დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ვოლსკი - კიევის "თავშეკავებამ", შესაძლოა, შიდა უკრაინული დაპირისპირება წარმოშვას
ავტორი:
2014/მარტი/17 09:30:02
ყირიმს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება, ხოლო კიევის "თავშეკავებამ", შესაძლოა, შიდა უკრაინული დაპირისპირება წარმოშვას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შეფასებისას განუცხადა.
"რა საკვირველია, რეფერენდუმი საერთაშორისო ნორმების დარღვევით ჩატარდა. თვითგამორკვევის ნორმები რომც დაეცვათ, ავტომატის ლულების ქვეშ ჩატარებული ნებისმიერი სახალხო აქცია კვერცხის ნაჭუჭად არ ღირს. საერთაშორისო თანამეგობრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა რუსეთი მოლაპარაკებების პროცესში შემოიყვანოს. რუსეთი საგნობრივ მოლაპარაკებებში ჩართვას არ ჩქარობს. არა მგონია, რუსეთი თვითმკვლელობაზე წავიდეს და აგრესიის არეალი გააფართოვოს, მაგრამ ყირიმში გამაგრებით იგი შეეცდება, რაც შეიძლება მეტი კოზირი მოიმარაგოს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლამდე. თავის მხრივ, დასავლეთს არაერთი ეკონომიკური ბერკეტი გააჩნია რუსეთზე ზემოქმედებისთვის, მათი ეფექტურობა დემოკრატიული სამყაროს პოზიციის ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული. რუსეთის აგრესიული სტრატეგია სამხედრო ბაზის შენარჩუნების ინტერესითაა განპირობებული. ვფიქრობ, ყირიმს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება, რომლის პრევენციას რუსეთის რესურსები არ ეყოფა. თუკი ამას მოსკოვზე ეკონომიკური ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები დაემატება, გრძელვადიან პერსპექტივაში იგი წააგებს, ამას კრემლთან დაახლოებული ექსპერტებიც ვერ უარყოფენ", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პარტნიორები უკრაინას თავშეკავებულ მოქმედებებს ურჩევენ. "ამ "თავშეკავებამ" შესაძლოა შიდა უკრაინული დაპირისპირება წარმოშვას. ყველა შემთხვევაში ვითარება ფეთქებასაშიში რჩება", - განაცხადა ვოლსკიმ.
ყირიმში 16 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე ორი კითხვა იყო გატანილი, რომელთაგან არც ერთი ითვალისწინებდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას. კერძოდ, პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობს და იგი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს? წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა 95%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.
ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებასა და მის შედეგებს არც უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება და არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, გარდა რუსეთის, სირიის, ვენესუალასა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკისა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია