დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში მიემგზავრება
ავტორი:
2014/მარტი/05 10:00:02
ქართული დელეგაცია, ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს, პირველი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ჰააგაში მიემგზავრება. დელეგაციაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კიკვაძე შედიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონმიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელ პირებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარება. საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან მიეწოდოს ჰოლანდიის ბიზნეს წრეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რათა შემდგომში ჰოლანდიური კომპანიების საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესება მოხდეს.
ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კერძო სექტორისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაციის მომზადება წარმოადგენს.
ვიცე-პრემიერი შეხვედრას გამართავს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრ ლილიან პლუმენთან. შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შემდეგი სფეროები: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, წარმოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარეს, რაიმონდ დე რუნს შეხვდება. შეხვედრას საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის კომიტეტში შემავალი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელი პარლამენტარები დაესწრებიან.
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში ასევე გაიმართება საქმიანი სადილი ჰოლანდიაში არსებულ ბიზნესის ხელშეწყობის ფონდებისა და სააგენტოების ხელმძღვანელებთან.
6 მარტს ქალაქ ჰააგაში ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ნიდერლანდების ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ორგანიზებით ბიზნესკონფერენცია ,,Doing Business in Georgia" გაიმართება. კონფერენციას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში შოთა ღვინერია და ჰოლანდიის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორი სიმონ სმიტი მიმართავენ.
სემინარზე მოხსენებით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კიკვაძე გამოვლენ. საქართველოს შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებას 100–მდე ჰოლანდიელი ბიზნესმენი დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მედიას შეხვდება. შედგება ინტერვიუ ჰოლანდიურ ყოველდღიურ გამოცემა დე Volkskrant-თან და ეროვნულ საინფორმაციო სააგენტო ANP-სთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია