დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულომ ქუთაისის მერად გიორგი თევდორაძე დაამტკიცა
2010/06/28 12:36:27

ქუთაისის საკრებულოს მორიგი შეხვედრის მიზანი ქალაქის პირველი ხელისუფალის დანიშვნა იყო. საკრებულო სრული შემადგენლობით შეიკრიბა და პირველ საკითხად ქალაქის მერის ერთადერთი კანდიდატურის დანიშვნა განიხილა. გიორგი თევდორაძის კანდიდატურას მხარი 20-მა ნაციონალმა, ერთმა ქრისტიან-დემოკრატმა და ალიანსი საქართველოს ქვოტით შესულმა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმაც დაუჭირა. ქუთაისის ახლადარჩეული საკრებულოს ისტორიაში ეს ერთადერთი პრეცენდენტი იყო, როცა ოპოზიციამ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელს ხმა მისცა. თუმცა მანამდე ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე ქალაქის მერობის მეორე კანდიდატურის შეთავაზებასაც გეგმავდა საკრებულოსთვის. ეს საკრებულოს ერთადერთი ქალი წევრი - მანანა კიკაბიძე გახლდათ.

 

მამუკა მღვდელაძემ თავისი ხმის გია თევდორაძის სასარგებლოდ მიცემა შემდეგნაირად ახსნა: „სანამ მერის კანდიდატურას დავუჭერდი მხარს, მანამდე დავაყენე საკითხები, რომლებიც მე მიმაჩნია ქალაქისთვის პრობლემად. ეს არის დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით - იმ სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც ქუთაისში ხორციელდება: პარლამენტის მშენებლობა, ოპერის რეაბილიტაცია, სტადიონის რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. უბრალო ადამიანებისთვის ისინი დასაქმების კუთხით ხელმიუწვდომელია. მეორე საკითხი სასმელი წყლის მოწესრიგებას ეხება, ხოლო მესამე - დასამტკიცებელი ბიუჯეტია: უნდა იყოს დასაბუთებული, რისთვის იხარჯება და რა შედეგს მოიტანს. ყველაზე მთავარი კი იმ პრობლემების მოგვარებაა, რაც ამ არჩევნების დროს გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

თუ ეს საკითხები ქალაქის მერის მიერ არ იქნება სათანადოდ მხარდაჭერილი, მე ვიქნები პირველი, ვინც დააყენებს მისი კანდიდატურის  გადაყენების საკითხს. მე, სანამ მას აირჩევდნენ ამ თანამდებობაზე, მანამდე დავსვი ეს საკითხები და ბატონმა გიამ ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღო.“

„ეს არ არის პოლიტიკური, არამედ არის მორალური გადაწყვეტილება. მე მახსოვს, როცა გია თევდორაძე იყო გუბერნატორის მოადგილე, ბევრ პროექტს დაუჭირა მხარი. მთავარია, ამ გადაწყვეტილებით ქალაქმა მოიგოს და არა - პოლიტიკურმა თამაშმა. მთავარია, ჩვენ ვხედავდეთ ადამიანში საქმის მკეთებელ კაცს. მე გია თევდორაძის პიროვნებაში ვხედავ კარგ მეურნეს,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა გოგი შავგულიძემ.

ახლადარჩეული ქუთაისის რიგით მერვე მერი, როგორც ნაციონალი, ქალაქში გასაკეთებელს კიდევ ბევრს ხედავს. „ყველა ის დაპირება, რომელიც წინა საარჩევნოდ იქნა გაცემული, აუცილებლად შესრულდება. ამ არჩევნებზე მოსახლეობამ ჯეროვნად შეაფასა ჩვენს მიერ ნაკეთები საქმეები და ჩვენი სიმართლე. თუმცა არის შესაქმნელი სამუშაო ადგილები, მოსაწესრიგებელია ქალაქის ინფრასტრუქტურა, ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი საქალაქო მეურნეობის მოწესრიგების და დასუფთავების კუთხით, რაც ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ და მუხლჩაუხრელ მუშაობას,“ - აღნიშნა გია თევდორაძემ.

ახალი მერის დანიშვნას, როგორც თავად ამბობს, ადგილობრივ ხელისუფლებაში მკვეთრი საკადრო ცვლილებები არ მოჰყვება. თუმცა, მისივე თქმით: „ცვლილებები, ბუნებრივია, იქნება. ცვლილება სიახლის თანამდევი პროცესია. ახალი ადამიანები, ახალი კადრები, ახალი სისხლის გადასხმა, ვფიქრობ, აუცილებელია. მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.“

ქუთაისის საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატები ფრაქცია „ოპოზიციის“ შექმნის ინიციატივით შევიდნენ. ფრაქციის შექმნას საკრებულოს 24-ვე წევრმა მხარი დაუჭირა. ფრაქციის თავმჯდომარედ დავით დვალი დაინიშნა. „ჩვენ ვიქნებით იმ საქმეების და საკითხების ინიციატორები, რომელიც არ მისცემს საკრებულოს არც ერთ წევრს იგნორირების საშუალებას. ეს ყველაფერი კი ხალხის საკეთილდღეოდ იქნება მიღწეული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ძლიერი ფრაქცია ვიყოთ, რომელიც შეძლებს, რეალურად იყოს ხალხის ხმა საკრებულოში“ - აღნიშნა დავით დვალმა.

ფრაქცია „ოპოზიცია“ მხოლოდ სამი წევრისგან შედგება, სამივე ქრისტიან-დემოკრატია. ამ ფრაქციის წევრი არ არის მამუკა მღვდელაძე. როგორც მან გვითხრა, საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს მასთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ გაუვლიათ. თავად ქრისტიან-დემოკრატი გიორგი შავგულიძე მიიჩნევს, რომ: „ფრაქცია ის სამზარეულოა, სადაც პარტია შიდა საქმეებს განიხილავს საკრებულოში. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება. ვფიქრობ, სხვა ოპოზიციური პარტიის წევრის ფრაქციაში გაწევრიანება, უბრალოდ, შეუთავსებლობა იქნება.“

ქუთაისის საკრებულო „კარგ სწავლას“ უკვე შეუდგა. ქალაქის მერიც უკვე საქმით დაკავდა, რადგან, როგორც თავად ამბობენ, „ქუთაისში გასაკეთებელი კიდევ ბევრია“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია