დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლაშა ტუღუში - თუ პრეტენზია აქვთ, რომ პოლიტიკოსები არიან, უფრო დაღვინებულად უნდა მოიქცნენ
ავტორი:
2014/მაისი/02 15:00:02
თუ პრეტენზია აქვთ რომ პოლიტიკოსები არიან, უფრო სერიოზულად უნდა მოიქცნენ, – ასე გამოეხმაურა გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის თემაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებებს.
ტუღუში პრემიერის განცხადებას შეცდომას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნაური იყო ასეთი მკვეთრი განცხადების მოსმენა, მაშინ, როდესაც პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მოსმენის დაწყება უკვე გადაწყვეტილი იყო.
"როგორ შეიძლება შექმნა აზრი, რომ ადამიანები რომლებიც კანონებს წერენ და გაკრიტიკებენ ამავდროულად, ქვეყნის დანგრევას ცდილობენ. ჩემი აზრით, ეს იყო სერიოზული შეცდომა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილები. ამ განცხადებას ძალიან ცუდად ვაფასებ, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ნორმალური საქმიანობა. დანარჩენი უკვე პრემიერის გადასაწყვეტია. სამწუხაროდ, კალაძემაც იგივე გაიმეორა. მან ისიც თქვა, თურმე მათი ინიცირებულია კანონები. ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია საავტორო უფლებაზე, მაგრამ უცნაურია როგორ არის მათი ინიცირებული, მე ვარ ერთ-ერთი ავტორი. ეტყობა დაგვესიზმრა ღამეებს რომ ვათენებდით და ეს თურმე კალაძეს დაუწერია. ძალიან არასერიოზულია ასეთი მიდგომები, ეჭვიანობა - მე დავწერე, შენ - დაწერე, იმან გააფუჭა, რაღაცნაირად ხომ უნდა გავიზარდოთ? ხომ არ შეიძლება მუდმივად ვიყოთ საბავშვო ბაღის ბავშვების დონეზე. თუ აქვთ პრეტენზია, რომ პოლიტიკოსები არიან, უფრო სერიოზულად უნდა მოიქცნენ, უფრო დაღვინებულად. მესმის, რომ ახალგაზრდაა, გავიგე რომ გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ეს ხომ ალიბი არ არის, ხომ არ ნიშნავს რომ რაც მოგადგება ენაზე ყველაფერი ილაპარაკო, რაღაცას ხომ უნდა გაუწიო ანგარიში და დაფიქრდე რა შედეგი მოყვება ასეთ განცხადებებს", -განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, კანონპროექტთან არანაირი კავშირი არ აქვს არც ერთ პარტიას, მათ შორის არც "ნაციონალურ მოძრაობას".
"ჩვენი ამოცანა იყო სწორედ იმ პრაქტიკის დანგრევა, რაც დაამკვიდრა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ჩვენ ასევე შევიტანეთ დებულება, რომ პარლამენტში შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლიდა თუ რა მოვლენა იყო ეს, რატომ უსმენდნენ ყველას და პოლიტიკური შეფასება გაკეთებულიყო. ეს გადადეს გვერდით. კანონპროექტზე კი დაიწყეს მუშაობა, ცხელი დისკუსიები რომ გაიმართა ყოფილი პრემიერის დროს, შეიქმნა კომისია, მინდა ხაზი გავუსვა რომ ძალიან კონსტრუქციული და სწორი პოზიცია ჰქონდა ივანიშვილს. მისი დამსახურებაა, რომ განადგურდა ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალები", - განაცხადა ტუღუშმა.
პრემიერმა გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს. მოგვიანებით, აღნიშნულ თემაზე განცხადება კახა კალაძემაც გაავრცელა და განაცხადა, რომ "უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით - ვითომ მოსმენები მასიურია და უკანონო".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია