დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მანანა კობახიძე – რა საჭიროა დისკრიმინაციის ამკრძალავი ნიშნების დაკონკრეტება
ავტორი:
2014/აპრილი/28 09:30:02
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში კონკრეტული ნიშნების მითითება, რომლის მიხედვით, ადამიანის დისკრიმინაცია იკრძალება, საჭირო არ არის.
საუბარია პროექტის პირველივე მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობა: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მისი აზრით, აღნიშნული მუხლის კორექტირება მიზანშეწონილია.
"ჩემი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ხვალ-ზეგ ნებისმიერი ნიშანი გაჩნდეს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ადამიანი დისკრიმინაციას დაუქვემდებარონ. რა საჭიროა კონკრეტიკა, როდესაც არსებობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ნიშნის მიხედვით აკრძალვა?! ასეთი დეტალიზება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ყველა უფლება ყველა მიმართულებით დაცული იქნება. მთავარია, კანონი იყოს დაცული რეალურად, ფაქტობრივად და მოქმედებაში. ცალკეული ნიშნების მითითება არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფდეს. ამიტომ ვსვამ კითხვას, რა საჭიროა კონკრეტიკა, როდესაც ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია ნებისმიერი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია. ავიღოთ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი, სადაც არის გარკვეული ნიშნები და წერია "და სხვა". "და სხვა" ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია არის დაუშვებელი. ხვალ შეიძლება ვიღაცის დისკრიმინაცია თმის ფერის ან სიმაღლის მიხედვით მოხდეს, ამიტომ ესეც უნდა ჩავწეროთ?! როდესაც ჩვენ მუხლში გვაქვს "და სხვა ნიშანი", ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც კი შეიძლება ხვალ-ზეგ წარმოიშვას, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ადამიანი დისკრიმინაციას დაექვემდებაროს, არის კანონის მოქმედების სფეროში. როდესაც ასეთი განუსაზღვრელია, მაშინ რატომღა ვაკონკრეტებთ ამ ნიშნებს და, შესაბამისად, რატომ ვზღუდავთ, როდესაც შეიძლება ის შეეხოს აბსოლუტურად ყველაფერს, ყველა ნიშანს – მათ შორის სექსუალურ ორიენტაციას. კონსტიტუციაში ეს ნიშანი ჩაწერილი არ არის, მაგრამ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ნორმა ამას ისედაც გულისხმობს და თუ გულისხმობს ყველა ნიშანს, მათ შორის სექსუალურ ორიენტაციას, რა საჭიროა დაკონკრეტება?!", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
დეპუტატმა პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვის დროსაც განაცხადა, რომ სჯობს, კანონში იყოს ზოგადი ფორმულირება, კონკრეტული ნიშნების დასახელების გარეშე. ამასთან, სასესიო განხილვის დროს გადაწყდა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით განხილვისთვის, მომავალ კვირას დაუბრუნდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია