დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გამოცხადებული მორატორიუმი კომერციულ ბანკებსა და "განსაკუთრებულ შემთხვევებზე" არ გავრცელდება
ავტორი:
2014/თებერვალი/20 18:30:03
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე გამოცხადებულ მორატორიულთან დაკავშირებით გამონაკლისები დაიშვება.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ პირთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შეჩერების გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება.
ამავე პროექტით, შესაბამის კანონს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვა, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, "განსაკუთრებულ შემთხვევებზე" არ გავრცელდება. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული პირი დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას მიმართავს, რომელიც დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.
"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შევიდა.
"კომერციული ბანკების საქმიანობა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენასთან. კანონით დადგენილი დროებითი მორატორიუმი კი, შეაფერხებს ამ პერიოდში მითითებული პროცესის წარმართვას და ამდენად, კომერციული ბანკების საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ამასთან, შესაძლოა წარმოიშვას ისეთი შემთხვევები, რომელთა არსებობისას, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება გადაწყვეტილების მიღება მორატორიუმის შესაბამის სუბიექტზე გაუვრცელებლობის თაობაზე", - განმარტავს მთავრობა, კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.
მისივე შეფასებით, კანონით დადგენილი მონატორიუმის განმავლობაში - 2014 წლის 31 დეკემბრამდე აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების დადგენა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და პოლიტიკური სიგნალი ინვესტირებისათვის.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით პარლამენტს მიღებული აქვს კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ეს მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა ამ მიმართულებით კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო და აღნიშნულ პერიოდამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლა და მისი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა შეაჩერა.
პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ერთგვარი აჟიოტაჟის საგანი გახდა და ის ბიძინა ივანიშვილმაც გააკრიტიკა, როცა მთავრობას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ პარლამენტმა უკვე მთარობის ინიციატივით კიდევ ერთი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 49-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცეთ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია