დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მინისტრს, რომელიც დევნილებს ყურზე ხელების ტრიალით გველაპარაკება
2010/06/21 12:45:18

17 წელიწადია, დევნილი ვარ. სულ თერთმეტი წლისამ დავტოვე მშობლიური აფხაზეთი. ის კუთხე-კუნჭული, საიდანაც ჩემი პატრიოტული გრძნობები დაიწყო... დევნილმა ბავშვმა დევნილთა სკოლაში ვისწავლე ცრემლითა და ტკივილებით. იმხანად, როგორც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის შვილი, მოზარდთა განვითარების პროგრამაში ვმონაწილეობდი, ჩემს აფხაზ თანატოლებს ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვხვდებოდი, ამით ვცდილობდი, ქართველი და აფხაზი ხალხების ხელახალ დაახლოებაში პატარა მცდელობა მეც გამომეჩინა. მას შემდეგ კი, წლებია, ჩემი მოკრძალებული ჟურნალისტური და საზოგადოებრივი საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთს და იქიდან იძულებით გადმოხიზნულთა პრობლემებს უკავშირდება. 


ამ ხნის განმავლობაში თავი ასე დამცირებულად, შეურაცხყოფილად, როგორც დევნილს, არასოდეს მიგრძვნია... თქვენგან მოქნეული წიხლი, ბატონო მინისტრო, კობა სუბელიანო, იმდენად მწარე და მტკივნეული აღმოჩნდა, რომ ჩემი მცდელობის მიუხედავად, უპასუხოდ არ მინდა დაგტოვოთ... დიახ, თქვენ მე წიხლი მკარით! ეტყობა, პრეზიდენტის უსაზღვრო ნდობით გაყოყოჩებული, დიდხანს აპირებთ ზემოთ დგომასა და ყურებას, მით უფრო, რომ ძალაც და უფლებაც დღეს თქვენს ხელშია! თუმცა, ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ამქვეყნად ყველაფერი დროებითია, მათ შორის, ძალაც და უფლებაც და ის სავარძელიც, რომელიც დღეს თქვენ გიპყრიათ!!!

სათქმელს კალამს თუ ვანდობ...

„გმადლობთ, თქვენო აღმატებულებავ, მინისტრო!!! - ასე მოგმართავთ!

„გმადლობთ!“ - უპირველესად, იმისათვის, რომ, თურმე, „პატივი დაგვდეთ“ (თქვენივე სიტყვებია) და ჩვენამდე მოსვლა ქუთაისში, სასტუმრო „მთის ბროლის“ დასახლებაში, კვირის არასამუშაო დღეს ინებეთ! თურმე, ეს თქვენი ვალდებულება არ ყოფილა.

„გმადლობთ!“ - ესეც იმისთვის, რომ, თურმე, დევნილთა და განსახლების სახელმწიფო სტრატეგიის ავტორი თქვენ ყოფილხართ და ჩვენ, უვიცებს, ბოლომდე არ გვაქვს წაკითხული და მისი ავტორის ვინაობაც კი არ გვცოდნია!!! სამაგიეროდ, ბატონო მინისტრო, დევნილთა დიდი ნაწილი კარგად ამჩნევს, დღემდე როგორ გიკვირთ თბილისის მერიის ტექნიკური სამსახურიდან მინისტრის სავარძელში რომ აღმოჩნდით. თქვენ წარმოიდგინეთ, დევნილებმა ისიც კარგად შევამჩნიეთ, როგორ „აგიფარათ მკერდზე“ პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებისას, ბოლოს კი, გამარჯვებული პარლამენტარი რამდენიმე დღით „გაგასეირნათ“ პარლამენტის შენობაში და მერე იქ დაგაბრუნათ, სადაც ერთხელ უკვე ბრძანდებოდით.

თუმცა, პარლამენტარის მანდატი თუ ვერ ჩაგიდოთ გულის ჯიბეში, სამაგიეროდ, თქვენს სამსახურებრივ საქმიანობაში უსაზღვრო უფლებების მანდატი გიბოძათ!..

აი, ზუსტად, ამის წყალობითაა, დღეს თქვენ რომ ბობოქრობთ, კერამოშლილებს ირონიითა და აგრესიით რომ ეპაექრებით, ამიტომაა, რომ მთელი დევნილი საზოგადოებისათვის არის მიუწვდომელი მთავარი და საჭირო ინფორმაციები - რა თანხები აქვს სახელმწიფოს აფხაზეთიდან დევნილთათვის, რა თანხები შემოდის უცხოეთიდან ამ კუთხის ხალხისათვის, რა კეთდება დევნილთათვის და რამდენად ხარისხიანად თუ ეფექტურად? არსებული სახსრების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და დაზუსტებას მე კი არა, მთელი საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსი და მესამე სექტორი, ერთად აღებული, ვერ შეძლებს... როგორ გინდათ დაგვაჯეროთ, ბატონო მინისტრო, რომ ამასწინათ კოპიტნარში გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, საერთოდ იყო კი იმ დღეებში ქარი - გრიგალი?! იმერეთის რეგიონის ჩვეულებრივი ძლიერი ქარისათვის რატომ ვერ უნდა გაეძლო ახალგაკეთებულ სახურავებს?!

მე იმ დღეებში გნახეთ ტელევიზიით - როგორ წამსვე ჩამოირბინეთ, როგორ ეფერებოდით მოსახლეობას, როგორ გეშინოდათ, ვინმეს პრეტენზია არ წამოსცდენოდა სამუშაოთა ხარისხზე!.. კოპიტნარი კიდევ რა მოსატანია ხონის დასახლებასთან შედარებით! იქიდან იცოდეთ, ხალხი გეძახით: „კიდევ ბევრიაო გასაკეთებელი!!!“

სწორედ ჩემნაირი დევნილებისათვის საინტერესო შეკითხვით მოგმართეთ იმ დღეს, როცა კომპეტენტური განმარტების ნაცვლად, ცინიკური და უხეში პასუხი მივიღე! კაი სასაცილო და კაი სატირალი იყო მინისტრი კაცის ყურზე აფარებული ხელების ტრიალი, უცნაური ჟესტებითა და  მიმიკებით, რითაც მე გამომაჯავრეთ! პატარა ბიჭუნა მის თანატოლს რომ დასცინებს, ისე! 

მე იმ ქალბატონის ნაცვლადაც გიხდით „მადლობას“, რომელმაც ორივე ფეხი აფხაზეთის ომში დაკარგა!

„ეს ქალი აქედან გაიყვანეთო!“ - ეს სიტყვებიც თქვენია. კიდევ ერთ ქალბატონს აიძულეთ, შეხვედრა დაეტოვებინა, ყოჩაღ, ბატონო მინისტრო! ასეთი კურიოზი არც ძველ და არც ახალ ხელისუფლებაში, არც ერთ ჩინოვნიკს არ ჩაუდენია!

ეტყობა, გამინისტრებისას, სახელდახელოდ, ქვეყნის გარეთ შეძენილი ცოდნა თქვენთვის არასაკმარისია. ადამიანებთან ურთიერთობის, საუბრისა და მათი გულების დაპყრობის საოცარი დიდოსტატია თქვენი თანამოაზრე - ჩვენი პრეზიდნეტი. წესით, სახალხო გამოსვლებში საჭირო ქცევები ამდენ ხანს უნდა გესწავლათ!!!

„გმადლობთ!“ - პროვოკატორი რომ მიწოდეთ! ამ სიტყვის არსებობა კარგა ხანია დავივიწყეთ. 21-ე საუკუნის ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის მშენებლობაზეა საუბარი, მოქალაქეს თავის აზრის გამოხატვის, სიმართლის თქმის, შეკითხვის დასმის უფლებაც კი არ ჰქონია?! ვიდრე ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას გააკეთებდით, უნდა დაფიქრებულიყავით, ეს ძალზე სერიოზული ბრალდება ხომ არ იქნებოდა თქვენი მხრიდან?! საინტერესოა, რამ გაგაღიზიანათ? იქნებ, მოლოდინი გაგიცრუვდათ, იქნებ, იმან, თქვენმა ცინიზმმა დევნილებში პროტესტის გრძნობა რომ გამოიწვია... იქნებ, იმანაც დაგწყვიტათ გული, თქვენს წინაშე არც ისე უსუსური, უუფლებო ადამიანები რომ დაინახეთ?!

აბა, რა გეგონათ? ეს ადამიანები სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრები არიან და საკმარისი განათლება აქვთ იმისათვის, რომ კარგი და ცუდი საქმე, გულიანი და უგულო კაცები გაარჩიონ...


მანანა ლეშკაშელი,

დევნილი ჟურნალისტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია