დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ომბუდსმენმა დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2013 წლის ანგარიში წარადგინა
ავტორი:
2014/აპრილი/30 13:30:02
საქართველოს სახალხო დამცველმა დევნილთა და კონფლიქტში დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2013 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის პრეზენტაცია დღეს "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, ანგარიში წარმოადგენს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს. მისი თქმით, ანგარიში ასახავს 2013 წლის განმავლობაში დევნილთა უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებულ სიახლეებს და იმ პრობლემებს, რომელიც გამოიკვეთა მონიტორინგის შედეგად.
"ანგარიშში საუბარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ საქართველოს კანონზე, რომელიც 2013 წელს შემუშავდა და 2014 წელს შევიდა ძალაში. ახალი კანონის მიღება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია დევნილთა უფლებების დაცვის სფეროში. მიღებული კანონი ბევრად უფრო ახლოს არის საერთაშორისო სტანდარტებთან ვიდრე მისი წინამორბედი. თუმცა კვლავ რჩება გარკვეული ხარვეზები და 2014 წელი გვაჩვენებს რამდენად ეფექტური იქნება ახალი კანონის იმპლემენტაცია არსებულ რეალობაში", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, ანგარიშში ასევე მიმოხილულია დევნილების ხელახალი რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 2013 წელს ჩატარდა.
"რეგისტრაციის მონაცემები გამოყენებული უნდა იყოს დევნილი ოჯახებისა და ინდივიდუალურ პირთა წრის განსასაზღვრად, რათა მოხდეს მათი სპეციფიკური საჭიროებების განხილვა და მათთვის შესაძლო გრძელვადიანი გადაწყვეტილებისთვის იდენტიფიცირება. რეგისტრაციაზე განხორციელდა მონიტორინგი, რაშიც ჩართულები იყვნენ სახალხო დამცველთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. რეგისტრაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა პრობლემები, მათ შორის ტექნიკური ხასიათის, ასევე არასრულწოვანთა მიერ პირადობის მოწმობის არქონა, რამაც შეუძლებელი გახადა მათი რეგისტრაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგისტრაციის ადგილზე უცნობი პირების ყოფნა, რომლებიც კითხავდნენ დევნილებს რეგისტრაციის გავლაზე მუდმივი საცხოვრებლის, მეზობლების და სხვა დეტალების შესახებ. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დაკითხვის შემდეგ მისულმა პირებმა უარი განაცხადეს დევნილის სტატუსზე, რადგან არ იყვნენ დევნილები. მთლიანობაში პროცესი დადებითად უნდა შეფასდეს", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე სახელმწიფოს პრიორიტეტი კვლავ გრძევლადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა რჩება.
"2013 წელს ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი. აღნიშნულ ბრძანებაში დეტალურადაა გაწერილი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის წინასწარი პროცედურები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საცხოვრებელი ფართების განაწილების დროს", - განაცხადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის ანგარიშში განხილულია კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც სახალხო დამცველის ინფორმაციით, გამოიკვეთა რიგი პრობლემები.
სახალხო დამცველი ანგარიშში სხვა პრობლემებზეც საუბრობს, მათ შორის განსახლების პროცესზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე და ა.შ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია