ გასულ წელს  ფასები  30-დან 40 თეთრამდე მერყეობდა, ახლა  ერთი კილო ატმის ჩაბარების ფასი 8 თეთრიდან იწყება და 15 თეთრს არ აჭარბებს.

წლევანდელ სეზონზე ატმის გაუფასურება აზერბაიჯანის საზღვარზე ატმის განბაჟების ფასის გაზრდამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთი კილო ატმის განსაბაჟებლად მყიდველს 1.15 თეთრის გადახდა უწევს, რის გამოც აზერბაიჯანელები ატმის მაღალ ფასად შეძენაზე უარს ამბობენ. ადგილობრივ ბაზარზე კი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის საშუალება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გურჯაანელი გლეხები მალფუჭებადი პროდუქციის დროულად და ეფექტურად რეალიზებას ვერ ახერხებენ.

„22 კილოიანი ყუთი ორი ლარი ღირს. წარმოიდგინეთ, რა მოგებაზეა ლაპარაკი. მხოლოდ წაგებაზე ვმუშაობთ და დანახარჯსაც ვერ ვიღებთ. ასე გაუფასურებული ატამი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა. 20 ტონა მოსავალი მომივიდა წელს და სულ ზარალში ვარ. აღარავის უნდა, ლამისაა გავაჩუქო",– ამბობს სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი ნოდარ ოსიაშვილი.

„როდემდე უნდა ვუყუროთ სხვის ბაზარს და როდემდე უნდა ვიყოთ სხვის იმედზე. საერთოდ დაუცველები ვართ ჩვენ, გლეხები. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ალტერნატიულ საშუალებებზე, მაგალითად, გახსნას საკონსერვო–სამაცივრე ქარხნები და ადგილზე ჩავაბარებთ ჩვენს პროდუქციას და აღარ ვიქნებით სხვაზე დამოკიდებული", – ამბობს გურჯაანის მცხოვრები ზურაბ როსტიაშვილი.

ატმის სეზონი პიკს აღწევს. გურჯაანელებს ყოველდღიურად  რამდენიმე ათეული ტონა ატამი გამოაქვთ გასაყიდად, თუმცა ჩუმლაყი–ყიტანის ბაზრობაზე კახური ატმის შეძენის მსურველი თითქმის არ ჩანს. ატმის რეალიზატორები გაფუჭებულ პროდუქტს ყოველი დღის ბოლოს სანაგვეზე ყრიან.  მყიდველის გარეშე დარჩენილი გურჯაანელები ატმის ყუთებით გაჩუქებასაც აღარ ერიდებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1740
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია