დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - თუ საჯარო მოხელის ხელფასები არ იქნება ადეკვატური, მას კომპეტენტური კადრები დატოვებენ
ავტორი:
2014/მაისი/16 23:00:02
თუ საჯარო მოხელის ხელფასები არ იქნება ადეკვატური, საჯარო სამსახური ძალიან მალე გახდება აბსოლუტურად უინტერესო და მას კომპეტენტური კადრები დატოვებენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც სამინისტროებში გაცემულ მაღალ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს გამოეხმაურა.
მისივე აზრით, საჯარო სამსახურებს კერძო სექტორის კონკურენცია უჭირს. "მე ვეთანხმები პრინციპს, რომლის თანახმადაც, ადამიანი როცა შრომობს, მას უნდა ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება. დღეს ჩვენს ქვეყანაში უმეტეს შემთხვევებში ეს ასე არ არის. საჯარო სამსახურში თუ ხელფასები არ იქნება ადეკვატური, თუ საჯარო მოხელეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები არ მიიღებენ პრემიებს, საჯარო სამსახური ძალიან მალე გახდება აბსოლუტურად უინტერესო და მას დატოვებენ კომპეტენტური კადრები. მე ხელზე მაქვს 5 ათასი ლარი, მაშინ, როცა წლების განმავლობაში, სტრასბურგის სასამართლოში თვეში მქონდა 17-18 ათასი ლარი, მაგრამ ვთვლი, ეს ის ხელფასია, რომელიც ღირს რომ ვემსახურო სამშობლოს. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ჩემთან მუშაობენ, არიან კვალიფიციურები. როგორც კი მათ არ ექნებათ ადეკვატური ანაზღაურება, გადავლენ კერძო სექტორში. დღეს საჯარო სამსახურში ჩვენ ვცდილობთ და ძლივს ვახერხებთ კონკურენცია გავუწიოთ კერძო სექტორს, ამიტომ ის, ვინც იმსახურებს, დიახ, უნდა ჰქონდეს პრემია. თქვენ თუ გგონიათ რომ ჩემი წინამორბედი თვეში 5 ათას ლარზე მუშაობდა, ძალიან ცდებით. ადრე იყო ელიტური კორუფცია. ნურავის ეგონება, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ნაკლები თანხები იხარჯებოდა", - განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ პრემიებს, მინისტრის შეფასებით, ეს არის ცუდი ფაქტი და დასანანია, რომ პირმა, ვინც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მინისტრს არ შეატყობინა. "მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ამ ფაქტის გამო მინისტრი უნდა გადადგეს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოდის ქართული ციხეები. ეს გახლდათ ის ადგილი, სადაც ჩურჩული იყო წესი და ჩურჩულს რომ თავი დავანებოთ, ხალხს აუპატიურებდნენ. სოზარ სუბარს ჩაბარდა ყველაზე მძიმე სისტემა და მან ამ სისტემას მიხედა. მინდა ხაზი გავუსვა მისი გუნდის წევრებსაც - მხოლოდ მისი ერთი მოადგილე, არჩილ თალაკვაძე რომ ავიღოთ, "ნაციონალური მოძრაობის" მთელ მთავრობას ჯიბეში ჩაისვამს – ესაა ის ხალხი, რომელმაც ციხეში ისეთი სამედიცინო სისტემა და მათ შორის "ც" ჰეპატიტის მკურნალობა შეიტანა, რომ მიხუმრია კიდეც სოზართან, თუ ეს დაავადება გამიჩნდა, მოგთხოვ, ციხეში ჩამსვათქო", - აღნიშნა წულუკიანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია