დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძე - ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე იმყოფებოდა, როგორც საქართველოს მოქალაქე
ავტორი:
2014/აპრილი/25 21:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი მათ და პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეხვედრაზე იმყოფებოდა, როგორც საქართველოს მოქალაქე და მეგობარი და საარჩევნო კანდიდატების შერჩევაში არანაირად არ მონაწილეობდა. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს დღეს, "ქართული ოცნების" ლიდერების მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს.
"ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩვენი მეგობარი და ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და არა მარტო ჩვენ. არანაირი ჩარევა არ არის ეს ჩვენს საქმიანობაში. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას ერთიანობისთვის ბრძოლაში, მის შემართებას, თავისი წვლილი შეაქვს და რა თქმა უნდა, საინტერესოა მისი შეხედულებების გაზიარება ჩვენთვის არჩევნების წინ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ.
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ეს იყო ერთგვარი გამხნევების შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასა და მერობის კანდიდატების დასახელებამდე. "ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება წინასაარჩევნოდ შეგვექმნას. ვისაუბრეთ და დავიშალეთ. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, თბილი და მეგობრული, კანდიდატების შერჩევაში ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად არ მონაწილეობდა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობდეს ივანიშვილი. ასეთი კითხვა არც უნდა დასვათ, იმდენად შეურაცხმყოფელია", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ხოლო იმის შეხსენებაზე, რომ მაგალითად, თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია სწორედ ივანიშვილის მიერ არის შერჩეული, ხიდაშელმა განმარტა, რომ ნარმანია, არა ივანიშვილის შერჩეულია, არამედ მისი დასახელებულია და ამით დასრულდა ივანიშვილის მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში.
"ამაზე თავის დროზე განმარტებები გაკეთდა, ჩვენი ყველას საერთო აზრი ერთმანეთს დაემთხვა, ჩვენ ბევრნაირი კანდიდატურა გვქონდა, მათ შორის ბევრნაირი პროცედურა გვქონდა კანდიდატების შერჩევის, მათ შორის ისეთი სახუმაროც, ფურცელზე რომ დაწერდი და შემდეგ გახსნიდი, ვის რა ეწერა. ნარმანიასთან დაკავშირებით, როგორც მოხდა, ცნობილია და ამით დასრულდა ივანიშვილის ყოველგვარი მონაწილეობა, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია