დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასოფლო-სამეურნეო ბარათები წელს აღარ დაიბეჭდება
2013/07/16 12:52:03

რა ხდება ზემო იმერეთის სოფლებში?

 მიუხედავად იმისა, რომ სულ საუბრობენ საქართველოს ბერძნული სახელწოდების (გეორგია-მიწათმოქმედთა ქვეყანა) საფუძვლიანობაზე, ბოლო ათწლეულებმა აჩვენა, რომ მიწათმოქმედება, და საერთოდ, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე გაუმართავი  დარგია. თვით აზია-აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მრავალმა ქვეყანამ იმდენად გაუსწრო, ამ თვალსაზრისით, ჩვენს სახელმწიფოს, რომ ნამდვილად გაგვიჭირდება ტრადიციული დარგების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის დონის აწევა (სამაგალითოდ ღვინოც რომ ავიღოთ, ფრანგული წარმოების ალკოჰოლურ სასმელებს, ან თუნდაც ჩილეს ღვინოს, ბაზარს ადვილად ვერ დავათმობინებთ).

 ყველაზე დიდი სუბსიდია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ჩადო ეროვნული მეურნეობის  დარგებში, აგრარულ სექტორში გადმოისროლეს. ბევრმა ექსპერტმა  თავიდანვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ თანხის გამოყოფა უნდა მომხდარიყო მიზნობრივად და გამართულად. სოფლისადმი სახელმწიფო მიდგომას, რომელიც ბოლო წლებში იყო დამკვიდრებული, ყოველთვის "მათხოვრული" ხასიათი ჰქონდა: თუნდაც გასულ წელზე ვილაპარაკოთ, როცა  მცირეფერმერული მეურნეობების მქონე ადამიანებმა ნახევარი ტომარა აზოტოვანი სასუქი მიიღეს, რაც საქართველოს მწირი ნიადაგებისათვის, ფაქტობრივად, მინიმალურიც არ იყო.

 დაანონსებული მილიარდიანი ფონდი, რომელიც სისხლის გადასხმის ტოლფასი უნდა გამხდარიყო მიმკვდარი აგროსფეროსთვის, ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს იმ ეფექტს, რომელსაც მოელოდნენ „მეოცნებეები“. სოფლის მეურნეობის განვითარება არ შეიძლება გაითვალოს მოკლე პერიოდზე, ერთწლიანი  მემცენარეობაც კი ვერ მოგვცემს მასშტაბურ მოგებას, თუმცა საქმის ასე დაწყება წვრილ მეურნეობებს დადებითად წაადგა. დაახლოებით 300-500 ლარიანი სერვისი გაჭირვებული გლეხისთვის დიდი შეღავათია.  რამდენად წამოატივტივებს დაძირულ სოფლის მეურნეობას ეს დახმარება, ძნელი საპროგნოზო არაა. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობა ჩვენთან, ძირითადად, მცირემიწიანი გლეხების ხელშია, რომლებიც სასაქონლოზე მეტად პირადი მოხმარების პროდუქციას ამზადებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფერმერს აქვს საკვები(!) და არ აქვს ფული.

 საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, დაახლოებით 1400 კვადრატული მიწის ფართი სულ მოსახლეზე ძალიან ცოტაა, მით უფრო, რომ ჩვენთან ყველა მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა არ არის. დაჭაობება, გაუდაბნოება, დამლაშება, ეროზია, მეწყრული და ღვარცოფული ზონები ყოველწლიურად გვახსენებს  იმას, რომ მიწის რესურსები (მიუხედავად ნიადაგური მრავალფეროვნებისა) ზედმიწევნით შეზღუდულია. არგენტინა, კანადა, ავსტრალია ამ რესურსებით მდიდარია და ამიტომ ამ სახელმწიფოებს კიდეც აქვთ  აგროსფეროში წარმატების მიღწევის საფუძველი. ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ბუნებაში შეუზღუდავი რესურსი არ არსებობს და მისი რაციონალურ-ეფექტიანი გამოყენება განსაზღვრავს ეკონომიკის სიძლიერეს მნიშვნელოვანწილად, ამიტომ ჩვენი შეზღუდული მიწის ფართობები მაქსიმალურად რენტაბელურად უნდა გამოვიყენოთ.

 ყველაზე კარგად ახალ ხელისუფლებას სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის წარმოებაში ის გამოუვიდა, რომ ბარათების გამოყენება მხოლოდ აგრარული დანიშნულებით შეიძლებოდა და არა – ფინანსურით (ისე, ილიას თქმისა არ იყოს, ქართველებს უსაშველოდ დიდი ფანტაზია და მარჯვე გონება გვაქვს, პირადად ვიცი, რომ ერთმა ქალბატონმა მინერალური სასუქი გადაყიდა იმ გლეხებზე, რომლებმაც აღნიშნული ბარათები ვერ მიიღეს). სამწუხარო ფაქტია, რომ ზემო იმერეთში, რამდენიმე სოფელში გადავაწყდი ისეთ ხნულებს, რომლებიც მოსავალს ვერ მოიტანს: ზოგან დახნა-დადისკა სახელმწიფომ, მოსახლეობამ ან აღარ დათესა, ან კიდევ– დათესა და პირუტყვმა გადაძოვა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ (ან თუნდაც, მილიარდიანმა ფონდმა) იზარალა მნიშვნელოვანი თანხა.

„პოსტსკრიპტუმთან“ საუბარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობისა  და ფერმერთა კოოპერირების სამმართველოს უფროსმა შალვა კერესელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე 710 ათასი ბენეფიციარი დააკმაყოფილეს სასოფლო-სამეურნეო ბარათებით, რაზედაც 180 მილიონი ლარია გახარჯული.

ბენეფიციართა აბსოლუტური უმრავლესობა მცირე ფართობის მიწებს ფლობს (ერთ ჰექტარზე ნაკლებს), ამ ეტაპზე არ არის მოთვლილი, რამდენი ფერმერია დარჩენილი სახელმწიფო ზრუნვის მიღმა. როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, 650 ოჯახს არ მიუღია ამ ტიპის დახმარება, ხოლო 14 504 ფერმერმა მიიღო ნომინალური და კომბინირებული ბარათი. ჭიათურელი 650 ფერმერი წელს ისევე ვეღარ მიიღებს დახმარებას, როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ასეულობით მიწის მფლობელი.

 6 ივლისს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით,  პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის თანამშრომლები შეხვდნენ ზემო იმერეთის გლეხებს. ტრადიციულად, ჭიათურას  სამთომოპოვებითი დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ ამასთან ერთად სსრკ-ში ცნობილი იყო ჭიათურის მაღალი ხარისხის ჩაი ( ტყიბულის ჩაისთან ერთად). ამ ეტაპზე ჭიათურაში ჩაის წარმოება თითქმის არ არსებობს, რადგან განადგურებულია ჩაის ფაბრიკა, მოუვლელია 260 ჰექტარი ჩაის პლანტაცია, ნაწილობრივ ჩაის ფართობები შესყიდულია მალულად, კაპიკებად და მათი გამოყენება არ ხდება. სტუმრებმა მოსახლეობა დააიმედეს, რომ მალე შეიცვლება საკანონმდებლო ბაზა და, ჩაის გარდა, ამოქმედდება მეფუტკრეობის, მემარცვლეობის მიმართულებებიც. საუბარი იყო კოოპერირებაზე, რომელიც თავისთავად ბადებს კითხვებს. რამდენად მზად არის ქართველი გლეხი კოოპერირებისთვის? ამბობენ, რომ კოოპერირება ძალიან მიღებული ფორმაა სოფლის მეურნეობაში, თუმცა განიხილება ინვესტირების საკითხიც.

აღნიშნულზე კომენტარი ვთხოვეთ ინვესტირების საკითხების ექსპერტს, ირაკლი ბერძენაძეს.

 „ინვესტიცია აგროსექტორში უფრო წამგებიანია, რისკიანია ძალიან. სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფო დოტაციურ სისტემაზე უნდა იყოს დაყრდნობილი და უნდა იქმნებოდეს კოოპერატივები, მაგრამ, ამთავითვე, 10–20 გლეხი ერთ კოოპერატივში სისულელეა,  ვერ გაუგებენ და კონფლიქტიც გარდაუვალი იქნება. ჩაის წარმოებაში  ნაკლებად იმიტომ  ჩაიდება ინვესტორის თანხა, რომ  ჩაი სად უნდა გაიტანო? ბაზარი ათვისებულია, თურქეთი ამ საქმეში არის მოწინავე, ტექნოლოგიები ძვირი ჯდება, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება ჯდება მეზობელი ქვეყნების თვითღირებულებაზე ძვირი. ამას გარდა, მთავარი კონკურენტი – ეს არის ცეილონის ჩაი,  რომელიც შრი ლანკაში 1-3 დოლარამდე ღირს (შავ ბაზარზე –უფრო ნაკლები) და ცეილონის ჩაი ყველაზე ძვირფასია. რეალურად, ამ კუთხით, მსოფლიო ბაზარი ათვისებულია. ერთი რაც შეიძლება,  ე.წ აგურა ჩაის წარმოებაა  შუა აზიისთვის, მაგრამ ამის მწარმოებელს დიდი ძალისხმევა უნდა, რომ გაიტანოს  და მიაწოდოს. მოკლედ, ბევრი პრობლემაა. თურქებს უკვე დაკავებული აქვთ მთელი ბაზრები დაბალი ფასით, არაფერს ვამბობ შრი ლანკასა და სხვა ქვეყნებზე.“

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან დაისვა საკითხი დაბალპროცენტიანი სესხების შესახებაც. „გლეხებისთვის შეღავათიანი სესხი თითქმის არ არსებობს,“–განაცხადა სოფელ ნიგოზეთის მოსახლეობამ.

ამ ფაქტის გადასამოწმებლად ერთ ბანკს მივაკითხე. როდესაც კრედიტოფიცერს  აგროსესხის შესახებ დავეკითხე, მან დეტალურად გამომკითხა, თუ რისთვის მინდოდა თანხა, ამის გარდა, გადაამოწმა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შემოსავლები (რაც ოთხნიშნა რიცხვით განისაზღვრება), მიწის ფართობი,ის, თუ რა საქმიანობას ვეწევი ამჟამად  სოფლის მეურნეობაში, მაქვს თუ არა ბიზნესიდეები, გასაღების ბაზრის მოძიების უნარი და... როცა დასაბუთებულად გავეცი შეკითხვებზე პასუხი და 5 ათასდოლარიანი სესხის დამტკიცება მოვითხოვე, უარი მივიღე, თუმცა ვერ გავიგე – რატომ. სანაცვლოდ, სამომხმარებლო სესხი შემომთავაზა 15,1%-ად. მარტივი გასაგებია ბანკის თანამშრომლის პოზიცია: კომერციულ ორგანიზაციას აქვს თავისი ფინანსური რესურსი, რომლის გაყიდვა ბევრად ურჩევნია სახელმწიფო ფულის დაბალ პროცენტზე გაცემას.

ამ შემთხვევაში, უმჯობესი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს დაბალსაპროცენტო განაკვეთიანი სესხები გაეცა, მაგრამ, შალვა კერესელიძის განმარტებით, სახელმწიფოს არ ჰქონდა სისტემა, რომელიც  დროულად მოახერხებდა კრედიტების გაცემას. მისივე განმარტებით, მოკლე ხანში საგრძნობლად შეიცვლება სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, მოხდება აგროსექტორში ჩართული ადამიანებისათვის საგასახადო ლიბერალიზაცია, დაწესდება მკაცრი კონტროლი ხარისხზე, დაიწყება საგრანტო პროექტები კოოპერაციებისათვის, ლიზინგის სისტემა დაინერგება და მოხდება სოფლების მექანიზაცია თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით. ყველაზე მტკივნეული საკითხი ამ ეტაპზე მაინც ისაა, რომ გლეხების ნაწილმა ვერ მიიღო სასოფლო-სამეურნეო ბარათები. როცა ბარათებისათვის აკითხავენ ზემდგომებს, სამინისტრო, გამგეობა და ტერიტორიული ორგანოები ერთმანეთს აბრალიან ხარვეზებს, თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა რგოლმა დაუშვა შეცდომები. ჩემს შეკითხვაზე, დაისმება თუ არა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა გამოც ვერ მიიღო სუბსიდირება გლეხმა, პარლამენტის წარმომადგენლის პასუხი ასეთი  იყო: ალბათ დადგება დღის წესრიგში იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა გულგრილობის გამო მიწის მესაკუთრეთა ნაწილმა ვერ მიიღო სახელმწიფო დახმარება.

 8 ივლისს საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფლის, კორბოულის, მოსახლეობამ ადმინისტრაციული შენობის პიკეტირება გადაწყვიტა. მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 400 კომლს, პრეტენზია ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ დახვნა-დადისკვის ბარათის მიერ განსაზღვრული სერვის-თანხის ათვისების სეგმენტურობა გულისხმობდა იმას, რომ ბარათზე დარჩენილი თანხა არ გაუნაღდებოდათ.

 საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ივანე გოშაძემ, არსებულთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი: „კორბოული ისეთი ტიპის სოფელია, სადაც მოსახლეობის უმეტესობამ მიწის ნაწილი დახნა, ნაწილი დაიტოვა საძოვრად და ამიტომ აცხადებენ ახლა პრეტენზიას. რაც შეეხება იმ ფერმერებს, რომლებმაც საერთოდ ვერ მიიღო ბარათები, მათთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენ მიერ გადაცემული სიები იყო ხარვეზიანი, თუმცა გავასწორეთ. ჩვენ ვაწოდებდით სამინისტროს ბეჭდურ და არა ელექტრონულ ვერსიას, ჩვენგან რომ წასულიყო ელექტრონული ვერსიები, მაშინ პასუხისმგებლობის ხარისხიც გაცილებით მეტი იქნებოდა ჩვენი მხრიდან.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია