დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„კორპუსი“ - დასრულებული თუ დაუსრულებელი პროგრამა?
2012/07/16 13:19:58

პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში ქუთაისის თვითმმართველობა სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორის არის ბინების გადახურვა, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობა.

 

გასულ კვირას ქალაქის საბინაო სამსახურმა მაღალსართულიანი ბინების მცხოვრებლებს გადასახურად არასაკმარისი თუნუქის მასალა დაურიგა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.  

ავტოქარხნის დასახლებაში, ავტომშენებლის ქუჩის 28 ნომერში, მერიის საბინაო სამსახურის მიერ მოტანილმა თუნუქის ფირფიტებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მოსახლეობის აზრით, ეს მასალა არასაკმარისია და, თან, მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ მისი გადახურვისათვის საჭირო თანხა გადაიხადონ.

„მოიტანეს რაღაც „ჟეშტი“ გადასახურად და დამთავრდა, ვინ უნდა გააკეთოს, არავინ იცის. ჯერ ერთი, არ არის საკმარისი, მეორე - ზოგი ღონიერია, ზოგი კულტურულია, ზოგი უხეშია და თავად დაინაწილეს ეს სახურავები. ჩვენ გვაინტერესებს - სადამდეა დაფინანსება, ვინ გამოთვალა არასაკმარისი რომ მოიტანეს; ღონიერმა უნდა წაიღოს თუ იმან, ვისაც არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა? ამბობენ, თქვენ-თქვენი წაიღეთო, მაგრამ სად წავიღო ახლა მე ჩემი? რომ წაიღოს ვინმემ ეს თუნუქი და, დავუშვათ, სოფელში გადახუროს? წლების განმავლობაში ზოგი აკეთებდა სახურავს, ზოგი ვერ აკეთებდა, ახლა კორპუსის იქითა გვერდმა რომ წაიღოს და გააკეთოს, სხვა დანარჩენი შიფერი დააზიანოს, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ერთი კვირაა, მოიტანეს. გვითხრეს, თქვენ თითონ გადახურეთო.“ - გვიამბობს ქალბატონი ეთერი.

მოსახლეობა ითხოვს, გააგებინონ, ვინ ახორციელებს ამ პროექტს, ვინ დაგეგმა, აღნიშნული მასალა იყო თუ არა საკმარისი ბინისთვის?

„ჩვენი ბინა არის გადახურული შიფერით. მათ მოიტანეს „ჟეშტის“ მასალა, იმდენი დაარიგეს, რომ არ ყოფნის მთლიანად, რომ გამოცვალო. სახურავის რაღაც, 40 თუ 50 პროცენტია, რა უნდა ვქნათ? ნახევარი შიფერი დავტოვოთ და ნახევარი რკინა? ეს ასე არ გამოდის. მეორე - არ აქვთ ამ სადარბაზოში ფული, ზოგი უმუშევარია და ზოგი - პენსიონერი, როგორ უნდა გადავხუროთ? ისინი გადახურავენ და ჩვენ - ვერა? ეგ როგორ იქნება? უკვე ჩხუბი დაიწყო მეზობლებში, მე გადახურული მაქვს რკინით და სხვა რაღაცას გადავხურავო. მე ვფიქრობ, ასეთი პროგრამა გათვალისწინებულია თავიდან ბოლომდე, როგორც ერთი ჯაჭვი, სადღაც ამ ჯაჭვში წყდება ეს რგოლი: დაარიგეს შიფერი, მაგრამ გადახურვისათვის საჭირო თანხა უკვე იკარგება... და მიდის სად? შეჭმულია? სწორედ აქ არის გაწყვეტილი ჯაჭვი.“ - გვიყვება ალექსანდრე გოგებაშვილი.

არასაკმარისმა თუნუქის მასალამ მეზობლებს შორის უკვე უკმაყოფილებაც გამოიწვია. როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ვერ ინაწილებენ ამ მასალას. ამავე დროს, ზემო სართულებზე მცხოვრებთ არ აქვთ საშუალება, რომ გადასახურად მუშები დაიქირავონ. დაბლა სართულის მეზობლები კი ამ თანხის წილში შესვლაზე უარს ამბობენ.

პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში დარიგებულ თუნუქის ფირფიტებისთვის  გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იმატებს, რაც ეს მოახლოებულ არჩევნებზე მიუთითებს, რომ „კორპუსი“ შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიის  ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი იყოს.

მოსახლეობის ინტერესის დასაკმა-ყოფილებლად და სიტუაციის გასარკვევად, ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსს კახაბერ ხვარეშიას მივმართეთ. მან გვითხრა:

„ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ასპროცენტიან წილს გადახურვასთან დაკავშირებით. იყო ასეთი ტენდენცია, ყოველ წელიწადს უნდა მიგვეცა სახურავი, რის გამოც არ ხდებოდა ამის აღწერა. ამჟამად, მოსახლეობისაგან შემოსული განცხადებების მიხედვით, ვიწყებთ საჭირო მასალების გაცემას. ვიღებთ წინა წლებში გაცემული მასალების ნუსხას და ვაჯამებთ. დავუშვათ, რომელიმე ბინას წინა წელს აღებული აქვს 240 კვადრატული მეტრი თუნუქის მასალა; წავიდა ამზომი და მთლიანად სჭირდება 500 კვადრატი, გამოაკლო ის 240, რაც მიცემული გვქონდა შარშან და ისე გადაეცათ 260 კვადრატული მეტრი სახურავი.

უამრავი ფაქტი შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობა ცდილობს, მიიღოს სარგებელი. მაგალითად, ბოლო სართულზე ცხოვრობს ათი კაცი. ამ ათიდან ერთი მოხუცებულია, რომელსაც არ შეუძლია ჩხუბი და ყვირილი, დანარჩენი სარგებლობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - აქვთ თუ არა გადახურული (ადამიანები მგლები ვართ, ჩვენ ასეთი ბუნება გვახასიათებს). მუშაობის დროსაც მეზობლებს ჩხუბი მოუვიდათ. მე რომ გადახურული მაქვს, რატომ არ უნდა მომცეო! ეს რომ არის გადახურული, მეორედ რაღატომ უნდა მივცე, 30 წელი აქვს ამ თუნუქს ვადა და ყოველ წელს ხომ არ გადავხურავთ? სახელმწიფო ფულს ხომ არ დავხარჯავ ისე, რომ მერე ვიღაც შემომედავოს, ჩემს ნებაზე ხომ არ იხარჯება სახელმწიფო ფული? რაც შეეხება თუნუქის და შიფერის ღარების დამთხვევას, შეიძლება, ერთმანეთზე არ დაემთხვას, მაგრამ ჩვენ იქ გადაცილების გათვლა გვაქვს 20 სანტიმეტრით, რომ ღრმა წყალი არ შეიტანოს შიგნით და დაეჭედება ჩვეულებრივად“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ფონდების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირი ნინო თვალთვაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს:

„მონიტორინგი, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩაატარა საია-მ, მოიცავდა სამ თვეს მარტის ჩათვლით, განვახორციელეთ შედარებითი მონიტორინგის მიხედვით, კერძოდ, 2010, 2011, 2012 წლის ბიუჯეტები. მონიტორინგი არ გახლდათ კონკრეტულად პროგრამის შედეგების კვლევა, უბრალოდ, ციფრები იქნა მოყვანილი და ტენდენციის სახით გამოიკვეთა ცალკეული პროგრამები, რომლებიც საარჩევნო წლებში, როგორც წესი, იზრდება. ასეთია პროგრამა „კორპუსის“ დაფინანსებაც: მარტის მონაცემებით, 2010 წელს მისი ბიუჯეტი იყო 2 334 300 ლარი, 2011 - 1 425 600 ლარი და 2012 წელს 2 809 100 ლარი. შარშანდელთან შედარებით, ბიუჯეტი გაორმაგებული იყო, თუმცა, შესაძლოა, მარტის შემდეგ კიდევ შეიცვალა“.

როგორც საბინაო სამსახურში ჩვენ განგვიმარტეს, პროგრამა „კორპუსის“ ბიუჯეტი ყოველი წლის ბოლოს დგება და მას საკრებულო ამტკიცებს. 2012 წლის ბიუჯეტი 2011 წლის ბოლოს, დეკემბერში იქნა დამტკიცებული, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 20 მარტის ?154 დადგენილების მესამე დანართში ვკითხულობთ, რომ პროგრამა „კორპუსის“ 2012 წლის ბიუჯეტის საერთო ჯამი 2 936 500 ლარს შეადგენს.

საკრებულოს დადგენილება, რომელიც ჩვენ საბინაო სამსახურში გადმოგვცეს და რომელსაც მიღების თარიღი არ აწერია, ვკითხულობთ:

„პროგრამა კორპუსის 2012 წლის ბიუჯეტის საერთო რაოდენობა 3 963 500 ლარით განისაზღვრა“.

არსებული მონაცემების მიხედვით, საია-ს მონიტირინგის მარტის თვის ანგარიშთან შედარებით, საბინაოს მიერ მოწოდებული მასალის მიხედვით, ბიუჯეტი უკვე ერთი მილიონი ლარით არის გაზრდილი.

მიუხედავად, დაახლოებით, 4 მილიონამდე თანხისა, მოსახლეობას არ უფინანსდება მასალასთან ერთად გადახურვისათვის საჭირო თანხები.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი კახაბერ ხვარეშია ამბობს:

„ბევრი მოქალაქე ეწევა სრულ მანიპულაციას. კანონის ყველა ვარიანტში არის გათვლილი: 10 000 ლარის ღირებულების მასალას რომ მიუტან ამხანაგობას, ფიზიკური შრომა მაინც უნდა ჩადონ თვითონ, დაზიანებული ახლით შეცვალოს. დიდი-დიდი, 5-10 კილოგრამი ლურსმანი და ერთი კუბამეტრი მასალა დასჭირდეს გადასახურად. ეს რომ ყოფილიყო თანადაფინანსების პროგრამით, მაშინ შევიდოდა მუშების დაფინანსებაც, მაგრამ ეს არის სრული შესყიდვით. ამ მასალის მთლიან ღირებულებას სახელმწიფო იხდის, პლუს ამას იხდის მიტანის და ჩამოტვირთვის ფულს, ესე იგი, სახლთან ეს მასალა მას ხელისგაუნძრევლად მისდის. ხარჯთაღრიცხვა, ტენდერის გამოცხადება, მისი შესყიდვა, მისი მიტანა და ჩამოტვირთვა ბინასთან - ეს ხუთი პროცედურა თავიდან ბოლომდე იქნა ჩვენს მიერ შესრულებული.“

მიუხედავად მოსახლეობის დიდი პროტესტისა და გაურკვევლობისა, მათ მაინც საკუთარი ხარჯებით მოუწევთ სახურავების გადახურვა. თუ არადა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, წლების განმავლობაში მოუწევთ დაწყობილი თუნუქის ფირფიტების ყურება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია