ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროგრამა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ყველა პროექტი დასრულებული იყო. ამჯერად ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ამ პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 382 110 ლარი მიიღო. ეს თანხა გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან 2009 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში ბაღდათისთვის განკუთვნილმა თანხამ მხოლოდ 196,412 ლარი შეადგინა. ბაღდათის 11 სათემო კავშირში ამ პროექტის ფარგლებში 52 პროექტი განხორციელდა. ხოლო გასულ წელს - 58 პროექტი დაფინანსდა. თუმცა წელს დაფინანსებული პროექტები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მოცულობით გაცილებით დიდია.
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დაახლოებით 40% სოფლის შიდა გზების შეკეთებით სამუშაოებს მოხმარდა, სადაც მხოლოდ მოხრეშვითი სამუშაოები შესრულდა. სოფლის გზების გარე განათებისთვის 90,402 ლარი გამოიყო, ხიდების და ხიდ-ბოგირებისთვის 39,555 ლარი, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის 28, 314 ლარი დაიხარჯა. ეს პრობლემა კი განსაკუთრებით მწვავედ იდგა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, სადაც სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი თითქმის არ მიეწოდებოდა. სპორტული მოედნები 11,035 ლარით დაფინანსდა, ხოლო სხვა სამუშაოებისთვის 53, 192 ლარი გამოიყო. კონკრეტულად რა დაფინანსდა „სხვა სამუშაოების“ კრიტერიუმით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ტაბუშაძე ასე განმარტავს: „ამ კატეგორიით ის სამუშაოები შესრულდა, რომელსაც არ მიესადაგა ის ჩამონათვალი სამუშაოებისა, რაც პირდაპირ ფინანსდებოდა ამ პროგრამით. თუმცა იყო შემთხვევა, როცა სოფელი ისეთი პროექტის შესრულებას ითხოვდა, რომელიც პრიორიტეტების 27 ჩამონათვალში არ შედიოდა. ამიტომ ჩვენ ასეთი პროექტები „სხვა სამუშაოების“ კრიტერიუმში განსაზღვრული ფულით დავაფინანსეთ.“
ფერსათის ტერიტორიულ ორგანოში ორი სოფელი შედის, სადაც ხუთი სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. სოფელ შუბანში სამი პროექტი დაფინანსდა: შეკეთდა მოსაცდელი, გაიწმინდა ბოგირები და შეკეთდა გზები. სოფელი შუმათი ის ერთადერთი სოფელი იყო, სადაც მოსახლეობა სამგზავრო ავტობუსის მოსაცდელი ადგილის შეკეთებას ითხოვდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სხვა სოფლებს ეს პრობლემა არ აწუხებდათ. მოსაცდელის შეკეთებისთვის 1 000 ლარი დაიხარჯა. სოფლის ბოგირების გაწმენდას 2 000 ლარი დასჭირდა. ხოლო გზის მოხრეშვისთვის 4 918 ლარი გამოიყო. სოფელ ფერსათში კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდა, რომლისთვისაც 4 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო გაზიფიკაციისთვის 36 697 ლარი გამოიყო. ფერსათის მოსახლეობა გაზის პრობლემის მოგვარებას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. „უკვე ორი კვირაა, რაც ბუნებრივი გაზი სახლში შევიყვანე და ამოვისუნთქე. ეს მართლაც კარგი საქმე გაკეთდა, ქალისთვის ბედნიერებაა, გაზი რომ სამზარეულოში გაქვს შეყვანილი და გამოლევის შიში არ გაქვს... მაგაზე უკეთესი არაფერია. მოგეხსენებათ მთელი ზამთრის შესანახები ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა აკეთო, ან ბუხარში არ გარეთ ეზოში დანთებულ ცეცხლზე. ახლა გაზის „სოჩიკებიც“ დაგვიდგეს და, არ მგონია, ზომაზე მეტი გადასახადი მოვიდეს...“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნანული მ-ძემ.
ანზორ გ-შვილი ამბობს, რომ: „სოფლის კრება რომ იყო, მგონი თებერვალში, მაშინ მთელი სოფელი შეიკრიბა. საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა: სახელმწიფო ფულს გვაძლევს და რა გვინდა, სოფელში რომ გაკეთდესო? ბაღდათის რამდენიმე სოფელში გაზი უკვე შეყვანილი იყო და ნაცნობებს რომ ვხვდებოდი ამ სოფლებიდან, ყველა მეუბნებოდა, ზამთარში და ზაფხულშიც სულს მოითქვამთ, გაზი სახლში შეყვანილი რომ გექნებათო. იქ, სადაც გაზია, მოსახლეობას გათბობაც კი გაზზე აქვს დამონტაჟებული. არ მეგონა, თუ ეს კაი საქმე გაკეთდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ გაკეთდა.“
წითელხევის მოსახლეობამ კი ახლადდაგებულ ასფალტისსაფარიანი გზის განათება მოინდომა და სოფლის პროგრამის ფარგლებში ამ სოფლისთვის განკუთვნილი 37 949 ლარი გარე განათების მოწყობისკენ მიმართა.
სოფელ დიმში გაზის ქსელის რეაბილიტაციას 26 000 ლარი დასჭირდა, თუმცა ამ სოფელში 15 000 ლარი საუბნო გზის მოხრეშვას და ბოგირის აღდგენას მოხმარდა. ამავე სოფელში ეგრეთ წოდებული საგოჭიას სარწყავი სისტემაც აღდგა, რომლისთვის 7 341 ლარი გამოიყო. დიმის თემში კიდევ ერთი სოფელი საიმედო შედის, სადაც 6 840 ლარი სარწყავი სისტემის აღდგენას მოხმარდა. ეს პრიორიტეტი თავად მოსახლეობამ განსაზღვრა, რადგან ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობა სარწყავი არხების მოუწესრიგებლობის გამო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების მორწყვას ვერ ახერხებდა.
სპორტული მოედნის მოწყობა მიიჩნია სოფლის პრიორიტეტად სოფელ ხანის მოსახლეობამ. „ეს ბაბუა, ახალგაზრდებს უნდოდათ და გააკეთეს კიდეც. ისე, მართალი გადაწყვეტილება მიიღეს, სოფლის ბირჟაზე დგომას და სიგარეტის წევას ბურთის თამაში ნამდვილად ჯობია,“ - გვითხრა გრიშა მ-შვილმა. სპორტული მოედნის მოწყობა კი 4 000 ლარი დაჯდა.
სოფელ ხანში სასმელი წყალიც გაიყვანეს, რომლისთვის 1 600 ლარი დაიხარჯა, ხოლო საუბნო გზების შეკეთებისთვის 2235 ლარი გამოიყო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ტაბუშაძე ამბობს: „არც ერთ სოფელში და თემში ამ პროექტის განხორციელების დროს აზრი ორად არ გაყოფილა. სოფლის რწმუნებულებთან მუშაობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ეს პროექტი დაამტკიცა სახელმწიფომ და თანხაც გამოგვიყო. სანამ სამუშაოებზე უშუალოდ გადავიდოთით მოსახლეობის ინფორმირებულობას ერთი თვე დასჭირდა.
ჩვენ ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ თემის თავმჯდომარეებსაც მივაწოდეთ, მათ კი ინფორმაცია მოსახლეობას გაუზიარეს. სწორედ საკრებულოს თავმჯდომარეებს მოვატანინეთ სოფლის კრების ოქმები, სადაც ყველა იმ ადამიანის აზრია დაფიქსირებული, რომელმაც კრებაზე აზრი გამოთქვა. ამ ოქმებზე კი მოსახლეობის ხელწერაა. მთიანმა სოფლებმა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოითხოვეს. ჩვენ მათ ყველა საჭირო მასალა მივაწოდეთ, რაც კი სჭირდებოდათ და თავიანთი ძალებით მოახდინეს სისტემის რეაბილიტაცია. თუმცა ზოგიერთმა სოფელმა სასაფლაოს შემოღობვა მოითხოვა, რაც დაუფინანსეს კიდეც. ყველა პროექტი არჩევნებამდე დავასრულეთ, თუმცა ზეგნისხიდში ვერ მოვახერხეთ ხიდის გაკეთება, რადგან მდინარე იყო ადიდებული. როგორც კი წყლის დონემ დაიწია, სამუშაოს შესრულებაც დაიწყო.“
გასული წლის სოფლის პროგრამის შედეგს ადგილობრივ თვითმმართველობაში ნორმალურად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ყველა პროექტის დასრულება თითქმის წლის ბოლოსთვის გახდა შესაძლებელი. წელს კი გაცილებით მარტივად მოხდა სოფლის პრიორიტეტების შერჩევა. გასულ წელს სამუშაოს შემსრულებელი კერძო კომპანიები იყო, ხოლო წელს ძირითადად სოფლის მოსახლეობამ იტვირთა სამუშაოს შესრულება, თუმცა ბაღდათის რამდენიმე სოფელში ადგილობრივმა კერძო მეწარმეებმა 5 პროექტი განახორციელეს. ამ შემთხვევაშიც კი ადგილობრივი მოსახლეობა იქნა დასაქმებული, რამაც ბაღდათის სოფლის მცხოვრებლებს უმუშევრობის პრობლება მხოლოდ რამდენიმე თვით მოუხსნა.
ბაღდათის მოსახლეობა მომავალს იმ იმედით უყურებს, რომ სახელმწიფო ანალოგიურ პროექტს მომავალ წელსაც დააფინანსებს, თუმცა ამჯერად სოფელში სხვა პრიორიტეტს შეარჩევენ.