დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტები
2013/01/17 19:31:04

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრი დავით ნარმანია რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და 2013 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, პროექტების განხორციელების კუთხით, 2013 წელს 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. მინისტრის თქმით, ახალი პროექტების დაწყებასთან ერთად, ყველა ის გარდამავალი პროექტიც გაგრძელდება, რომელიც გასულ წელს დაიწყო. როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი აცხადებს, უწყების საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით განხორციელდება.

სამინისტრო რეგიონული განვითარების მიმართულებით   ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას და შესაბამისი წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას გეგმავს. კერძოდ, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის ოპტიმიზაციასა და გაძლიერებას, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას. ასევე, რეფორმების განხორციელების სამართლებრივ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და კოორდინაციას, რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების სისტემის სრულყოფას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით საქმიანობას, ის მოიცავს: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების (240 კმ), ხიდების (30 ხიდი), გვირაბების (3 გვირაბი) მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, რეგიონებში, კერძოდ, 42 მუნიციპალიტეტში  წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. მინისტრის განცხადებით, 2013 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ნაგავსაყრელების მართვას, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციას.

ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება შესრულებული სამუშაოს ხარისხი: დავით ნარმანიას თქმით, გამოცხადებულ სატენდერო პირობებში ჩაიდება მკაცრი და მკაფიო ხარისხის მოთხოვნები  და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით, მოხდება  შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის გაძლიერება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ინფორმაციის გამჭვირვალობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც აქამდე იყო დანერგილი ამ უწყების საქმიანობაში - ინფორმაციის დამალვა და საჯაროობის პრინციპების დარღვევა, მომავალში სრულად შეიცვლება და სამინისტროს საქმიანობა მთლიანად დაფუძნებული იქნება გამჭვირვალობის და  ეფექტიანობის ამაღლების პრინციპებზე. მომავალში მოხდება სამინისტროს ვებ-გვერდის მოდერნიზება და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სამინისტროს საქმიანობასთან და ინფრასტრუქუტულ პროექტებთან დაკავშირებით   დაუბრკოლებლად და ოპერატიულად მიიღონ   საჯარო ინფორმაცია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია