დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან მესხორაძე - თუ მხარეები გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, საბოლოო ზომებს სტრასბურგი განსაზღვრავს
ავტორი:
2014/ივლისი/03 16:30:03
თუ საქართველო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ზომებზე 1 წლის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან, სტრასბურგის სასამართლო იტოვებს შესაძლებლობას, ეს თვითონ გააკეთოს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მესხორაძემ განუცხადა.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალჯერადი დარღვევები რუსეთის ტერიტორიაზე 2006 წლის შემოდგომაზე ქართველების დევნის ფაქტების თაობაზე. რუსეთის ფედერაციას დაეკისრა საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ უკანონო ქმედებებისთვის, რაც განახორციელა. მთავარი ხაზგასმა რაც სასამართლომ გააკეთა ამ გადაწყვეტილებაში, იყო ის, რომ ეს დარღვევები არ იყო ინდივიდუალური ან იზოლირებული შემთხვევები, არამედ იყო კარგად დაგეგმილი და მაღალ დონეზე იმპლემენტირებული დევნის პოლიტიკის შედეგი ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ. რუსეთის იმ მტკიცებისგან განსხვავებით, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ვისმენდით, რომ ეს იყო საემიგრაციო პოლიტიკის შედეგი, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ეთნიკური ხაზგასმით ქართველების დევნა რუსეთის მიერ და მათი უფლებების მასობრივი დარღვევა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მხარეებს 12 თვე მოგცეცა იმისთვის, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და განვსაზღვროთ ის ზომები, რაც მოპასუხე სახელმწიფომ, ანუ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაატაროს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, კომპენსაციის ჩათვლით. თუ ამ ერთი წლის განმავლობაში ასე არ მოხდება და ვერ შევთანხმდებით, სტრასბურგის სასამართლო იტოვებს შესაძლებლობას, ეს თვითონ გააკეთოს", - განაცხადა ლევან მესხორაძემ.
მისივე თქმით, მთავარი ინტერესი, რატომაც საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წავიდა, ის იყო, რომ სახელმწიფო ყოველთვის იდგა და იდგება ჩვენი მოქალაქეების დაცვის სადარაჯოზე, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მიზანი უნდა იყოს 2006 წელს დაზარალებული მოქალაქეების უფლებების აღდგენა, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. ამასთან, მესხორაძე განმარტავს, რომ საქმეში მხოლოდ 130-მდე საილუსტრაციო შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა განაჩენი ყველა დაზარალებულის მიმართ მოქმედებს.
"აქედან გამომდინარე, ზომები შეიძლება იყოს ისეთი და იმ კატეგორიის, იმ მოცულობის, რაც არის აუცილებელი ამ უფლებების აღდგენისთვის. ჩვენი მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყო ჯერ კიდევ სარჩელის განხილვის დროს სასამართლოს წინაშე და ეს იყო პასუხისმგებლობა, თავისი სახელის დარქმევა იმისთვის, რაც მოხდა და არა ის, რასაც ახმაურებდა რუსეთის ფედერაცია. ეს სახელი დაერქვა. ახლა კი მეორე მოთხოვნაზე გადავდივართ. ეს არის უფლებების აღდგენა და კომპენსაციის გადახდა. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით. როცა გადაწყვეტილებას დეტალებში წავიკითხავთ, შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება, რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაატაროს რუსეთის ფედერაციამ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ვიღაცა იყო წამების მსხვერპლი დაკავების იზოლატორში, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი, გარდაიცვალა. რაღაცეებს ვერ გამოასწორებ და პირვანდელი სახით ვერ აღადგენ. ამის ანაზღაურების საუკეთესო ფორმა კომპენსაციაა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საჩივარი ეფუძნებოდა 130 ადამიანის ილუსტირებულ შემთხვევას, ეს იყო მხოლოდ საილუსტრაციო და სხვა არაფერი. ჩვენ ვიცავთ ყველას უფლებას, ვინც გახდა მსხვერპლი ამ დევნისა. შესაბამისად, ყველას მიმართ მოქმედებს ეს განაჩენი - მინდა ამას ხაზი გავუსვა და ყველამ უნდა ისარგებლოს და აღუდგინოს რუსეთის ფედერაციამ დარღვეული უფლებები, მათ შორის კომპენსაციის გზით", - აღნიშნა ლევან მესხორაძემ.
რაც შეეხება დაზარალებულთა საერთო რაოდენობას, ლევან მესხორაძის თქმით, სასამართლოზე ამის დადგენა ვერ მოხერხდა.
"ჩვენი საქმე ემყარებოდა 130-მდე იზოლირებულ შემთხვევას, თუმცა რამდენი ადამიანი დაზარალდა 2006 წლის შემოდგომაზე, ეს ვერ დადგინდა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ არ წარმოადგინა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე შესაბამისი სტატისტიკა. სხვათა შორის, ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია, სასამართლომ დაუდგინა რუსეთის ფედერაციას თანამშრომლობაზე უარის თქმა. ჩვენ რაც ხელთ გაგვაჩნდა, წარმოვადგინეთ. თუ Human Rights Watch-ს დავეყრდნობით, 2 500-ზე მეტი ადამიანი იქნა დეპორტირებული. ჩვენი კონსულის მიერ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებით, 10 000-მდე იყო ასეთი ადამიანი. ჩვენი მხრიდან ზუსტი ციფრის დადგენა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მათი დიდი ნაწილი შემოვიდა მესამე ქვეყნის გავლით, შესაბამისად, ისინი არ დაფიქსირდნენ როგორც გამოძევებულები რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რუსეთს აქვს და ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ არ წარმოადგინა. თუმცა ჩვენ ეს ხელს არ გვიშლის, რომ ყველა ადამიანის იდენტიფიკაცია მოვახდინოთ და უზრუნველვყოთ მათი უფლებები აღდგენა", - განაცადა ლევან მესხორაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია