2010 წელს სოფლის დახმარების პროგრამა ტყიბულშიც, ისე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მაისის ბოლომდე - წინასაარჩევნოდ დაიგეგმა და თითქმის სრულად განხორციელდა კიდეც. ტყიბულის ხელისუფლებამაც არაოფიციალურად, ფაქტობრივად, ეს პროგრამა წინასაარჩევნოდ როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე გამოიყენა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის დოკუმენტაციის მიხედვით, ამ სამუშაოების დაწყების თარიღად 5 მაისია მითითებული, დასასრულად - 30 მაისი. ამ ნუსხაში შენიშვნების გრაფაცაა, სადაც შავით თეთრზე ის პროცენტული მაჩვენებლები წერია, რა პროცენტითაც სამუშაოებია შესრულებული. წინასაარჩევნოდ რისი შესრულებაც 100%-ით შეიძლებოდა, შესრულებულია. არსებობს ისეთი სოფლებიც, სადაც პროგრამის განხორციელება ახლახან დაიწყეს. ზოგან კი შეყოვნებულია. მაგალითად, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მოსახლეობამ მთავარ პრობლემად შიდა სასოფლო გზის შეკეთება დაასახელა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად 27941 ლარია გამოყოფილი, თუმცა, კარიერზე მიუვალი გზის გამო პროექტი დღემდე შეყოვნებულია.
საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა ფეხდაფეხ მოიარეს ყველა სოფელი და ლამის სათითოდ აუხსნეს ტყიბულის ყველა მკვიდრს, თუ რას ნიშნავს სოფლის დახმარების პროგრამა და როგორ უნდა გამოეყენებინათ 2010 წელს ამ პროგრამის ფარგლებში ტყიბულისთვის გამოყოფილი 360 ათასი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით წელს ორჯერ მეტია.
2009 წელს ტყიბულში ამ პროგრამის ფარგლებში 185 000 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულელებს წინა წლიდან რაღაც გამოცდილება ჰქონდათ, პრიორიტეტების შერჩევაზე წელსაც დიდი აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ.
ტყიბულის რაიონის სოფელი საწირე 2010 წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით რამდენიმე პრობლემას შეეჭიდა. თუმცა, მანამადე ბევრი იკამათეს და იმსჯელეს, პირად საუბრებში საწირელები ყვებიან, რომ თავიდან სურდათ გზის პრობლემა მოეგვარებით, რომელიც სანატორიუმამდე მიდის. თუმცა, სოფლის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ გზის იმ მონაკვეთს ვერაფერში გამოიყენებდნენ (?), რადგან ჯერ მათი სახლები იყო, მერე ის გზა, რომელიც უნდა შეკეთებულიყო. ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, საბოლოოდ გადაწყვიტეს - მათთვის მნიშვნელოვანი - სასაფლაოს შემოღობვა, ბაღისა დ ა კლუბის კიბის უჯრედების მოწყობა და ეკლესიის აშენება. გზის შეუკეთებლობის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ გზის შეკეთება უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ამ პროგრამის ფარგლებში სოფელს ჰქონდა გამოყოფილი. თან გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე სოფელს დაჰპირდნენ, რომ მათი სოფლის გზას 2011 წლის ბიუჯეტში ჩასვამენ. არადა, წელს გამოყოფილი თანხა არც ეკლესიის აშენებას ჰყოფნის.
„სოფელს არ ჰქონდა ეკლესია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ჩვენთვის გამოყოფილი თანხით ეკლესია აგვეშენებია, რადგან ქართველი კაცისთვის ხატი და სალოცავი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ჩვენთან საუბარში სოფელ საწირეს მკვიდრი დავით ცირეკიძე.
ეკლესიის მშენებლობა უკვე დაწყებულია. სხვათა შორის, სალოცავის საძირკველი ერთ-ერთმა ქველმოქმედმა ადამიანმა საკუთარი სახსრებით ჩაასხა, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მხოლოდ კედლების ამოყვანას ეყოფა. დანარჩენი ისევ შემოწირულობით უნდა გაკეთდეს. მუშა ხელზე სოფელს თანხა არ ეხარჯება, სალოცავის ასაშენებლად მორიგეობით მუშაობენ. მხოლოდ ოსტატი ჰყავთ დაქირავებული. სამაგიეროდ, უკვე გაკეთებულ საქმეთა ნუსხაში საწირეს შემოღობილი სასაფლაო და ბაღისა და კულტურის სახლის შენობაზე ახალი კიბეები ეწერება. საწირელებმა, ჯერჯერობით, არ იციან, მომავალ წელს რას აირჩევენ პრიორიტეტად.
„პრიოროტეტებს აგერ სოფლის დეპუტატი გეტყვით,“ - გვითხრა ერთ-ერთმა.
- პრიორიტეტებს სოფლის დეპუტატი გირჩევთ?
- დეპუტატი რატომ, ჩვენ თვითონ, თუმცა, დეპუტატი ხალხის არჩეულია და მან არ იცის, სოფელს რა სჭირდება?
ბესიკ კუბლაშვილი ტყიბულის საკრებულოში სოფელ საწირეს დეპუტატი იქნება, მისი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ პროგრამის განხორციელებას „დაემთხვა“. სოფელში დღეს თვლიან, რომ ეს ყველაფერი ბატონი ბესიკის დამსახურებაცაა.
ტყიბულში საწირე ერთადერთი სოფელი არ ყოფილა, რომელიც გზის შეკეთებას ითხოვდა.
ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქათამაძე ამბობს, რომ რაიონის რელიეფიდან გამომდინარე, სოფლებმა ძირითადი აქცენტი გზასა და წყლის პრობლემის მოგვარებაზე გააკეთეს.
დათო ქათამაძე, ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე: „მიუხედავად იმისა, რომ სოფლებს წინა წლის გამოცდილება ჰქონდათ, ჩვენ მაინც ჩავთვალეთ, ყველა სოფელში ჩასვლა აუცილებელი იყო და მათთან ამ პროგრამის აუცილებლობისა და მნიშვნელობაზე საუბარი. პრიორიტეტებს თვითონ არჩევდნენ სოფლის მცხოვრებლები, იმართებოდა კრებები, თუმცა, როცა პრობლემების ჩამოთვლას იწყებდნენ, ჩვენ იქ აღარ ვჩერდებოდით, გადაწყვეტილებებს აბსოლუტურად დამოუკიდებლად იღებდნენ. ჩვენ არაფერში ჩავრეულვართ. სამი-ოთხი დღის შემდეგ მოდიოდნენ სოფლის წარმომადგენლები და მოჰქონდათ ჩამონათვალი, რისი მოგვარება სჭირდებოდათ. ყველაფერი მათ გააკეთეს, პროექტიც, ხარჯთაღრიცხვაც და მონიტორინგსაც ისინი ახორციელებდნენ.“
„როცა სოფელი ახორციელებს პროექტს, ხარჯებიც უფრო ნაკლებია, ზოგს მანქანა ჰყავს, ზოგიც ისე, ფიზიკური მუშა ხელით ეხმარება. თუმცა, თუ გარკვეულ სამუშაოს ვერ ასრულებენ, მაშინ თვითონ უწევთ ფირმის შერჩევა, რომელიც ამა თუ იმ სამუშაოს შეუსრულებს. ამ შემთხვევაშიც სრულიად დამოუკიდებლები არიან, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათთვის ხელისუფლებას ერჩიოს რამე,“ - ამბობს ტყიბულის გამგებელი ლევან დოხნაძე.
ბატონი ლევანი აღიარებს, რომ სოფლის დახმარების პროგრამა წინასაარჩევნოდ ძალიან წაადგა ხელისუფლებას.
რადგან პროგრამის არსი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლამის ერთდროულად წარუდგინეს სოფლებს.
„სოფლის პროგრამით ბევრი პრობლემა გადაუწყდა სოფლის მოსახლეობას. შეკეთდა ბოგირები და ხიდები, რომლებიც წლების განმავლობაში პრობლემა იყო. შიდა სასოფლო გზები, სასმელი წყლის მაგისტრალი.“
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტყიბულში ძირითადი პრიორიტეტი გზები და წყლის მაგისტრალი იყო, ასევე სასაფლაოების შემოღობვაც. თუმცა, ზოგს სხვა პრობლემებიც აწუხებთ. მაგალითად, სოფელმა ლეღვამ გადაწყვიტა, რომ მათთვის გამოყოფილი 6091 ლარით წისქვილი შეეკეთებინა.
„ეს ძველი წისქვილია, კოლმეურნეობის ბაზაზე იყო და მოსახლეობამ შეიძინა, დღეს თავად უვლიან და მორიგეობენ კიდეც. თან წისქვილს სოფელი თავშეყრის ადგილადაც იყენებს.“ - გვითხრა ლევან დოხნაძემ.
შიდასასოფლო გზის მოგვარებასთან ერთად პრიორიტეტად წისქვილი სოფელ ნაბოსლევმაც აირჩია, ოღონდ ლეღველებისგან განსხვავებით ამ საქმისთვის 1 100 ლარი დახარჯეს, დანარჩენი 11 606 ლარი კი გზის შეკეთებას მოახმარეს.
როგორც იტყვიან ხოლმე საკუთარი თავისთვის სოფლებმა ოჯოლამ და ლაშიამ მოიცალეს, ოჯოლაში თავშეყრის ადგილის მოსაწყობად 3330 ლარი დახარჯეს, ერთი ამდენით და ცოტა მეტით კი შიგა სოფლის გზებს მიხედეს. სოფელ ლაშიაში თავშეყრის ადგილისთვის 3600 ლარამდე დახარჯეს, შიგა გზის მოსაწესრიგებლად კი 936 ლარი. ცუცხვათის თემში სოლიდური თანხა 18 668 ლარი სასმელი წყლის მაგისტრალის შეკეთებაში დახარჯეს, 1600 ლარით კი სარიტუალო შენობისთვის ფუნდამენტი მოაწყვეს.
კურსების თემმა გზების რეაბილიტაციისთვის 20000 ლარზე მეტი დახარჯეს, წყლის მაგისტრალისთვის - 11499 ლარი.
კისორეთმა, ბობოთმა და კორეეთმა კი საწესჩვეულებო ჯამ-ჭურჭელი შეიძინა.
დავით ქათამაძე, საკრებულოს თავმჯდომარე: „მათ გადაწყვეტილებაში არავინ ჩარეულა, მთავარია, მათი პროექტები კანონის ფარგლებში ჩამჯდარიყო.“
სოფლებში სამუშაოების 100% უკვე შესრულებულია. მათი ხარისხიანობის და ვარგისიანობის საკითხი კი კიდევ სხვა თემაა.