დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დიპლომატიის როლი კონფლიქტურ რეგიონებში
2012/07/23 13:03:54

„მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათ არ აქვთ უფლება ხელისუფლებას საკუთარი აზრი მიაწვდინოს; ჰგონიათ, კითხვების დასმა მათი საქმე არ არის“

 

ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი -  ეს ის რეგიონებია, რომელთაგან ორმა პირდაპირ განიცადა აგრესია, ხოლო ორ მათგანში ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. თითოეულ რეგიონზე საკმაოდ მძაფრად არის ასახული აგრესიის და მოსახლეობის დემოკრატიულ პროცესებში ჩაურთველობის პრობლემა.  

ანგარიში, რომელიც მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავა, საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე უფრო ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობას ემსახურება.ანგარიშში, რომელიც ექვს წიგნად გამოიცა, აღწერილია საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

აღნიშნული ორგანიზაციების მიერ დადებულ დასკვნაში წერია:

„საქართველოს რთული ვითარება აქვს, როგორც საერთაშორისო დონეზე რუსეთთან ურთიერთობებში, ისე ქართველებსა და აფხაზებს შორის, ერთის მხრივ - და ქართველებსა და ოსებს შორის, მეორეს მხრივ - ორი ადგილობრივი დონის კონფლიქტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა რუსეთის მოქმედებებზეა დამოკიდებული, ის მაინც ვერ იქნება მდგრადი, თუ ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას.  ეს  უკავშირდება  გამყოფი  ხაზებით  დაშორებულ   აფხაზებსა და ოსებთან დიალოგს. იმისათვის, რომ ასეთ ინიციატივებს შედეგი მოჰყვეს, დიდი დროა საჭირო, რათა მხარეებმა ერთმანეთის მიმართ უნდა აღიდგინონ ნდობა და, შესაბამისად, მდგრადი მხარდაჭერა სჭირდებათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.“

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 2010  წლის  შემოდგომაზე   დაიწყო.  შერჩეულ  იქნა   ოთხი   თემატური ჯგუფი შემდეგ რეგიონებში: შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და სამეგრელოში.

პროექტის მნიშვნელობაზე, მიღებულ შედეგებსა და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია გვესაუბრა.

- ქართულ ორგანიზაციებთან ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიო“. პროექტის ინიცირება განაპირობა იმან, რომ კონფლიქტები იყო და დღემდე არის ტაბუდადებული თემა, რომელზეც, მხოლოდ და მხოლოდ, ვიწრო წრეში მუშაობენ კონფლიქტოლოგები, ასევე დარგის ექსპერტები და, ჩვენდა სამწუხაროდ, მასში არ იყო ჩართული საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი იქნებოდა, თუ თვითონ მოქალაქეების ჯგუფი.

ეს პროექტი იმით იყო ყველაზე გამორჩეული, რომ, ამ შემთხვევაში, ეს იყო პირველი შესაძლებლობა, როცა არა ზემოდან ქვემოთ წამოვიდა გარკვეული რეკომენდაციები. თუ როგორ აღიქვამდა მოსახლეობა კონფლიქტს, გარკვეულწილად, ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე ამ  პრობლემებს  რა  მოჰყვა, კონკრეტულად, როგორ აისახა ეს პროექტში ჩართულ ბენეფიციარებზე, არამედ - ეს იყო ზუსტად მათი თვალთახედვა, ისინი როგორ ხედავდნენ ამ პრობლემებს და მერე, ადგილობრივიდან დაწყებული, რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება შექმნილ კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებით; არსებობდა თუ არა იგივე ალტერნატიული  სამოქმედო გეგმების ვარიანტები, კონცეფციები, რომლითაც შეგვეძლო თავი აგვერიდებინა აგვისტოს ომის მოვლენებისათვის.

პროექტის ფარგლებში გამოიცა ექვსი ბროშურა,  ოთხი კვლევა და ერთი გზამკვლევი, რომელთაგან უპირატესობას საია-ს პროგრამების დირექტორი შემაჯამებელ გზამკვლევს ანიჭებს, სახელწოდებით „აგვისტოს ომის შედეგები“.

როგორც იგი გვიამბობს, პროექტზე მუშაობისას, პირველადი შეხების დროს, კონფლიქტთან მიმართებაში არაერთგვაროვანი, არაადეკვატური რეაგიერება არსებობდა, როგორც მოქალაქეების მხრიდან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

„ამ არაერთგვაროვნების მიზეზი იყო, რომ მოქალაქეებს და სახელმწიფო მოხელეებს არც ისე ცხადად ესმოდათ, რა მიდგომები, გეგმები და მოვალეობები აქვს სხვადასხვა მოქმედ პირებს, ვისზეც მათი ცხოვრება და კეთილდღეობაა დამოკიდებული. გახსოვთ, ალბათ, მოარული ხმები, რომ ნატო არ დაანებებს, რუსეთმა საქართველო დაბომბოს და ასე შემდეგ, თუმცა ისე ლამაზად დაბომბა რუსეთმა, რომ ნატო დარჩა ნატოში და ევროკავშირი მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთების განცხადებით შემოიფარგლა. აქ არის, ფაქტობრივად, წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა სუბიექტი, რომელიც ჩართულია კონფლიქტის მართვაში; რა არის კონფლიქტის ზონები, როგორ ხედავენ კონფლიქტს მოქმედი პირები... ასევე დეტალურად მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლება და მისი როლი, რუსეთის მთავრობის როლი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველობები, როგორ აღიქვამენ ისინი კონფლიქტს. აქ არის ასევე თანამეგობრობის კონკრეტული როლი და მისიები; ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც ყბადაღებულ თემად იქცა საქართველოში... ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, რომელიმე დასკვნა ისე ვთარგმნოთ და მივიღოთ, რომ ორივე მხარისათვის მისაღები იყოს. რა პირობებით მოხდა ცეცხლის შეწყვეტა... სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება. ასევე ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ, რომელიც განთავსებულია ზუგდიდში, გორში, მცხეთაში და თბილისში.

რა არის ინციდენტების აცილების და მათზე რეაგირების შესაბამისი მექანიზმები, რა დანიშნულება აქვს ჟენევის პროცესს. მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიმართება კონფლიქტთან დაკავშირებით. დეტალურადაა განხილული ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. აქვე ჩამოთვლილია შესაბამისი ობიექტები, რეინტეგრაციის მინისტრის ფუნქციები, კონტროლის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებების და, გარკვეულწილად, ამ საკითხების რეგულირებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციები.

ასევე მიმოხილულია ჩართულობის სტრატეგია, თავისი სამოქმედო გეგმით, ვის რა როლი აკისრია ამ საკითხებთან დაკავშირებით, აქვე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კომპეტენციები ჩვენს თემატიკასთან მიმართებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი, კომპეტენციები... ასევე შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და უშიშროების საბჭოს დანიშნულება, ამ ძალისმიერი ინციდენტების თავიდან  აცილების მექანიზმები.  განმარტებულია, რას   ნიშნავს   ადმინისტრაციული  გამყოფი  ხაზი,  როგორი  არის  რუსეთის დე ფაქტო მმართველთა პოლიტიკა, რა როლი ეკისრებათ მათ და რითი წაახალისებს ჩართულობის სტრატეგიას საქართველოს ხელისუფლება, ანუ, მის მიერ  მიღებული 2008  წლის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგ იქნა მიღებული ჩართულობის სტრატეგია, შემდეგ სამოქმედო გეგმა და ის შვიდივე მიმართულება, რომელთა მიმართ, გარკვეულწილად, ვალდებულება აიღო ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ სტრატეგიის მიღებისას“.

წიგნში მოცემულია ასევე, სურათი, თუ რას აკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტებთან დაკავშირებით, ომის შეჩერების მიზნით, ჰუმანიტარული  და  განვითარების  ხელშეწყობის  მიზნით, თუ რა ტიპის დახმარებები ხორციელდება საქართველოს ბიუჯეტიდან. ასევე მიმოხილულია საერთაშორისო დახმარებები, თუნდაც, წითელი ჯვრის და გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით განხორციელებული.

დასკვნის შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა შეზღუდულია. ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებადაა ჩართული კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რამაც განაპირობა, ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების გამკლავების მიზნით მთავრობის მოქმედებებმა ერთგვარად დააკნინა უსაფრთხოების განცდა საზოგადოებაში, განსაკუთრებით - ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ მთავრობის მოქმედებები პირდაპირ უწყობს ხელს ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების გაფუჭებას.

„ოთხივე რეგიონში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის კვლევა  და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყოველი რაუნდის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივდიოდით ბენეფიციარებთან და ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რაზეც თავდაპირველად დავიწყეთ კვლევა. მაგალითად, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ისინი გრძნობდნენ, ეს არ იყო მხოლოდ პროექტი, და ეს იყო პროგრამა, რომელსაც უნდა გამოეწვია კონკრეტული შედეგის დადება, კონკრეტული პრობლემების მოგვარება.

შემდეგ, ჩვენ იმ აქტიურ ბენეფიციარებთან ერთად ვხვდებოდით სამხარეო ადმინისტრაციას, ასევე კონკრეტული რაიონის (ამ შემთხვევაში - სამეგრელო) თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მაჟორიტარ პარლამენტის წევრებს და რეინტეგრაციის სამინისტროს შესაბამის მაღალჩინოსნებს.

პირველი ეტაპი იყო სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერება ამ კონფლიქტის მოპირისპირე მხარეებს შორის. სახალხო დიპლომატიას უდიდესი როლი ენიჭება - ჩართულობის სტრატეგიიდან გამომდინარე, მას შეუძლია, გარდამტეხი როლი ითამაშოს პოლიტიკის რეგულირებაში.

ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ერგნეთის ბაზრობის მსგავსის აღდგენა, ლეგიტიმურ ჩარჩოებში,  თუმცა ვამბობ - ყოველგვარი კონტრაბანდის გარეშე, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით. ჩვენ იმ მხარეებისათვის, მხოლოდ და მხოლოდ, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა გავხდეთ მიმზიდველი.

ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ   კანონმდებლობაში    შესულიყო   ცვლილებები.  მოგეხსენებათ, რომ ეს ცხელ გულზე იქნა მიღებული, მაშინვე, როგორც კი კონფლიქტი მოხდა, 2008 წლის სექტემბერში, მაგრამ იმ რეალიებმა, რაც ჩართულობის სტრატეგია იქნება მიღებული მთავრობის მიერ, გამოიწვია ცვლილებების შეტანა თვითონ კანონმდებლობაში. ჩვენი ნაწილობრივი მოთხოვნები, რაც საქართველოს პარლამენტის წევრებზე გვქონდა წარდგენილი, აისახა კანონმდებლობაში, თუმცა, გარკვეულწილად, დღეის მდგომარეობით, უკვე ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ნეიტრალურ დოკუმენტს, რომელიც მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისათვის, რამაც გარკვეულწილად, კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით, ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. გარდა ამისა, დასმული იყო ხურჩასა და ზუგდიდს შორის საქალაქო მიმოსვლის საკითხი, სადაც სამარშრუტო ხაზი არ არსებობდა, მხოლოდ კერძო იყო და ძვირი ღირდა. ხურჩა არის ისეთი სოფელი, რომელიც ეკუთვნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს და ხურჩიდან გალის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულ სოფელ ნაბაკევამდე არის რამდენიმე მეტრი,  გამყოფი პატარა მდინარით. ჩვენს რეკომენდაციას ზუგდიდის მხარეც დადებითად შეხვდა და ზუგდიდსა და ხურჩას შორის დაინიშნა ავტობუსი.

მნიშვნელოვანი საკითხი იყო, ასევე, ადგილობრივი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების დაბალი დონე, რომელიც ოთხივე რეგიონში ნათლად გამოიკვეთა. ეს მოიცავს, როგორც კომპეტენციებს, ისე თანხების განაწილების, ბიუჯეტის არასწორად ფორმირებას. მაგალითად, ანაკლიაში უნდა აშენდეს სასტუმრო, ამას არათუ ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა წყვეტს, არამედ - ცენტრი, ამ შემთხვევაში - თბილისი. ასევე გუბერნატორის ინსტიტუტის დანიშვნიდან უკვე არჩევით ინსტიტუტად ფორმირება.. გამოიკვეთა წმინდა საარჩევნო გარემოს კუთხით წამოჭრილი საკითხები. რაც შეეხება ბენეფიციარებს, საკმაოდ ინფორმირებულები არიან რიგ საკითხთან დაკავშირებით.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება; რომ ყველა ამომრჩეველს ერთი ხმის მიცემის უფლება აქვს; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გარკვეული ხელშეწყობა სჭირდებათ ხმის მისაცემად და სხვა ათასგვარი პრობლემა იყო წამოწეული.

მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ ჯგუფმა თავის თავზე მიიღო, გარკვეულწილად, რეგიონული დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის გზით,“ - განმარტავს ნოდარ ჯიქია.

 როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, მთავრობამ ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა და დიდი თანხა დახარჯა ომის შედეგების გასამკლავებლად, განსაკუთრებით - ადმინისტრაციული ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები თემებისათვის.

თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორ დახარჯულიყო ეს თანხა, არ ითვალისწინებდა საზოგადოების საჭიროებებს.

რეგიონების მოსახლეობა თავს არაუფლებამოსილად მიიჩნევს საიმისოდ, რომ თავისი აზრი მიაწვდინოს ხელისუფლებას. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმ განცდით, რომ მათ მაინც არ მოუსმენენ, ხოლო ნაწილობრივ იმითაც, რომ ჰგონიათ, მათი საქმე არ არის კითხვების დასმა, ხელისუფლებაში მყოფი პირების გამოწვევა.

ცალკე აღსანიშნავია პროექტის ეგიდით „ერთად დავგეგმოთ მშვიდობა“ განხორციელებული საჯარო დისკუსიები, კერძოდ, მოეწყო რვა რეგიონალური და ორი ეროვნული დისკუსია თემაზე „მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ეროვნული და რეგიონული გამოწვევების გადალახვა.“ ამან დღის წესრიგში დააყენა რიგი საკითხების გადაწყვეტა კონფლიქტების ტრანსფორმაციისათვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია