დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის გულის მოსაგებად გაკეთებული ფასადები
2010/06/21 12:42:47

გასულ თვეში ქუთაისს, პრეზიდენტის რამდენიმე სტუმრობის შედეგად, ბევრი ახალი შენობა შეემატა. მაისის თვეში გაიხსნა განახლებული რკინიგზის სადგური, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი, ცენტრალური სტადიონი, ჩოგბურთის კორტები და საცურაო აუზი. ასეთი ტემპით ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება ერთი შეხედვით სახარბიელოც კი არის. მაგრამ... მხოლოდ ერთი შეხედვით.

 

საქართველოში დამკვიდრებული ტენდენციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაქსიმუმ ორ წელიწადში ყველა ეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა შესაკეთებელი და, როგორც იტყვიან, „ხელშესავლები“ იქნება. ამას გამოცდილება გვიჩვენებს. მაგალითად, დაახლოებით ორი წლის წინათ რეაბილიტირებული ქალაქის ცენტრალური და „ევროპული“ ნაწილი, ჩვენდა სამწუხაროდ, ისევ სარეაბილიტაციოა. ისტორიული თეთრი ხიდი ალპურ ზონას დაემსგავსა და ისე ვერ გადაივლი, რამდენიმე ბორცვისა და შემაღლებული ადგილის გადალახვა რომ არ მოგიხდეს. ამ უბანში დაგებული ქვაფენილიც თავიდან დასაგებია და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღის ჩასასვლელში, დაიწყეს კიდეც რეაბილიტაციის პროცესი, თუმცა ახლა იქ მხოლოდ ნაგვის დიდი გორა დგას.

ალბათ, ასეთივე ბედი ეწევა ახალ შენობებსაც, რომლებშიც არც გახსნის დღეს ყოფილა ყველაფერი რიგზე.

კონტროლის პალატის შესასვლელში მთელ სიგრძეზე დაგებული ყავისფერი ხალიჩაც, რომელიც თავსხმა წვიმაში სრულიად უფუნქციოდ გამოიყურებოდა, სინამდვილეში, გარეთ მტერს უვსებდა თვალებს და შიგნით - მოყვარეს. როცა ხალიჩაზე ფეხი დავდგი (პრეზიდენტის ვიზიტისას ჟურნალისტებიც იქ ვიყავით), ჩემდა გასაოცრად ფიცარმა შეითამაშა. მაშინ მივხვდი უფუნქციო ხალიჩის საჭიროებას. არადა, ამ ადგილზე პრეზიდენტმაც ისე გადმოიარა, როგორც ჩვენ. რასაც ხალიჩა მალავდა, ის ხარვეზები პრეზიდენტის წასვლის შემდეგ, გამოდარებისთანავე გამოასწორეს და ესეც მისასალმებელია.

ყველაზე კურიოზული კი განახლებული რკინიგზის სადგურია, რომელიც სამჯერ და სხვადასხვა დროს გაიხსნა: პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ. თუმცა, რეალურად შენობა ფუნქციონირებას არ იწყებდა, ვინაიდან მასში არც ელექტროენერგიისა და არც წყლის გაყვანილობა არსებობდა. მხოლოდ ორი კვირის წინ შეუშვეს ხალხი თურქი „სპეციალისტების“ მიერ ნაგებ შენობაში.

იმის გასარკვევად, თუ რატომ გამოდის წყობიდან ახლადგახსნილი ნაგებობები, არქიტექტორ მანანა ჩირაძეს მივმართეთ. მან აგვიხსნა:

„თუ შენობის რეაბილიტაციისათვის საჭიროა, მაგალითად, ერთი მილიონი, არ შეიძლება, ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ეს თანხა გამარჯვების მიზნით შეამცირონ. რა თქმა უნდა, ეს დანაზოგი სამშენებლო მასალის ხარისხის ან მუშების სახელფასო თანხის ხარჯზე კეთდება, ამიტომ საბოლოო შედეგი შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორსაც დამკვეთი ან არქიტექტორი ითხოვს.“

ქალაქის ქუჩებში კი უბრალო მოქალაქეებისაგან ხშირად გაიგონებთ შემდეგ ფრაზას: „თუ აკეთებენ, წესიერად მაინც გააკეთონ, რა საჭიროა ორმაგი ხარჯის გაწევა?“

წესიერად რომ გააკეთო, თავადაც წესიერი უნდა იყო და შენს ქალაქზე გული შეგტკიოდეს. რას ვიზამთ, ჩემო თანაქალაქელებო, ცხოვრებაც ხომ ფასადური გახდა ამ რეალობაში?!

 

ნინო ბაქრაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია